აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პირველად მონაწილეობს ნატოს წევრი ქვენყების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში 23-24 მარტს იმართება. მინისტერიალის დაწყებამდე ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მოწოდებულია გააძლიეროს და აღადგინოს ტრანსატლანტიკური კავშირები.
„აშშ-ს სურს აღადგინოს ჩვენი პარტნიორული კავშირები, პირველ ყოვლისა, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან, გვსურს გამოვაცოცხლოთ ალიანსი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს და დასძინა: „მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ გამოვხატო აშშ-ის მტკიცე ერთგულება ნატოს მიმართ“.
ნატოს ორდღიანი მინისტერიალის მთავარი საკითხებია ავღანეთში შექმნილი ვითარება და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს კოვიდ-19-ის პანდემიასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ.