Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უკეთ გამოიყენებს "კარტოგრაფების საქმეში" აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებს - ბრალდება თუ დაცვა?


"კარტოგრაფების საქმის” სასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე  საქმეში მტკიცებულების სახით გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომელიც გამოძიების საწყის ეტაპზე, მართალია, სასამართლოს ნებართვით, მაგრამ  ფარული თვალთვალისა და მიყურადების გზით არის მოპოვებული.

სექტემბერში, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალის წარდგენამდე საკუთარ სამუშაო ოთახებში უსმენდნენ და უყურებდნენ. მასალის შესახებ, რომელიც პროკურატურამ საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვა, ბოლო დრომდე არაფერი იყო ცნობილი არც თავად ბრალდებულებისა და არც მათი ადვოკატებისთვის. სახელმწიფო ბრალდების მხარემ ამ მასალების „გამოჩენა” საჭიროდ არ ჩათვალა წინა სასამართლო სხდომაზე, ნოემბერში, როცა დამატებით ორი თვე ითხოვა საგამოძიებო სამუშაოებისთვის. ამ სხდომაზე სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, დაცვის მხარის კი - არა. ადვოკატები ბრალდებულების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

20-წუთიანი საუბრის ფრაგმენტი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაცვის მხარეს, პროკურატურამ 21 იანვარს ისე გაასაჯაროვა, რომ მათი არსებობის შესახებ წინა დღეს არაფერი უთქვამს ბრალდებულებისთვის ბრალის მოტივის დაზუსტებისას და არც წინასწარ პატიმრობაში მყოფი კარტოგრაფების ადვოკატებისთვის ჰქონდა გადაცემული. ვიდეო საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში 2020 წლის 28 სექტემბერს არის გადაღებული, ანუ ერთი დღით ადრე, სანამ პროკურატურა საჯაროდ იტყოდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები საქართველოს საზიანოდ არის შეთანხმებული. ამ მომენტისთვის „კარტოგრაფების საქმის” გამოძიება უკვე დაწყებულია, დავით ხიდაშელის მიერ რუსეთის არქივებში ნაპოვნი რუკებიც უკვე საქართველოშია და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილიც დაკითხულია.

პროკურატურა აცხადებს, რომ ფარული თვალთვალის გზით მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში, ივერი მელაშვილი საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრს, მალხაზ მიქელაძეს ესაუბრება. ამ ვიდეოჩანაწერებით პროკურატურას სურს, სასამართლო და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ივერი მელაშვილი ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებებს ზემდგომი პირების დავალებებით იღებდა. იმ დროს, როცა ჩანაწერია გაკეთებული, გამოძიებას ჯერ არ ჰყავდა დაკითხული ივერი მელაშვილი, თუმცა მოწმის სახით ჩვენება უკვე მიცემული ჰქონდა მალხაზ მიქელაძეს, რომელიც 11 სექტემბერს დაიბარეს პროკურატურაში პირველად გამოკითხვაზე. მას ამ საქმეზე ორი ჩვენება აქვს მიცემული, მეორე ჩვენების მისაცემად, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა და სადაც უკვე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა, 4 დეკემბერს დაიბარეს.

საუბრის გამოქვეყნებული ფრაგმენტიდან ირკვევა, რომ მალხაზ მიქელაძეს ამ თემაზე საუბარი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთანაც და ახლა ივერი მელაშვილთან იმ საკითხებს განიხილავს, რისი დაზუსტებაც ვერ შეძლო მინისტრთან საუბრისას.

  • რატომ არ ასაჯაროებდა პროკურატურა სექტემბერში გაკეთებულ ჩანაწერებს იანვრამდე?
  • რამდენი ხანი უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ ბრალდებულებს?
  • იცოდა თუ არა ვინმემ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ ამგვარი ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში?
  • რას და ვის გულისხმობს სახელმწიფო ბრალდების მხარე, როცა ლაპარაკობს დავალების შესრულებასა და დავალების მიმცემებზე?
  • თუ დავუშვებთ იმას, რომ ბრალდებულები მართლაც ასრულებდნენ დავალებებს, როგორ შეიძლება დამნაშავე მხოლოდ ისინი იყვნენ და არა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მათ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო დავალებებს აძლევდა?
  • დევს თუ არა საქმეში ფარული მიყურადებით მოპოვებული სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა არსებობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით?

ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ კითხვებისა, რომელიც დღეს ჟურნალისტებმა პროკურორს დაუსვეს, თუმცა პასუხები ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ მიიღეს.

ამირან გულუაშვილმა საქმეში არსებული ჩანაწერების ამ დრომდე გამოუქვეყნებლობა გამოძიების ინტერესებით ახსნა, თუმცა, რა კონკრეტულ ზიანს მოუტანდა საქმეს სექტემბერში მოპოვებული ვიდეომასალის ჩართვა, არ დაუზუსტებია. მას არც ის დაუკონკრეტებია, რა დროის განმავლობაში იყვნენ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თვალთვალისა და ფარული მიყურადების სამიზნეები და არც ის, თუ რამდენსაათიანი და რა შინაარსის მასალა აქვს გამოძიებას მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების გზით.

პროკურორმა კვლავ ბუნდოვნად და კონკრეტიკის გარეშე ილაპარაკა დავალების მიმცემ მაღალჩინოსნებზე და თქვა, რომ სხვების ბრალის გამოკვეთის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. მან ვერ ახსნა, როგორ შეიძლება დამნაშავე იყოს კომისიის წევრი და არა კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც აქვს გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი და არც ის დაუკონკრეტებია, როგორ შეიძლება, თუნდაც ცუდად დახაზულმა რუკამ ქვეყანას დააკარგვინოს ტერიტორია მაშინ, როცა საზღვრის დადგენის და შეთანხმების რთულ და ხანგრძლივ პროცესში რუკები მხოლოდ ერთ კომპონენტს წარმოადგენს.

დღეს თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ:

  • „ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. [ივერი მელაშვილი] ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე”.
  • „ივერი მელაშვილის საუბრით დასტურდება, რომ მათი, როგორც ექსპერტების, გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში, მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია”.
  • „ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით”.

გენერალურმა პროკურატურამ, დღესვე, გარდა ივერი მელაშვილისა და მალხაზ მიქელაძის საუბრის ჩანაწერისა, გაასაჯაროვა 20-წამიანი აუდიოჩანაწერი ნატალია ილოჩოვას მონაწილეობით, სადაც ის პირად კომპიუტერში არსებულ მასალაზე, მოსაზრებებსა და საარქივო მასალაზე საუბრობს. ჩანაწერის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ბუნდოვანი რჩება, ვის ან რა კონტექსტში ესაუბრება ნატალია ილიჩოვა, არც ის არის ცნობილი, ეს ჩანაწერი როდის და რა სივრცეშია გაკეთებული.

„მე რომ მცოდნოდა წინასწარ, სახლის კომპიუტერს მაინც გამოვიტანდი სახლიდან. მე შემეძლო, ეს გამეკეთებინა, ხო?” - ისმის ამ ჩანაწერში ნატალია ილიჩოვას ხმა. კაცი კი, რომლის ვინაობაც დაუდგენელი რჩება, ეუბნება, რომ ამის თქმა არ შეიძლება.

ორივე ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურის ახალი მტკიცებულებები მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის, მეტიც, ადასტურებს კარტოგრაფების უდანაშაულობას, პროცედურულად კი, თვეების წინ მოპოვებული ჩანაწერების გასაიდუმლოება და მათი ისე გასაჯაროება, როცა ჯერ საზოგადოება იგებს მათ შესახებ და მერე დაცვის მხარე, გამართლებული არ არის და სრულფასოვანი დაცვის უფლების განხორციელებას ხელსაც კი უშლის.

კიდევ ითქვა თუ არა დღეს რაიმე ახალი?

ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, საქმის პროკურორმა მედიასთან თქვა, რომ გამოძიებას უკვე გამოკითხული ჰყავს ამ საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 21 იანვარს კი რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კარტოგრაფების საქმეზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი 2006-2008 წლებში, ბადრი ბიწაძე.

„მე მაქვს ჩემი პირადი შეხედულება, როგორც პროფესიონალს და როგორც მოქალაქეს, რომ ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური“, - განაცხადა ბიწაძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ. მისი დაბარება საგამოძიებო სტრუქტურაში სავარაუდოდ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ გიორგი მანჯგალაძესთან ერთად, მასაც ახსენებს ივერი მელაშვილი მალხაზ მიქელაძესთან საუბრისას.

და მაინც, რას ეუბნება ივერი მელაშვილი მალხაზ მიქელაძეს?

დავით გარეჯის შესახებ მათი დიალოგი დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. მალხაზ მიქელაძე სთხოვს ივერი მელაშვილს, 2006-2007 წლის კომისიის ის ოქმები აჩვენოს, სადაც დავით გარეჯის მონაკვეთების დამტკიცებულ ნაწილებზეა საუბარი. ივერი მელაშვილი უხსნის, რომ დავით გარეჯი მხოლოდ ჩიჩხუტურის კოშკამდეა დამტკიცებული. საუბრის ბოლოს მალხაზ მიქელაძე და ივერი მელაშვილი დავით გარეჯის შეუთანხმებელ მონაკვეთს განიხილავენ. საუბარში იხსენიება ორი პირი, რომელთაგან ერთი სავარაუდოდ კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მანჯგალაძეა, მეორე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ბადრი ბიწაძე. საუბრიდან ირკვევა, რომ ივერი მელაშვილს და გიორგი მანჯგალაძეს რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.

საუბრის ბოლო ფრაგმენტში ივერი მელაშვილი პასუხობს მალხაზ მიქელაძის კითხვას, ყოფილა თუ არა კომისიის მუშაობისას შემთხვევა, როცა აზერბაიჯანმა ტერიტორია დათმო, რაზეც ივერი მელაშვილი პასუხობს, რომ ასეთი რამ არ ახსენდება. თუმცა, ყოფილა ცალკეული საკითხები, რომლებიც ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა.

მალხაზ მიქელაძე: სადმე ისეთი გასწორება ხომ არ გახსენდება, რომ დავუშვათ, აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო?

ივერი მელაშვილი: რაღაც ასეთი რომ დაეთმო? ახლა რომ დაეთმო თავისი ნებით და რაღაცა... მაგნაირი არაფერი არ მომხდარა.

მალხაზ მიქელაძე: თავისი ნებით არა, საბოლოოდ, ექსპერტების დონეზე და კომისიის დონეზე...

ივერი მელაშვილი: არა, მხოლოდ და მხოლოდ რუკების მიხედვით და, ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ არ არიან მაგის ჩიტები ეგენი. ვერ იღებს [აზერბაიჯანის მხარე] გადაწყვეტილებას, როგორ უნდა დათმოს. მე კიდე, ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი კიდე, ასე ვთქვათ, თავისუფლები ვიყავით... ვასაბუთებდით, გაგებით ვეკიდებოდით... და იქაურ ექსპერტთა ჯგუფი ის პირველი მონაკვეთი რომ შეთანხმდა… იმიტომ რომ იქამდე არ ჩამოვიდა საზღვარი, სადაც მანამდე უნდოდათ ...იმის შემდეგ რა ვიცი, კომისიის თავმჯდომარე მოხსნეს რაღაცა იქ და არ გაულახიათ მაგათი ექსპერტები, თორემ აღარ დააკლეს არაფერი და იმის შემდეგ თავის თავზე ვერაფერს იღებდა. [ტექსტის ეს ნაწილი შეკვეცილია სტილისტურად]

მალხაზ მიქელაძე: ნუ ეხლა იგივე იქნება აქეთა მხარესაც, დიდად შორს არ წასულხართ“.

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა 28 იანვარს უნდა გაიმართოს. სასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე მხარეებმა ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე ჰქონდათ მოპოვებული, ერთმანეთს გაუცვალეს. ამ დროისთვის ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს უკვე ხელთ აქვთ ის ყველაფერი, რასაც პროკურატურა კარტოგრაფების წინააღმდეგ სასამართლოში წარადგენს. გამოძიება ახლა უკვე არა კარტოგრაფების ბრალეულობას, არამედ სხვების, მათთვის დავალებების მიმცემი პირების, მოძებნას შეეცდება.

XS
SM
MD
LG