Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო კორონავირუსის პანდემიის წინა ხაზზე


ჩეხეთი გახდა ნატოს პირველი სახელმწიფო, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დახმარებით 21-24 მარტს 100 ტონა გადაუდებელი სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო ჩინეთიდან. ნატოს დახმარების მოლოდინში არიან სხვა ქვეყნებიც, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გეგმებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ინფექცია პირველად აღმოაჩნდა ავღანეთში მყოფ 4 ნატოელ ჯარისკაცს, რომლებიც ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან.

კორონავირუსი ნატოს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“

ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მყოფ ოთხ ჯარისკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა მალევე მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ჩავიდნენ. ნატოს მიერ გავრცელებულ ცნობაში არ არის მკაფიოდ ნათქვამი, თუ როდის და რა ვითარებაში მოხდა ჯარისკაცების დაინფიცირება.

“სამხედროები ახალჩასული იყვნენ ქვეყანაში და იმყოფებოდნენ პროფილაქტიკურ სკრინინგ ცენტრში. როდესაც მათ აღმოაჩნდათ დაავადების სიმპტომები, ისინი გადაიყვანეს იზოლატორში და ჩაუტარდათ ტესტირება“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ჯარისკაცების ვინაობა არ გასაჯაროვდება.

RSM-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ნატოს სარდლობის თანახმად, „გამოვლენილია და კარანტინშია გადაყვანილი ყველა პირი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულ ჯარისკაცებთან“.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (Resolute Support Mission), რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს, ამჟამად ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, 38 ეროვნული ქვედანაყოფის, დაახლოებით, 17 ათასი ჯარისკაცი იმყოფება.

აღნიშნული კონტინგენტი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება რეგულარული წვრთნებით, კონსულტაციებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

ნატოს არაწევრი საქართველო, (RSM)-ში 871-კაციანი გაძლიერებული ბატალიონით, მეხუთე ადგილზეა ალიანსის წევრი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების შემდეგ და პირველზე - ნატოს პარტნიორთა შორის.

ნატოს ჯარისკაცებს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან, - იქნება ეს ყაზარმა, საველე პოლიგონი თუ სასადილო, -კორონავირუსის პანდემიის პირობებში გადამეტებული სიფრთხილე მართებთ.

სკოტ მილერი
სკოტ მილერი

ერთი კვირის წინ ავღანეთში განლაგებული ნატოსა და აშშ-სამხედრო ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა სკოტ მილერმა, განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება ავღანეთში ბოლო ხანს ჩასული 1500 სამხედრო და სამოქალაქო პირი კარანტინში მოთავსდნენ.

ამას გარდა, კოალიციურმა სარდლობამ დროებით შეაჩერა ქვედანაყოფების დაგეგმილი როტაცია. დროებითი შეზღუდვა შეეხო ასევე თათბირების ჩატარებას და ბაზის ტერიტორიაზე პერსონალის გადაადგილებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავღანეთში მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი საღ-სალამათია. „ქართველი ჯარისკაცები თავს კარგად გრძნობენ, არც ერთ ქართველ ჯარისკაცს არ აქვს კორონავირუსის სიმპტომები და არც იზოლაციაში იმყოფება“, - განუცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნიკა მოლოდინაშვილმა, რადიო თავისუფლებას.

გიგანტური „ანტონოვის“ ღამის რეისი პარდუბიცეში

უკრაინული კომპანია „ანტონოვ ეარლაინსის“ კუთვნილი მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-124 24-25 მარტს დაეშვა ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცის აეროპორტში და ჩეხეთის მოსახლეობისათვის კორონავირუსის ეპიდემიისგან დასაცავად 100 ტონამდე სამედიცინო დანიშნულების საქონელი - მილიონობით სანიტარიული პირბადე, დამცავი კომბინეზონი, დამცავი სათვალე და სხვა აღჭურვილობა ჩამოიტანა.

ამ ტვირთის ჩამოტანის თხოვნით ნატოს მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, რომელიც მკაცრი ზომებითა და საყოველთაო კარანტინით ცდილობს შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება. 25 მარტის მდგომარეობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაინფიცრებულია 1500-მდე ადამიანი. ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ჰუმანიტარული ტვირთი განხორციელდა ნატოს პროგრამა SALIS – („სტრატეგიული საავიაციო გადაზიდვების დროებით გადაწყვეტის“) ფარგლებში. ეს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მასში მონაწილე ქვეყნებს თანაბრად ისარგებლონ დიდი ტვირთამწეობის მქონე სტრატეგიული ავიაციით.

ამჟამად SALIS – პროგრამაში მონაწილეობს ნატოს 9 წევრი სახელმწიფო: ბელგია, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, უნგრეთი, ნორვეგია, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. პროგრამის მართვა ევალება ნატოს შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნვეყოფის სააგენტოს (NATO Support and Procurement Agency).

AN-124-ის პირველი ჰუმანიტარული რეისი ჩინეთის შენჩჯენის აეროპორტიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩამოფრინდა 21 მარტს. გიგანტურმა სატვირთო თვითმფრინავმა 70 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოიტანა. AN-124-მა მეორე რეისი 24 მარტს შეასრულა ჩეხეთის მიმართულებით.

ნატოს მთავარი საიტის ინფორმაციით, 25 მარტს, 14.30-საათზე SALIS -ის კიდევ ერთმა AN-124 კლასის თვითმფრინავმა ჩინეთის ქალაქ ტიანცზინიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ჩაიტანა 48 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა.

კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად უკვე 26 მარტს 45 ტონა სამედიცინო ტვირთს ბუქარესტი მიიღებს. სამედიცინო პირბადეებს, ხელთათმანებსა და სხვა დამცავ საშუალებებს ჩრდილოეთ კორეიდან ბუქარესტში ჩაიტანს ამერიკული სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17 Globemaster. ეს რეისი, ნატოს საიტის თანახმად, შესრულდება ნატოს SAC-ის (საავიაციო გადაზიდვების სტრატეგიული შესაძლებლობების) ფარგლებში.

ალიანსის შტაბ-ბინაში აცხადებენ, რომ ნატო განაგრძობს წევრი ქვეყნების დახმარებას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ოანა ლუნჯესკუ
ოანა ლუნჯესკუ

„ნატოს მოკავშირეები სოლიდარულები ვართ და განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას COVID-19 პანდემიაზე რეაგირების კუთხით. ამის მრავალი მაგალითი არსებობს - იქნება ეს მედიკამენტების ჩატანა აშშ-დან იტალიაში, ნატოს მიერ ლუქსემბურგის კარვებით უზრუნველყოფა თუ მრავალეროვნული თანამშრომლობა, რამაც შესაძლებელი გახადა ჩეხეთისა და სლოვაკეთისათვის მნიშვნელოვანი დახმარების საჰაერო გზით მიღება. მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში. ისინი მხარს უჭერენ სამოქალაქო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საველე ჰოსპიტლების მოწყობის, პაციენტების გადაყვანის, საზოგადოებრივი ზონებისა და სასაზღვრო გადასასვლელების დეზინფექციისა თუ სხვა აუცილებელი სამუშაოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, ოანა ლუნჯესკუმ.

გადაუდებელი ჰუმანიტარული და სხვა სახის სამაშველო ამოცანების შესასრულებლად ნატო კურირებას უწევს სტრატეგიული გადაზიდვების ორ პროგრამას - SAC-ს და SALIS-ს. თუმცა პირველის, SAC-ის, შესაძლებლობები შეზღუდულია, რადგან ნატოს წევრი ქვეყნების განკარგულებაში მხოლოდ სამი ერთეული C-17 Globemaster-ია, რომლის გამოყენების ხარჯებიც მოკავშირეებს შორის თანაბრად იყოფა. სხვა რეისებისათვის კი ნატო SALIS პროგრამის ფარგლებში იყენებს „ანტონოვის“ ფირმის მძიმე სატრანსპორტო თვითმფინავებს, რომლებიც ჩარტერულ რეისებს ხშრად ასრულებენ როგორც ნატოს პირადი შემადგენლობისა და ტვირთების გადასატანად ავღანეთსა და კოსოვოში, ისე ჰუმანიტარული დახმარების განსახორციელებლად ჰაიტიზე და პაკისტანში.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ნატოს სამხედრო დახმარებისათვის მიმართა ესპანეთმაც, რომელმაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით გაუსწრო ჩინეთს, საიდანაც გავრცელდა მსოფლიოში სასიკვდილო ვირუსი.

როგორც ესპანეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა მიგელ ვიაროიამ განაცხადა ოთხშაბათს, მადრიდმა ნატოს მიმართა თხოვნით, დაეხმაროს მას დამცავი აღჭურვილობით.

უფრო ზუსტად, დახმარების ადრესატია „სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი“ (EADRCC). ეს ცენტრი, როგორც ოანა ლუნჯესკუ აღნიშნავს, აგროვებს ინფორმაციას როგორც ყველა დახმარების მიღების მსურველი ქვეყნისგან, ისე დახმარების გამღები ქვეყნებისგან. „დახმარების წინადადება შეიძლება მოდიოდეს როგორც ნატოს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებისგან. სტიქიური უბედურებისაგან დაზარალებული ქვეყნისათვის დახმარება კი დონორებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ოანა ლუნჯესკუმ.

ნატოს ცნობით, „სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრს“ (EADRCC) კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში უკრაინამაც მიმართა,

კორონავირუსის გავლენა ნატოს გეგმებზე

„ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვევლობის ეპოქაში. კორონავირუსის პანდემიამ ნათლად დაგვანახვა, რომ მრავალი გამოწვევა საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ შეძლოს მასთან გამკლავება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა,19 მარტს გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

როგორც ყველა დიდ ორგანიზაციაში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ბელგიის დედაქალაქში მდებარე ნატოს შტაბბინაში დროებით გაუქმდა საჯარო ღონისძიებები, აღარ ტარდება რეგულარული პრესკონფერენციები ჟურნალისტების მონაწილეობით, თანაშრომელთა დიდი ნაწილი სახლებიდან მუშაობს, გადაიდო და მოგვიანებით ჩატარდება ნატოს სამხედრო მანევრები.

კორონავირუსის პანდემიამ უკვე შეიტანა კორექტივები ნატოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო სწავლების, "Defender Europe 2020”-ის, დღის წესრიგში. დივიზიის დონის წვრთნა, რომელსაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის შეკავების მიზნით დასავლეთ გერმანიაში ჩატარებულ REFORGER -ის მასშტაბის სწავლებასაც კი ადარებდნენ, აპრილ-მაისში ვრცელ გეოგრაფიულ არეალში უნდა ჩატარებულიყო აშშ-დან ევროპაში გადმოსროლილი 6 ათასი ჯარისკაცითა და 9 ათასამდე სამხედრო სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების, დაახლოებით, 37 ათას ჯარისკაცს ორი თვის განმავლობაში სტრატეგიული ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად სხვადასხვა სახის საველე თუ საშტაბო სწავლება უნდა ჩაეტარებინა გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოში.

„13 მარტის მდგომარეობით, შეწყვეტილია აშშ-დან ევროპის მიმართულებით პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის გადმოყვანა. ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახების ჯანმრთელობა და უსაფრთოხება ჩვენს უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს“, - ნათქვამია Defender Europe 2020”-ის ორგანიზატორის, ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო სარდლობის მთავარი შტაბის მიერ გავრცელებულ სპეციალურ ცნობაში.

გასულ კვირაში, 20 მარტს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვადაზე ადრე შეწყდა რუმინეთში დაწყებული მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ.

საქართველოს სამხედრო უწყების ცნობით, ქართული ქვედანაყოფი სამშობლოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდა, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან შეხვედრის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაყვანილი იქნენ გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG