Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ჩხარტიშვილი: აცრებით და პირბადით დავამარცხოთ ორი მთავარი ვირუსი - ივანიშვილი და კორონავირუსი


ლაშა ჩხარტიშვილი, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი
ლაშა ჩხარტიშვილი, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთპარტიულობის დასასრულებლად, თუმცა იგი აპრიორი არ შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეფერენდუმად. „ჩვენ შეგვიძლია, უფრო დავარქვათ ხელისუფლების დელეგიტიმაცია“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“, რომელშიც მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორმაგ დანიშნულებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც „ქართული ოცნების“ დამარცხება 57%+1 მოცემულობით, ასევე ქმედითი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული თვითმმართველობების არჩევა. ამ მიმართულებით ოპოზიცია მან ორ ძირითად კატეგორიად დაყო და აღნიშნა, რომ მისი ერთი ნაწილი მხოლოდ რეფერენდუმზე საუბრობს, მეორე, მაგალითად, ელისაშვილის პარტია კი - მხოლოდ ქალაქის პრობლემებზე. ლაშა ჩხარტიშვილის შეფასებით, ორივე მნიშვნელოვანია და ამას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს:

„ჩვენ თუ მივიღეთ ცუდი მერია და ცუდი საკრებულო თბილისში, მას კიდევ ბევრის დანგრევა და განადგურება შეუძლია, ადამიანის სიცოცხლით დაწყებული, გარემოთი გაგრძელებული, ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით დასრულებული, თუნდაც მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ავირჩიოთ ადგილზეც კომპეტენტური და კარგი წარსულის მქონე ადამიანები და პარტიები და, ამასთანავე, ჯამურად დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, სულ მცირე, 57+1 მოცემულობით, რაც არის იმ პირობითი, ჰიპოტეტიური რეფერენდუმის წინაპირობა. ეს საკითხი აპრიორი შესასრულებელია-თქო, ვერ ვიტყვით, თუმცა იქნება წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ შეგვეძლება უფრო გამართულად ვიბრძოლოთ ადგილზეც და საერთაშორისო არენაზეც და მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა „დღის საუბრებში“, რომელშიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენი ამოცანაა, მოვუგოთ ხელისუფლებას და იგივე 57%+1 ავიღოთ ოპოზიციამ ჯამურად ჩვენი რაოდენობით, და რაოდენობისთვის კვლავ და კვლავ ყველას მოვუწოდებ, მოვუწყოთ ივანიშვილს ვაქცინების რევოლუცია. მოგიწოდებთ ყველას აცრებისკენ“, - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომლის შეფასებითაც ხელისუფლება კოვიდპანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ყველამ მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და აცრებით და პირბადით დავამარცხოთ ორი მთავარი ვირუსი ქვეყანაში - ივანიშვილი და კორონავირუსები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან და პარტნიორები არიან... ყველაზე ადრე დავინახე შარშან სექტემბრის თვეში, რომ ივანიშვილი უტიფრად, უსისხლოდ იყენებდა სისხლიან მეთოდს პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ვგულისხმობ ვირუსის გამოყენებას მიზანმიმართულად და შეგნებულად... მაშინ ეს გააკეთეს, როცა ბათუმის ეპიდემიოლოგიური აფეთქების კერა არ ჩაკეტეს, ხოლო დეკემბრის თვიდან მოყოლებული, როცა ვაქცინები გახდა ხელმისაწვდომი, მით უმეტეს, მცირემასშტაბიანი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად დააგვიანეს, გაწელეს მისი შემოტანა. შემდგომ კი, მესამე ეტაპზე იქამდეც კი მივიდნენ, რომ პირბადეების მოხსნა ურჩიეს მოქალაქეებს 5 პროცენტზე ნაკლები ვაქცინირების მაჩვენებელზე, რაც არის პირდაპირი ღია დანაშაული“, - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა „დღის საუბრებში“. მისი შეფასებით, ადეკვატური ეპიდემიოლოგიური და არაპოლიტიკური მიდგომის პირობებში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ¾-ის გადარჩენა მაინც შეიძლებოდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას 48 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ.

XS
SM
MD
LG