Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სინერგია და საქართველო


22 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ალიანსის წარმომადგენლები დასავლური ალიანსის რამდენიმე ინიციატივაზე იმსჯელებენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნატოს კოსმოსური ცენტრის შექმნა, ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, გერმანიის რამშტაინში მდებარე მოკავშირეთა საავიაციო სარდლობის ბაზაზე.

ამ და სხვა - კოლექტიური თავდაცვისათვის მნიშვნელოვანი - პროექტების განსახორციელებლად ნატოს აქვს ნებაც და ფინანსური საშუალებებიც.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს თავდაცვითი ხარჯების გაზრდა და, როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, 2020 წლის ბოლოსთვის ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები და ასევე კანადა, ჯამში, 4,3 %-ით - დაახლოებით, 130 მილიარდი დოლარით - გაზრდიან თავიანთ სამხედრო ხარჯებს.

იენს სტოლტენბერგის სიტყვებით, ჩრდილოატლანტიკური სივრცის კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების, რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების, ბირთვული განიარაღებისა და გლობალური ტერორიზმის გარდა, ნატოს წინაშე ამჟამად დგას კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა.

მიმდინარე წელს ნატო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ვითარებაში მოკავშირეები ერთმანეთს ეხმარებიან საველე საავადმყოფოების მშენებლობასა და პაციენტების ტრანსპორტირებაში, ხოლო იქ, სადაც ამის გადაუდებელი საჭიროებაა, მოკავშირეები ერთმანეთს მორიგეობით უწვდიან დახმარების ხელს.

ოქტომბრის თვეში ნატოს რეზერვიდან დახმარებას მიიღებენ ალბანეთი, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია.

ნატოს ავანგარდული დაჯგუფების მოკრძალებული ხიბლი

როდესაც ცდილობს ყველა მიმართულებით ადაპტირებას, იქნება ეს ბირთვული განიარაღება, საერთაშორისო ტერორიზმი თუ კიბერუსაფრთხოება, ნატოს სინერგია მიმართულია ასევე "კოლექტიურ თავდაცვასა და რუსეთიდან მომდინარე სავარაუდო საფრთხის შეკავებაზე. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შექმნა ავანგარდული დაჯგუფება, სახელწოდებით „გაფართოებული დაწინაურებული ყოფნა“(“Enhanced Forward Presence”).

ეს არის 4 732-კაციანი მრავალეროვნული ბრიგადა, რომელიც როტაციის პრინციპით მოქმედებს ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.

თავდაცვის მინისტრთა ყოველწლიურ შეხვედრამდე ორი დღით ადრე ნატოს საიტზე გამოქვეყნდა EFP-ში მონაწილე მრავალეროვნული საბრძოლო ბრიგადების განლაგების, მასში მონაწილე ყველა ეროვნული სამხედრო ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისა და აღჭურვილობის დეტალური მონაცემი.

EFP-ში ნატოს წევრი 20 ქვეყანაა წარმოდგენილი, მათ შორის მონტენეგრო, ქვეყანა, რომელიც 2017 წელს შეუერთდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

ამით ნატო ხაზგასმით ამბობს, რომ ის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია, რომლის ავანგარდულ დაჯგუფებას აღმოსავლეთ ფლანგზე შეიარაღებაში აქვს თავდაცვითი იარაღი და არა შეტევითი, როგორც ამას რუსეთის პროპაგანდა ამტკიცებს.

ნატოს 4 732-კაციანი დაჯგუფება შესაძლოა სიმბოლურადაც გამოიყურებოდეს ყველაზე მოწყვლად აღმოსავლეთ ფლანგზე, სადაც რუსეთი ყოველწლიურად თავს უყრის მასშტაბურ ძალებს და 2014 წლიდან ცდილობს შექმნას სამხედრო ბაზა რუსეთის Su-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის თავის მოკავშირე ბელარუსის ტერიტორიაზე.

„ნატოს მიერ ასეთი სახის ინფორმაციის (factsheet) გამოქვეყნება გვაძლევს ვითარების შეფასების საშუალებას. ცალკე აღებული ეს დოკუმენტი ვითარებას არ ცვლის, მაგრამ ამ კომბინაციაში - რეალობის შემოწმება, საფრთხეების შეფასება და მექანიზმის შემუშავება - დიდ როლს თამაშობს და იმედი მაქვს ალიანსი ამ დოკუმენტს მოაყოლებს შესაბამის ნაბიჯებსაც“,- ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატოს დაწინაურებული ყოფნა ასპირანტი ქვეყნებისათვის არის მორიგი შანსი, რომ გახდნენ დიდი სურათის, ანუ საერთო უსაფრთხოების სისტემის, შემადგენელი ნაწილი, მათ შორის საფრთხეების შეფასებისა და მათზე რეაგირების კონტექსტში.

„ამით მათ საშუალება ეძლევათ ნატოსთან თანამშრომლობით გააძლიერონ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და, ასევე, აქტიურად იმუშაონ პოლიტიკური დიალოგის მიმართულებითაც, რაც აუცილებელია ე.წ. "შესაძლებლობების ფანჯრის" შექმნისათვის“, - დარწმუნებულია თენგიზ ფხალაძე.

ახალი კონცეფცია მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის

ცვალებად მსოფლიოში ნატოს კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის შესამუშავებლად გენერალურმა მდივანმა ივნისში ექსპერტთა ჯგუფთან ერთად საფუძველი ჩაუყარა დიალოგს, სახელწოდებით „ნატო 2030“, რომელშიც ასახვას პოვებს არა მხოლოდ მოკავშირეთა შორის ურთიეთქმედების საკითხები, არამედ გათვალისწინებული იქნება ასევე ასპირანტი ქვეყნების - მათ შორის უკრაინისა და საქართველოს - ინტერესები.

„ექსპერტების ანგარიში ამ წლის ბოლოსთვის იქნება. დავეფუძნები ამ ანგარიშს, მოკავშირეებთან კონსულტაციებს, მათ მონაცემებსა და მოსაზრებებს და ასევე დეკემბერში დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მსჯელობის შემდეგ მე ჩემს მოსაზრებებს წარვუდგენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს“, - განაცხადა 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონსულტაციების გამართვას ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა.

„საქართველო და უკრაინა ძალიან ფასეული პარტნიორები არიან. ნატოსთვის ისინი მნიშვნელოვანი არიან მრავალი მიზეზის გამო. მათ არა მარტო ნატოს მისიებსა და ოპერაციებში შეაქვთ თავიანთი წვლილი, არამედ ასევე შავი ზღვის რეგიონში, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა აშკარად გაიზარდა. შესაბამისად, „ნატო 2030-ის“ სრული პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ისეთ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, დისკუსია და მათი მოსმენა, როგორიც უკრაინა და საქართველო არიან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის მიერ მინისტერიალის წინ გაკეთებულ ამ განცხადებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე. იგი ხედავს თბილისის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობასაც.

„ზოგადად, „ნატო 2030“ არის ახალი გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავების პროცესი, რომელმაც უნდა განსაზღვროს როგორი უნდა იყოს ალიანსი 10 წელიწადში, რა საფრთხეები და გამოწვევებია წინ და როგორ გაუმკლავდეს მათ. ამ კონტექსტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ საუბარი იყოს გაფართოებაზე ჩვენი მიმართულებით და მოვიაზრებოდეთ ალიანსის მომავალ წევრად და არა მხოლოდ პარტნიორად შავი ზღვის კონტექსტში. ვერ გეტყვით, დღეს რამდენად აქტიურია ჩვენი დიპლომატია. იმედს ვიტოვებ, რომ კულისებს მიღმა მუშაობა მიმდინარეობს“, - უთხრა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.

ჯერი საქართველოზეა

ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყო, თუ რა იქნება საქართველოსათვის პრიორიტეტული ნატოსთან თანამშრომლობაში 2030 წლამდე პერიოდში.

მას შემდეგ, რაც 2008 წლიდან მოყოლებული, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების სიტყვიერი დაპირება მიიღო, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ალიანსისაგან ელოდება ოფიციალურ მოსაწვევს და გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.

12 წლის წინანდელი დაპირება ძალაშია, - აცხადებენ ნატოში. მაგრამ ვიდრე დემოკრატიული ქვეყნების ალიანსში მწვანეს აუნთებდნენ, საქართველოსაც აქვს შესასრულებელი გარკვეული საშინაო დავალება.

უახლოეს პერსპექტივაში ეს არის 31 ოქტომბრის არჩევნების „უმაღლესი სტანდარტებით“ ჩატარება, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთი თვის წინ ნატოს შტაბბინაში შეახსენეს.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ფიქრობს, რომ სწორედ რეფორმებზე გადის საქართველოს გზა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად.

ასევე, რომ ჯერი ახლა საქართველოზეა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG