Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი - "საქართველო და უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორები არიან"


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსისთვის ძალიან ღირებული პარტნიორები არიან მრავალი მიზეზის გამო. იენს სტოლტენბერგმა 21 ოქტომბერს ბრიუსელში გამართა პრესკონფერენცია, რომელიც 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პრიორიტეტებს შეეხებოდა.

"ინტერფაქს-უკრაინის" ჟურნალისტმა ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხა - იქნება თუ არა გათვალისწინებული ალიანსის მომავალი სტრატეგიის შემუშავებისას - "ნატო 2030"-ის პროცესში მისი პარტნიორების, კერძოდ - უკრაინისა და საქართველოს ინტერესებიც? იენს სტოლტენბერგის პასუხი ასეთი იყო:

"მიმდინარე წელს იქნება ექსპერტების ანგარიში. მე დავეფუძნები ამ ანგარიშს, კონსულტაციებს მოკავშირეებთან და მათ წვლილს, აგრეთვე დისკუსიას, რომელიც გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრების დეკემბრის შეხვედრაზე. ამის შემდეგ წარმოვადგენ ჩემს წინადადებებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერებისთვის.

ამ პროცესის ფარგლებში, ვგულისხმობ როგორც ექსპერტთა ჯგუფს, აგრეთვე ჩემს კონსულტაციებს, რომლებიც ჩემ მიერ წინადადებების წარმოდგენამდე იქნება, რასაკვირველია, კონსულტაციებს გავივლი პარტნიორებთანაც, საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით, რადგან ნატოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარტნიორობას.

საქართველო და უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორები არიან. ისინი მნიშვნელოვანნი არიან ნატოსთვის მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ იმის გამოც, რომ მათ წვლილი შეაქვთ ნატოს მისიებსა და ოპერაციებში, აგრეთვე შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდის გამო. ასე რომ, ისეთ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, დისკუსია და მათი მოსმენა, როგორებიც უკრაინა და საქართველო არიან, არის ნატოს 2030-ის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი".

ნატოს გენერალურმა მდივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ 2021 წელს ჩატარდება ნატოს სამიტი, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული უმაღლესი დონის შეხვედრის დრო და ადგილი.

XS
SM
MD
LG