აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრიუსელში ისტორიული ვიზიტის ფონია კორონავირუსის პანდემია, რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საფრთხეები.
მათზე საუბრის გარდა, ენტონი ბლნკენმა ნატოს შტაბ-ბინაში ყოფნის დროს ხაზი გაუსვა დასავლური სამყაროსა და მისი წამყვანი სამხედრო ბლოკის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას - დემოკრატიის დაღმასვლასა და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერებას.
დაბოლოს, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა 1 მაისამდე უნდა გადაწყვიტონ ავღანეთში 20 წლის განმავლობაში მიმდინარე მრავალეროვნული სამშვიდობო ოპერაციის ან დასრულების და ჯარების უსაფრთხო გაყვანის, ან სამხედრო მისიის გაგრძელების ბედი, რასაც ალიანსის უკლებლივ ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
რუსეთის აგრესია და ნატოს მტკიცე ერთობის პირობა
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ოფიციალურად 24 მარტს დასრულდა, მაგრამ 23 მარტს მინისტერიალის მონაწილეებმა უკვე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელსაც ამ შეხვედრისგან ელოდნენ ალიანსის წევრ სახელმწიფოებშიც და პარტნიორ ქვეყნებშიც.
პირველ ყოვლისა, ესაა აშშ-ისა და ნატოს ევროპელი მოკავშირეების ერთიანობის დადასტურება დასავლური სამყაროს წინაშე მდგარი გამოწვევების - განსაკუთებით, რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული საფრთხის - პირობებში.
„აშშ-ს სურს აღადგინოს პარტნიორული კავშირები, პირველ ყოვლისა, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან, გვსურს გამოვაცოცხლოთ ალიანსი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მარტს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. „მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ გამოვხატო აშშ-ის მტკიცე ერთგულება ნატოს მიმართ“.
მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, ნატოში დაპირისპირებები შეინიშნებოდა. ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ალიანსის ზოგიერთ წევრს იმისთვის, რომ, მისი თქმით, ისინი თავს იკავებდნენ თავიანთი წილი ხარჯის გაწევისგან, მაშინ როდესაც საჭირო იყო უფრო მეტი თანხის გაღება ევროპის დაცვის გასაძლიერებლად რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ვითარებაში.
თუმცა საქმე აქ მხოლოდ ტრამპში არ არის და სამხედრო დანახარჯების თემა კვლავ დარჩება პრინციპული მსჯელობის საგნად ალიანსის შიგნით.
17 თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს ხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეახსენა მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ლიდერებს, რომ მათ უნდა შეასრულონ სამხედრო ბიუჯეტის ზრდის შესახებ აღებული ვალდებულება, რაც გულისხმობს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ის დახარჯვას და ალიანსში შესატანი საწევრო თანხის მოცულობის გაზრდას.
ასეთი მიზანი ნატომ დაისახა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, როდესაც აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, იყო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი.
განვლილ 7 წელიწადში ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს თავდაცვითი ხარჯების გაზრდა და, როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, 2020 წლის ბოლოსთვის ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები და, ასევე, კანადა, ჯამში, 4,3 %-ით - დაახლოებით, 130 მილიარდი დოლარით - გაზრდიან თავიანთ სამხედრო ხარჯებს.
როგორც ადრე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ამჯერადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. მასზე საგანგებოდ შეჩერდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
„მე ვფიქრობ, რომ როცა საქმე, მაგალითად, რუსეთს ეხება, აქ ისეთი ვითარებაა, როდესაც შესაძლებლია ორი შეუთავსებელი რამის შეთავსება, შეიძლება, ერთდროულად, სიარულიც და საღეჭი რეზინის ღეჭვაც. ჩვენ რუსეთთან ვიმუშავებთ, თუ ის ჩვენს ინტერესებს გაატარებს. ერთ-ერთი მათგანია სტრატეგიული სტაბილურობა და, შესაბამისად, სტრატეგიული შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების ვადის (NSART) გაგრძელებით ჩვენ სწორედ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ აშშ და მისი მოკავშირე ქვეყნები შემდგომშიც მტკიცედ აღუდგებიან წინ ალიანსის შერყევისკენ მიმართულ რუსეთის სხვადასხვა აგრესიულ ქმედებებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი მიდგომაა ნატოში. და სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ და დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ, რომ ნატო ასევე იყოს კონცენტრირებული ზოგიერთ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩინეთი უქმნის კანონებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგს. ესეც არის ნატო 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“.
ენტონი ბლინკენს მხედველობაში ჰქონდა ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით მოქმედ ექსპერტთა ჯგუფის (Reflection Group) მიერ შარშან შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი, სახელწოდებით „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები“.
ნატოს გენერალური მდივნის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ რუსეთი „ესწრაფვის ჰეგემონიას“ მის მფლობელობაში მყოფ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცდილობს ამით დააბრკოლოს ამ ერების სწრაფვა ნატოსკენ.
23 მარტს ნატოს შტაბ-ბინაში შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ ალიანსი გააგრძელებს ადაპტაციას „მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის პირობებში“, და აღნიშნეს, რომ „რუსეთის აგრესიული ქმედებები ემუქრება ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას“.
დემოკრატიის დაღმასვლა და ავტორიტარიზმის აღზევება
ბრიუსელში ჩასვლამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო აღმასვლა და რუსეთის მცდელობა მოახდინოს დასავლეთის დესტაბილიზაცია, არის საფრთხეები, რომლებიც ნატოს შეკავშირებას მოითხოვს.
მაგრამ ჩინეთისა და რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, დასავლეთისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის დაღმასვლა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, რასაც საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიში ცხადყოფს .
ნატოში თავისი პირველი ვიზიტის დროს ენტონი ბლინკენმა „ფრიდომ ჰაუსის“ სწორედ ამ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და რამდენიმე მომენტს გაუსვა ხაზი.
როგორც ირკვევა, 40 ქვეყნიდან, რომლებიც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან თავისუფალ ქვეყნებად ითვლებოდნენ, თითქმის ნახევარმა დათმო პოზიციები და ნახევრად თავისუფალ სახელმწიფოებში გადაინაცვლა, რასაც, როგორც ცხოვრებაში ხდება, თან ახლავს საწინააღმდეგო პოლუსის გააქტიურება.
„იმავდრულად, ჩვენ ვხედავთ აღზევებას და გაძლიერებას ავტოკრატიული რეჟიმებისა, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიან დემოკრატიებს. „ჩვენ შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ ხალხისთვის“, -ამბობენ ისინი. შესაბამისად, ჩვენს წინაშე მდგარი მთავარი ამოცანა, ჩემი აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ ამის საპირისპიროდ მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ხალხის საჭიროებას, სინამდვილეში, დემოკრატია უფრო უკეთ უპასუხებს და ხალხისთვის უფრო მეტის გაკეთება სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებს ძალუძთ“, -აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მარტს ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სახელმწიფო მდივანს არც ის დაუმალავს, რომ ბოლო წლებში აშშ-ს საკუთარი გამოწვევები ჰქონდა დემოკრატიის მხრივ. გაიხსენა, რომ ასეთი სირთულეები აშშ-ის ისტორიაში ადრეც ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ამერიკელი ხალხი ამ რთული პრობლემიდან უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე და გაერთიანებული გამოსულა.
„ამის მიზეზი ისაა, რომ როდესაც სირთულეებს - მათ შორის შიდა უთანხმოების გამო წამოჭრილ სირთულეებს - ვაწყდებით, ჩვენ მათ ვუპირისპირდებით ღიად და გამჭვირვალედ, რათა ეს მთელმა მსოფლიომ დაინახოს. ჩვენ არ ვცდილობთ პრობლემის ხალიჩის ქვეშ დამალვას, არ ვცდილობთ მის იგნორირებას, თავს არ ვიტყუებთ, რომ ის არ არსებობს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ნატოს შტაბ-ბინაში თავის ვიზიტამდე უფრო ადრე, ქვეყნის შიგნით დემოკრატიის განახლებაზე ენტონი ბლინკენმა 10 მარტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშიც ილაპარაკა, როდესაც კონგრესმენებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო.
დემოკრატიის განახლება ქვეყნის შიგნით და გარეთ აუცილებელია, რადგან ძლიერი დემოკრატიები უფრო სტაბილურია, უფრო ღიაა, უფრო იცავს ადამიანის უფლებებს, ნაკლებად ექვემდებარება კონფლიქტებს და უფრო საიმედო ბაზარია ჩვენი საქონლისა და სერვისებისთვის, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
გავა თუ არა კოალიცია ავღანეთიდან 1 მაისამდე?
ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ამჟამად, დაახლოებით, 10 000 ჯარისკაცი იმყოფება და მათ უმრავლესობას, როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსის არაწევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები წარმოადგენენ. მათ შორის ქვედანაყოფის სიდიდით კოალიციურ ძალებში საქართველო მეოთხე ადგილზეა 870 სამხედრო მოსამსახურით.
2020 წლის თებერვალში კატარის დედაქალქ დოჰაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და თალიბანის დელეგაციას შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ავღანეთის დასატოვებლად საერთაშორისო კოალიციური ძალები მზად უნდა იყვნენ 2021 წლის 1 მაისისთვის.
23 მარტს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საკითხი ღიაა და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე საჭიროა დამატებითი კონსულტაციების გაგრძელება მოკავშირეებს შორის. საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე: უნდა არსებობდეს გარანტია, რომ ავღანეთი აღარასოდეს გადაიქცევა ტერორისტების თავშესაფრად და კოალიციური ჯარების გაყვანა უნდა მოხდეს ნატოს შიგნით სრული კონსენსუსის დაცვით. იგივე გაიმეორა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმაც.
„ჩვენ რეალისტები ვართ და გვესმის, რომ რეალური პროგრესის მიღწევამდე რთული გზაა გასავლელი. და არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ მყიფე სამშვიდობო მოლაპარაკება წარმატებული იქნება, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ არსებობს რეალური პროგრესის მიღწევის საჭიროება. ამიტომ მოვუწოდებ ყველა მხარეს და ყველა პარტიას, რომ კეთილსინდისიერად გამართონ მოლაპარაკებები და იყვნენ კონსტრუქციულები. ეს შეეხება არა მხოლოდ ავღანეთის შიდა დაპირისპირებულ მხარეებს, არამედ ყველა რეგიონალურ აქტორს, რომლებმაც მხარი უნდა დაუჭირონ სამშვიდობო პროცესს“, განაცხადა 23 მარტს იენს სტოლტენბერგმა
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და ნატო
23-24 მარტს ნატოს მინისტერიალზე კიდევ ერთ პრობლემაზე გამახვილდა ყურადღება.
აშშ და ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგებიან გერმანიასთან დამაკავშირებელი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულებას.
აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
აშშ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ევროპისათვის ცუდი გარიგება“ უწოდა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სწორედ ნატოს შტაბ-ბინიდან გააფრთხილა გერმანია, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო დაწესდება სანქციები, და განაცხადა, რომ პროექტი ეწინააღმდეგება როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის ინტერესებს.
„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ გაზსადენი არის ძალიან ცუდი იდეა, ცუდი ევროპისთვის, ცუდი აშშ-ისთვის და, საბოლოო ჯამში, იგი ეწინააღმდეგება საკუთრივ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 23 მარტს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის წინ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მიუხედავად ვაშინგტონისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობისა, ბერლინი მხარს უჭერს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას.
საერთაშორისო კრიტიკის პასუხად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბერლინი კვლავაც უჭერს მხარს გაზსადენის მშენებლობას, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიებისა და მოსკოვიდან ევროპელი, მათ შორის გერმანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების მიუხედავად.
აშშ და მისი მომხრეები შიშობენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება კიდევ უფრო გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგეტიკაზე.
მანამდე აშშ-ის სენატორებმა მოუწოდეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სისრულეში მოიყვანოს ამოქმედება იმ სანქციებისა, რომლებიც მიმართულია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახელით ცნობილი, რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენის პროექტის გაჩერებისკენ.
რუსეთის გიგანტი სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის საჭიროა მილების გაყვანა 150 კილომეტრის მონაკვეთზე, რომელიც დანიისა და გერმანიის წყლებზე გადის.
ნატოს შტაბ-ბინაში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენმა განმარტა, რომ აშშ-მა უკვე დაუწესა სანქციები კომპანიებს, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობენ. „და განვიხილავთ სხვა შესაძლებლობებს მომავალში სანქციების დაწესებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.