Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საკმარისია! ხალხს საჭმლის ფული არ აქვს... ბულვარი არის საჯარო სივრცე და არის ხალხის!“


ბათუმის საკრებულოში 30 მარტს სხდომა ხმაურით დაიწყო. საკრებულოს დარბაზის შესასვლელთან შეკრებილი ბათუმელები ითხოვდნენ სხდომაზე დასწრებას, ამის საშუალებას კი საკრებულოს კიბეებზე კორდონით მდგომი პოლიცია არ იძლეოდა.

ბათუმელთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია ქალაქის მერიის განზრახვამ, ძველი ბულვარის ცენტრალური პლაჟის ნაწილი, 3380 კვ/მ ფართი, სასტუმრო „ლე მერიდიანს“ გადასცეს 15 წლით. ამ საკითხისთვის კი საკრებულოს დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ. ბათუმელთა ხმაურის გამო საკრებულოს სხდომა დაწყებიდან მალევე შეწყდა და გამოცხადდა შესვენება.

საკრებულოს სხდომის განახლების შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, და სიტყვით გამოსვლა ითხოვა. იგი თავად ავიდა ტრიბუნაზე და თქვა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბულვარის ცენტრალური პლაჟის საკუთრებაში გადაცემას, რადგან იგი საჯარო სივრცეა, ყველას ეკუთვნის და მოქალაქეებმა ზღვაზე დასასვენებლად ფული არ უნდა გადაიხადონ:

„დღეს უკვე ბულვარის დიდი ტერიტორიაა გადაცემული კერძო საკუთრებაში, სადაც მოქალაქე, უბრალოდ, ვერ შევა. მე მინდა ყველამ გაიგოს, რომ ბულვარი არის საჯარო სივრცე. კერძო ტერიტორიები არის შეკვეთილში, კვარიათში, გონიოში და იქ მიეცით. ჩვენს შვილებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ 40-50 ლარი გადაიხადონ პლაჟზე შესასვლელად. საკმარისია! ხალხს საჭმლის ფული არ აქვს... ბულვარი არის საჯარო სივრცე და არის ხალხის!“ - ხმამაღლა აცხადებდა ირაკლი ჯინჭარაძე.

„სასწრაფოდ დატოვეთ დარბაზი! ახლავე დატოვეთ!“ - უყვიროდა მას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და სიტყვის გამოსვლის საშუალებას აღარ აძლევდა. ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის თვითმმართველობის შენობა დატოვა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში გასხვისდა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ამიტომ დარჩენილი სივრცეები საჯარო მოხმარებისთვის უნდა შენარჩუნდეს. იგი მოითხოვდა ნებართვების გაცემის შეჩერებას, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმა არ დამტკიცდება:

„ორი წელია, ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე და ათ დღეში უნდა შემოვიდეს განსახილველად. ეს იქნება კარგი დოკუმენტი და დაველოდოთ. ამის მიხედვით გადავწყვიტოთ, იქნება ბულვარში პრივატული პლაჟები თუ ყველასათვის. არ გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება. ძალიან პატარა სანაპირო გაგვაჩნია და არ გვყოფნის. ამიტომ უნდა იყოს ყველასათვის. შუაგულ ბულვარში აუზია შემოღობილი. აქვს კერძო პლაჟი „ივერია ბიჩს“. ასეთივე უნდა „ალიანსს“ და სხვადასხვა კომპანიებს. ხვალ კი, შესაძლებელია, ვეღარ შევიდეთ ზღვაზე, თუ არ გადავიხდით 50 ლარს. ბულვარი კი არის ქვეყნის მთავარი საჯარო რეკრეაციული სივრცე ზღვის სანაპიროზე“, - თქვა ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ, და საკრებულოს შენობა დატოვა.

საკითხის განხილვა კი საკრებულოს სხდომაზე ისევ ხმაურით წარიმართა. აქტიურობდნენ ბულვარის დამცველები, აქტივისტები და მოქალაქეები, რომელთა ნაწილი სხდომაზე დაუშვეს. საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბულვარის“ წევრმა, ირმა ზოიძემ, საკრებულოს წევრებს შეახსენა, რომ ბათუმის ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებაში, რომელიც ბათუმელების მოთხოვნა იყო, ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი იხარჯება. სწორედ ამ მოტივით გასულ წელს ბათუმის საკრებულომ პლაჟების მრავალწლიანი იჯარით გადაცემაზე უარი განაცხადა:

„შარშან თქვენ ამის გამო ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეთ. წელს რა შეიცვალა? რატომ არ მოქმედებთ იმავე პრინციპით? და მეორე, თუ აქ ვერ ახერხებთ საჯაროობის უზრუნველყოფას და ადამიანების განხილვაზე დაშვებას, რაც სავალდებულოა კანონით და არაა თქვენი კეთილი ნება, ამიტომ მოგიწოდებთ, გადადეთ საკითხის განხილვა, ვიდრე საკითხს არ ექნება მოსახლეობის ლეგიტიმაცია“, - თქვა ირმა ზოიძემ.

ბათუმელების ნაწილი კი, რომელსაც არ მიეცა საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, საპროტესტო აქციას მართავდა მუნიციპალიტეტის შენობასთან. მათ შორის იყო ბათუმელი ნინო ნაკაშიძე, რომელმაც თქვა, რომ ბათუმის ბულვარი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეა და მის დათმობას ბათუმელები არ აპირებენ:

„ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - ბათუმის ბულვარის ცენტრალური პლაჟი გადასცეს „ივერია ბიჩს“ და იქ შესვლა არის საკმაოდ ძვირადღირებული. იგივე უნდა სასტუმრო „მერიდიანს“. ამას კი მოჰყვება ყველა სასტუმროს გააქტიურება და ბათუმელები, რომელთათვის უფასო მხოლოდ ზღვა და ბულვარია, ვეღარ შეძლებენ შესვლას და საჯარო სივრცით სარგებლობას. დღეს სხდომაზე გვინდოდა ამის თქმა, მაგრამ იმდენად უსუსურად მოიქცა ბათუმის საკრებულო, რომ პოლიცია გამოიძახეს, რასაც ჩვენი პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ეს მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, გადააქციეს სანახაობად“, - თქვა ნინო ნაკაშიძემ.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ ნაკაიძემ კოლეგებს შესთავაზა, ისევ მოეწვიათ ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, და საკითხზე მსჯელობა გაგრძელებულიყო. ამის გამო სხდომაზე გამოცხადდა მორიგი შესვენება, რომლის დასრულების შემდეგ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ, განაცხადა, რომ ბულვარის პლაჟების იჯარით გაცემის საკითხი ამოღებულია დღის წესრიგიდან მანამდე, ვიდრე არ დამტიცდება ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა. იგივე გაიმეორა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სპეცილურ ბრიფინგზე და ისიც დაამატა, რომ ბათუმის ბულვარზე მორატორიუმს აცხადებს.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ბულვარის ისტორიული კულტურული მეკვიდრეობის საზღვრებში სრული მორატორიუმის დაწესებას ყველა ახალ პროექტზე. ასევე ბათუმის ბულვარი სამართავად კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება ბათუმის მუნიციპალიტეტს. ამის შესახებ დავალებები მიიღეს შესაბამისმა უწყებებმა“, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ და ისიც განმარტა, რომ მორატორიუმი არ ეხება ბულვარში უკვე მიმდინარე სამშენებლო პროექტებს, მათ შორის, ბულვარის ცენტრში 19-სართულიანი სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობას, რომელიც ბულვარის დამცველების ყველაზე ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

ამ განცხადებას ბათუმელი აქტივისტები გამოეხმაურნენ, მათ შორის, ბათუმელი ექიმი ზეინაბ დიასამიძე.

„მორატორიუმი ხელისუფლების კეთილი ნება რომ ყოფილიყო, უნდა გამოცხადებულიყო უფრო ადრე, რადგან ბოროტმოქმედებაა, რაც ბულვარში ხდება მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობით, რასაც არავინ წინ არ აღუდგა. დღეს კი, როცა დაიძაბა სიტუაცია, შეჩერდნენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს რაღაც თამაშია. ჩვენ ძალიან ფხიზლად მივადევნებთ ამას თვალს. დასათმობი და დასაკარგი არაფერი დაგვრჩა - ძველი ბათუმის ისტორიული ბულვარი და მისი ზღვის სანაპირო გვაქვს, რომელსაც ბათუმელები არ დავთმობთ“, - თქვა ზეინაბ დიასამიძემ.

XS
SM
MD
LG