Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი ეშინია რეჟიმს? ბელარუსი ექსტრემისტის კოლექტიური პორტრეტი


საპროტესტო გამოსვლები მინსკში. 23 აგვისტო, 2020
საპროტესტო გამოსვლები მინსკში. 23 აგვისტო, 2020

ყველაზე ახალგაზრდა „ექსტრემისტი“ ბელარუსში 16 წლის იყო, როცა შესაბამისი მუხლით გაასამართლეს, ყველაზე უფროსი - 82 წლისა.

ბელარუსში ექსტრემიზმისთვის გასამართლებულთა სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, ქალები ვინც "ექსტრემიზმისთვის" გასამართლებულ ნათესავებს საკვები შეუგზავნეს საკნებში, მძიმე ავადმყოფები, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები. ბელარუს „ექსტრემისტთა“ რიგებს მიეკუთვნებიან ჟურნალისტები, იურისტები, IT-სფეროს წარმომადგენლები.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტებმა გამოთვალეს, ამ ქვეყნის რამდენი მოქალაქეა "ექსტრემიზმთან" კავშირში და გვიამბობენ, ვის და რისთვის შერაცხავენ "ექსტრემისტებად" ამ ქვეყანაში.

„ექსტრემიზმი" და ბრძოლა თავისუფლებისთვის

უფლებადამცველი ჯგუფის Human Constanta-ს იურისტი აიჰენი (სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მოსაზრებით) რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობას არ აქვს „ექსტრემიზმზე“ კანონმდებლობა ან ცალკეული მუხლები, სადაც ნახსენებია „ექსტრემიზმი“. შესაბამისად, არც კი არსებობს ტერმინ „ექსტრემიზმის“ განსაზღვრა.

„ექსტრემიზმი პოლიტიკური კონცეფციაა, არა იურიდიული. და თუ როგორ ხორციელდება იგი პრაქტიკულად, დამოკიდებულია გარკვეულ ისტორიულ პერიოდზე, კონტექსტზე, იმაზე, თუ ვინ არის ხელისუფლებაში.

ქმედება, რომელიც დღეს ექსტრემისტულად მიაჩნიათ, ათ წელიწადში შეიძლება ნორმალურად ჩათვალონ. ზოგიერთი ადამიანისთვის გარკვეული ქმედება თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სხვებისთვის ის ექსტრემიზმია. ასეთი ტერმინის კანონმდებლობაში ჩაწერა აუცილებელი არ არის, რადგან ის „ძალიან, ძალიან სუბიექტურია“, ფიქრობს Human Constanta-ს იურისტი.

ბელარუსის კანონმდებლობაში 2016 წლის აპრილამდე არც კი არსებობდა „ექსტრემიზმის“ გაგება. თუმცა, 2007 წლიდან მოქმედებს ცალკე კანონი „ექსტრემიზმის წინააღმდეგ მოქმედების“ შესახებ.

სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლში მხოლოდ „ეროვნული ან რელიგიური შუღლის გაღვივებაზე“ იყო ლაპარაკი.

2016 წლის აპრილში ლუკაშენკამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის კოდექსში „მასობრივი ღონისძიებების“ შესახებ კანონში შესწორებებს, ასევე შესწორებებს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში.

შემდეგ შემოიღეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ექსტრემიზმისთვის, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებისთვის, სოციალური შუღლის გაღვივებისთვის, ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ექსტრემიზმისკენ მოწოდების შემცველი საინფორმაციო პროდუქციის გავრცელებისთვის.

2021 წლამდე მსგავსი საქმეები სასამართლოებში ერთეული იყო. ადვოკატები ახსენებენ ხოლმე მხოლოდ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ კორესპონდენტების საქმეს, როცა მათ „სოციალური შუღლის გაღვივება“ დასდეს ბრალად.

საპროტესტო გამოსვლები მინსკში. 2020 წელი. ფოტოს ავტორი პაველ კრიჩკო
საპროტესტო გამოსვლები მინსკში. 2020 წელი. ფოტოს ავტორი პაველ კრიჩკო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიაში 4618 ექსტრემისტია

„ექსტრემისტულის“ გაგება ფაქტობრივად შეიცავს საპროტესტო მოქმედებების პრაქტიკულად მთელ სპექტრს: ე.წ. მასობრივი არეულობიდან (342-ე მუხლი) დაწყებული - თანამდებობის პირის შეურაცხყოფამდე (368-ე მუხლი), ასევე მუხლები 130, 130-1, 130-2. , 289, 290-1, 290-2, 356, 357, 361, 361-1, 361-2, 361-3, 361-4, 369-1.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც დღესდღეობით „ეწევიან ექსტრემისტულ საქმიანობას“ და მათი რაოდენობა 4618-ია. სია ყოველ პარასკევს განახლდება ხოლმე.

ბელარუსი ექსტრემისტის პორტრეტი: მისი ასაკი 20-დან 82 წლამდეა

ყველაზე ახალგაზრდა „ექსტრემისტი“ 2004 წელს დაიბადა, ანუ 2020 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისას ის 16 წლის იყო. გაასამართლეს „შუღლის გაღვივებისთვის“.

უხუცესი ბელარუსი „ექსტრემისტი“ კაცი 82 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი „ექსტრემისტი“ ქალი - 78-ის. ისინი გასამართლებული არიან „პრეზიდენტის შეურაცხყოფის“ (369-1) მუხლით.

ექსტრემიზმისთვის გასამართლებულ მოქალაქეთა შორის ერთი მეოთხედი ქალები არიან, დანარჩენი - კაცები.

სიაში შეყვანილი ჰყავთ მთელი ოჯახები (3-4 ადამიანი, მაგალითად, მამა და შვილები). სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, მძიმე ავადმყოფები, ასევე ინვალიდები.

„ექსტრემისტების“ ჯგუფი არსებობს პროფესიების მიხედვით. მაგალითად, ყველა საპატიმროში მყოფი ჟურნალისტი (მათი რიცხვი 30-ია) ექსტრემისტებად არიან შერაცხილი. „ექსტრემისტების“ რიგებში არიან ადვოკატები, IT-სფეროს წარმომადგენლები და სხვები.

წელს ოქტომბერში ამ სიაში მოხვდნენ ე.წ. სვიატლანა ციხანოუსკაიას ანალიტიკოსები. ესენი არიან მედიის სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ სამეცნიერო ხარისხი - განათლება მიღებული უცხოეთის უნივერსიტეტებში. „ექსტრემისტების“ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ინტელექტუალები, რომლებსაც ხარისხიანი განათლება აქვთ. "ექსტრემისტია" რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტი იური დრაკახრუსტი.

ძალოვანი სამსახურის თანამშრომლები მინსკის ქუჩებში. 2020 წლის ნოემბერი
ძალოვანი სამსახურის თანამშრომლები მინსკის ქუჩებში. 2020 წლის ნოემბერი

სამართლებრივი ნორმების წინააღმდეგობა

ბელარუსში ამჟამად ძალაშია კანონები „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“ (ახალი, დამტკიცებული მეხუთე „ბელარუსის სახალხო კრების“ მიერ 2024 წლის 25 აპრილს) და მინისტრთა საბჭოს 575-ე რეზოლუცია. ბელარუსში მოქმედებს ექსტრემიზმის და ნაციზმის რეაბილიტაციის საწინააღმდეგო ზომებიც. 2024 წელს სისხლის სამართლის კოდექსში განახლდა სასჯელი „ექსტრემისტული“ მუხლებით.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, იურისტი ალეჰ აგეეუ მიიჩნევს, რომ ბელარუსის კანონმდებლობაში გამოყენებული ექსტრემიზმის განმარტება არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„საერთაშორისო დონეზე ექსტრემიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გათვალისწინებული, თუ ის ძალადობრივი ხასიათისაა და შეიცავს მოწოდებებს ძალადობისკენ ან ძალადობის გამოყენებისკენ. ბელარუსში არის ძალიან გრძელი სია იმ ქმედებებისა, რომლებიც შეიძლება იყოს ექსტრემიზმი ბელარუსის ხელისუფლების თვალსაზრისით. და, შესაბამისად, ის ძალიან განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტებისაგან. ბელარუსული მიდგომა უბრალოდ ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმებს, ადამიანის უფლებებს და საქმიანობის აბსოლუტურად უკანონო შეზღუდვაა“, - ამბობს ადვოკატი ალეჰ აგეეუ.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Constanta-ს იურისტი, აიჰენი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბელარუსში ექსტრემიზმის ერთიანი განმარტება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო კანონი მოქმედებს.

„კანონი „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ განსაზღვრავს 25-მდე მოქმედებას. ამავე დროს, ყველაზე გავრცელებული დანაშაულები (მკვლელობა, საბუთების გაყალბება, ხულიგნობა) შეიძლება აღიარებულ იქნეს ექსტრემისტულად, თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ისინი ჩადენილია შუღლის წაქეზების მოტივით.

მისი თქმით, „ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ კანონით მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას პირს ექსტრემისტულ ქმედებებში მონაწილეობის გამო.

და ძალიან ბევრი იქ შეტანილი მუხლი არ ემთხვევა „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მუხლებს, რაც გაუგებრობას იწვევს.

გარდა ამისა, არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი „სია იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც ჩაიდინეს ექსტრემისტული ქმედება“.

ლოგიკურად, მასში უნდა შედიოდნენ ამ ექსტრემისტული მუხლებით მსჯავრდადებულები. მაგრამ ძალიან დიდია იმ პირების რიცხვი, რომლებიც გაასამართლეს პროტესტთან დაკავშირებული მუხლებით, - განმარტავს Human Constanta-ს ადვოკატი აიჰენი.

ბელარუსის ჟურნალისტთა კავშირის იურისტი ალეჰ აგეეუ
ბელარუსის ჟურნალისტთა კავშირის იურისტი ალეჰ აგეეუ

დევნა, როგორც ეროვნული პოლიტიკა

სახალხო ანტიკრიზისული ორგანიზაციის (НАУ) იურისტი - საკოორდინაციო საბჭოს წევრი მიხაილ კირილიუკი ყურადღებას ამახვილებს ბელარუსში ექსტრემიზმის განმარტების კიდევ ერთ მახასიათებელზე. მისი აზრით, ხელისუფლება ხშირად ხუჭავს თვალს საერთაშორისო მასშტაბის რეალურ ექსტრემისტებზე და მათ მიმართ არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს. ბელარუსობის ჩვენებისთვის კი ბელარუსის მოქალაქეები ექსტრემისტების სიაში შეჰყავს.

„ნამდვილი რუსი ნეონაცისტი ალექსეი მილჩაკოვი, ექსტრემისტული ჯგუფის ДШРГ „Русіч“-ის ლიდერი, რომელმაც ჩაიდინა სერიოზული დანაშაულები დონბასში, ჩავიდა ბელარუსში და ბელარუს ახალგაზრდებს პატრიოტიზმს ასწავლის. მას მხარს უჭერს ხელისუფლება და არცერთი საქმე არ აღძრულა მის წინააღმდეგ ექსტრემიზმის მუხლით“.

Symbal.By-ის დამფუძნებელი, თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, პაულ ბელავუსი, ციხეში მოათავსეს ბელარუსის ეროვნული იდეის ხელშეწყობისთვის. „ნაშა ნივას“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ აღნიშნა, თუ რამდენად მკაცრად ექცევიან ციხეებში ბელარუსულად მოლაპარაკე ადამიანებს. „ბელარუსების დევნა ბელორუსში ეროვნული პოლიტიკაა“, - ამბობს მიხაილ კირილიუკი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, „ექსტრემისტული ჯგუფების წევრებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მუშაობენ მიზანმიმართულად, თითოეული მონაწილის როლის გათვალისწინებით, შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე“.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში (10 მაისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით) ექსტრემისტების რაოდენობა ბელარუსში დაახლოებით 600 ადამიანით გაიზარდა.

მიხაილ კირილიუკი
მიხაილ კირილიუკი

სულ რაღაც სამ თვეში (2024 წლის ივლისიდან სექტემბრამდე), Human Constanta-მ აღნუსხა სულ მცირე 142 ახალი სისხლის სამართლის საქმე და „ექსტრემისტული“ ნიშნით გასამართლების 119 შემთხვევა (არ მოიცავს საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობასა და ოფიციალური პირების შეურაცხყოფისთვის ბრალდებებთან).

სამ თვეში ადამიანის უფლებათა დარღვევის 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა „ანტიექსტრემისტული“ კანონმდებლობის გამოყენებით. მათ შორისაა, სულ მცირე, 310 სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევა და, სულ მცირე, 135 ადმინისტრაციული დაკავება.

„მან ექსტრემისტის ოჯახს ძეხვი შეუგზავნა”

ბოლო სამი თვის განმავლობაში მასობრივად გაასამართლეს ქალები ნათესავების მხარდაჭერისთვის, წინასწარი დაკავების იზოლატორებში ფულის გადარიცხვისა და ამანათების გაგზავნისთვის, საკვების შეკვეთისა და და საფასურის გადახდისთვის.

ყველა მათგანი 2024 წლის იანვარში კაგებეს რეიდის დროს დააკავეს. გარდა ამისა, უშიშროების ძალებმა მოინახულეს ისინი, ვინც სურსათით დახმარება მიიღო. უფლებადამცველებმა იციან „ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსებისთვის“ მსჯავრდადებული 17 პირის შესახებ, რომელთაც 3-3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთ-ერთი პატიმრის ნათესავი აღშფოთებულია ბელარუსის ხელისუფლების დეგრადაციის გამო.

„ბავშვობიდან გვზრდიდნენ ქრისტიანული ღირებულებებით: დაეხმარე მეზობელს, გაუზიარე შენი უკანასკნელი მათ, ვისაც უჭირს. ხალხს წაართვეს თავისუფლება, გისოსებს მიღმა ჩასვეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს, შვილების რჩენა შეუძლებელი გახდა. და მზრუნველი, კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც მათ დაეხმარნენ, ასევე იგზავნებიან ციხეში, რადგან ვითომ ხელს უწყობენ ექსტრემისტულ საქმიანობას მათთვის სურსათის საფასურის გადახდით. უშიშროების ძალებმა, რომლებმაც რეიდი მოაწყვეს, ცინიკურად განაცხადეს, რომ ჩემმა ნათესავმა „ექსტრემისტის ოჯახს ძეხვი შეუგზავნა“.

რა დაბლა დაეცნენ უშიშროების ძალები და მოსამართლეები! დახმარებისთვის, თანაგრძნობისთვის, წყალობისთვის, ქალს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - ეს არის აბსურდის, ცინიზმის, წუმპეს ფსკერი, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის...“ - ამბობს თანამოსაუბრე.

სახარებიდან „მთის ქადაგებას“ ახსენებს НАУ-ს საკოორდინაციო საბჭოს წევრი მიხაილ კირილიუკი.

„დახმარება ყველგან, ციხეში საჭმლის შეგზავნა არის ქველმოქმედება, ქრისტიანული მსოფლმხედველობის ნაწილი, ეს „მთის ქადაგებაშიც“ კი არის ნახსენები. და აქ კი უდანაშაულო ადამიანის დახმარებისთვის საპატიმროში სვამენ. ეს არის ადამიანის უფლებების და მორალური ფასეულობების შეურაცხყოფის საშინელი დონე.

ეს ნიშნავს, რომ სასტიკი წესწყობილების მეოთხე წელსაც კი ლუკაშენკო და მისი თანამოაზრეები თავს დაცულად არ გრძნობენ. ამიტომაც ცდილობენ ქვეყანაში შიშისა და ტერორის ატმოსფეროს შენარჩუნებას, ვინაიდან აშკარად ამას თვლიან ძალაუფლების ერთადერთ წყაროდ“, - განაცხადა ადვოკატმა.

Human Constanta-ს იურისტი ასევე აღნიშნავს სხვა ახალ ტენდენციებს: ექსტრემიზმის მუხლებით ხელისუფლების მხარდამჭერების, პრორუსი აქტივისტებისა და მთავრობის მომხრე პროფკავშირების წევრების გასამართლებაც კი დაიწყო.

„წლის მეორე კვარტალში ექსტრემისტული მასალების გავრცელებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს.

ექსტრემიზმის გამო „რეიდების“ ყველაზე პოპულარული სამიზნე არიან ბლოგერები და ჟურნალისტები (და არა ქვეყანაში დარჩენილი ოპოზიციონერები) და სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები (როდესაც მასობრივი რეიდები და წმენდა ეწყობა). განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასევე კათოლიკე მღვდლებს. თუმცა მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა ძნელია. ეს იმდენადაა გავრცელებული, რომ მოიცავს პენსიონერებს, მრავალშვილიან მშობლებსაც და არასრულწლოვანებსაც“, - დაასკვნის Human Constanta-ს იურისტი.

საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა დაკავება მინსკში, 2020 წლის შემოდგომა
საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა დაკავება მინსკში, 2020 წლის შემოდგომა

რატომ არ მცირდება ექსტრემისტების რაოდენობა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლუკაშენკამ შეიწყალა თითქმის 150 ადამიანი, რომლებიც მსჯავრდადებულნი არიან „ექსტრემიზმის“ ბრალდებით. თუმცა, ბელარუსში „ექსტრემისტების“ რაოდენობა პრაქტიკულად არ მცირდება. ექსპერტები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

პირველ რიგში, ყოველ შემთხვევაში 2024 წლის მესამე კვარტალში, უფრო მეტი ადამიანი დააკავეს, ვიდრე შეიწყალეს ან გაათავისუფლეს. „ექსტრემისტების“ სიაში შედიან ადამიანები, რომლებმაც სრულად მოიხადეს სასჯელი და ასევე ლუკაშენკას მიერ შეწყალებულები - ისინი გაათავისუფლეს ნასამართლობის მოხსნის გარეშე. ამიტომ, შეზღუდული აქვთ უფლებები.

ექსტრემისტთა სიაში შეყვანილი მოქალაქეებისთვის მოქმედებს მთელი რიგი აკრძალვები ნასამართლობის მოხსნამდე და მას შემდეგ კიდევ 5 წლის განმავლობაში: საბანკო ანგარიშის გახსნა, ერთჯერადი გადახდები, გადარიცხვები, ქვითრები და სხვა ოპერაციები სპეციალურად კონტროლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, ექსტრემისტების გარდა, ასევე არის 245 ექსტრემისტული ორგანიზაციის, გაერთიანების, კერძო მეწარმეების, მედიასაშუალებებისა და თვით მუსიკალური ჯგუფების სიები, რომელთაგან ზოგიერთში ათობით ადამიანია გაერთიანებული. სია 67-გვერდიანია.

გარდა ამისა, არსებობს ტერორისტების სია, რომელშიც 1289 ადამიანი შედის. მას ადგენს ბელარუსის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი: სიაში შეჰყავთ ნამდვილი ტერორისტები უცხოეთიდან, ასევე ბელარუსები, რომლებიც მსჯავრდადებულნი არიან გარკვეული მუხლებით. ტერორისტების სია შეგიძლიათ ნახოთ ტელეგრამის არხზე: @KGB_BY_channel.

ამ სიაში შეტანილია 700-ზე მეტი უცხოელის გვარი. ისინი სხვადასხვა, მათ შორის - ავღანეთის, პაკისტანის, ტუნისის და სხვა ქვეყნების და, ასევე, საქართველოს მოქალაქეები არიან. სიაში დაახლოებით 570 ბელარუსია. ისინი მსჯავრდადებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის პოლიტიკური მუხლებით (130, 361, 293, 289).

ბელარუსის ხელისუფლებამ ამას გარდა „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა რამდენიმე ათასი სტატია და მასალა, ამბობს აგეეუ:

„და „ექსტრემისტების“ სიაში შედიან არა მხოლოდ ამ მასალების წყაროების მფლობელები, არამედ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ის მოეწონა ან ვინმეს გაუგზავნა. მას შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის ან ადმინისტრაციული პატიმრობის სახით 15 დღემდე.

სასამართლოში არაფრის დამტკიცება არ არის საჭირო, ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს. თუ კაგებეს თავმჯდომარემ მედიასაშუალება ექსტრემისტულად აღიარა, თქვენ ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან ხართ კავშირში, ექსტრემისტულ მედიასთან ინტერვიუსთვის კი 3 წლით ციხეში ჩაგსვამენ“, - ამბობს ბელარუსის ჟურნალისტთა კავშირის იურისტი.

მედიასაშუალებების უმეტესობა ბელარუსის კაგებეს მიერ იქნა შეყვანილი ექსტრემისტული ჯგუფების სიაში. პროცედურა არ არის გამჭვირვალე, საჯაროდ არ არის ცნობილი, თუ როგორ განსაზღვრავენ კონკრეტული გამოცემის ან მასალის „ექსტრემისტულ“ ხასიათს.

„სასამართლო, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს, რეალურად ამას არ აკეთებს. ის იღებს ბრძანებას კაგებედან და უბრალოდ დამნაშავედ ცნობს ადმინისტრაციულ საქმეში მოწონების ან გავრცელების გამო. ე.წ. ექსტრემისტულ მედიასთან ინტერვიუსთვის კი რეალური სასჯელი არსებობს“, ახსნის აგეეუ, რომლის შეფასებით, „თვით ექსტრემიზმის ცნება უკანონოა, პროცედურა უკანონოა, გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კლასიკური ვერსია“.

XS
SM
MD
LG