გელა ბეჟუაშვილმა 9 ოქტომბერს თქვა, რომ კომისიის ორივე წევრმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ „დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დადგენის პროცესში და ამისთვის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ“. 1 დეკემბერს დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეჭვი არ ეპარება წინასწარ პატიმრობაში მყოფი კომისიის ყოფილი წევრების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმში. მათ მიმართ ნდობა დააფიქსირა გამოკითხვისასაც, პროკურატურაში, რადიო თავისუფლებას კი 8 დეკემბერს უთხრა, რომ საქმე გვაქვს პერსონალურ ტრაგედიასთან.
პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, თქვენ თქვით, რომ თუ იყო გადაცდომები და ჩადენილია დანაშაული, ისე შეიძლებოდა გამოძიება, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არ დაეკავებინათ. გულისხმობდით იმას, რომ შესაძლოა კომისიის წევრებმა ან ვინმე სხვამ კომისიიდან, მართლაც ჩაიდინეს დანაშაული?
მე გამოვრიცხავ დანაშაულს. მე ცალსახად დავაფიქსირე, რომ ექსპერტების წინასწარი დაკავება საერთოდ არ არის საჭირო, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. მათი დაკავება არაფრით არ არის გამართლებული. არ ვიცი, ამ ორ ადამიანს როგორ უნდა ავუხსნათ, რატომ მივაყენეთ ასეთი შეურაცხყოფა, ან ბოდიში როგორ უნდა მოვუხადოთ ასეთი მძიმე ბრალდების შემდეგ - ძალიან მნიშვნელოვან პერსონალურ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე.
სანამ ყველაფერი მოლაპარაკებული არ არის, არაფერი არ არის მოლაპარაკებული.
ის, რასაც ამ ადამიანებს ედავებიან, კოლექტიური პასუხისმგებლობის თემაა. საზღვრის დადგენა რთული, ხანგრძლივი და ბევრი პროცედურებით გასავლელი პროცესია, ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობის თემა. გამორიცხულია, აქ თუნდაც პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, იმპერატორმა რაიმე მარტომ გადაწყვიტოს. იმპერატორმა შეიძლება ალბათ გადაწყვიტოს, მაგრამ რეალურად შეთანხმებების ისეთი საფეხურებია გასავლელი საზღვრის შეთანხმებამდე, წარმოუდგენელია, რასაც ამ ადამიანებს ედავებიან.
ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებით საზღვართან მიმართებით, არსებობს კარგად ცნობილი პრინციპი: სანამ ყველაფერი მოლაპარაკებული არ არის, არაფერი არ არის მოლაპარაკებული. ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, შეთანხმებულ მონაკვეთებზე, ეს არის ტექნიკურ დონეზე თანხმობა იმაზე, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს არ ვედავებით რუკაზე დატანილ ობიექტებსა და მონაკვეთებზე. ჩვენ ვართ ძალიან დასაწყისში იმ გზის, რაც გასავლელი აქვს ამ პროცესს. პირველი დრაფტიც კი არ გვაქვს, პროექტიც კი არ გვაქვს საზღვრის დადგენის. ჩვენ ფართო განხილვაც არ გვქონია ამ საკითხების - პირველ ნაბიჯებზე ვართ და იქაც საკითხის პოლიტიზირება მოხდა.
თქვენ თქვით, რომ ეს პროცესი უარყოფითად იმოქმედებს ნებისმიერი შემდგომი კომისიის მუშაობაზე. რას გულისხმობდით კონკრეტულად?
ამ პროცესს აკვირდებიან ის ადამიანები, ვინც ზის მაგიდის მეორე მხარეს. წლებია, აზერბაიჯანში არ შეცვლილა კომისიის თავმჯდომარე, კომიიის წევრებიც ძირითადად ერთი და იგივე ხალხია, ძალიან გამოცდილი გუნდი, კარგად შეთამაშებული. ამ ამბის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ მორალური განწყობა ახლანდელი კომისიის წევრების და იმ ექსპერტების, რომელიც ხვალ და ზეგ დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას და დაუჯდება აზერბაიჯანის მხარეს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად?! ძალიან რთული იქნება ფსიქოლოგიურად და მორალურად. ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი საკითხების გადადების, გადაწყვეტილების არმიღების, პრობლემის თავიდან მოშორების - ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ ისედაც გაწელილ პროცესს კიდევ უფრო გავწელავთ და პროცესის გაწელვა არის სტრატეგიული შეცდომა.
მეორე საკითხია მოლაპარაკების სტრატეგია და ტაქტიკა პარტნიორ მეზობელთან. როცა შენ აცხადებ, რომ წლებია არასწორ დოკუმენტებს იყენებ და ამას აცხადებ საჯაროდ, კითხავ საჯარო პირებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, შენ ქმნი სერიოზულ არასტაბილურობის შეგრძნებას შენს პარტნიორებში. რა ხდება თქვენთან?! როგორ გენდოთ?! - ასეთი კითხვები ჩნდება. ბევრი ასპექტი ამ პროცესში შემდგომ მოლაპარაკებებზე მოახდენს მხოლოდ უარყოფით გავლენას.
რა ნდობის ხარისხი აქვს ამ კომისიას?
ჩვენ მართლა ვენდობოდით კომისიის წევრებს, საინტერესო იქნება ახლანდელი ხელსუფლების პასუხი კითხვაზე, რა ნდობის ხარისხი აქვს ამ კომისიას - ხომ შეიძლება ხვალ და ზეგ ეჭვის ქვეშ დააყენონ ამ კომისიის შემადგენლობა, სანდოობა ან პროფესიონალიზმი. ძალიან შორს წავალთ ამ მიდგომით.
ჩვენებაში, რომელიც პროკურატურას მიეცით, თქვით, რომ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ქვეყნის პოლიტიკური ამოცანა და ინტერესი იყო საზღვრების სწრაფად დადგენა მეზობელ ქვეყნებთან. ბოლო წლებში ეს პროცესი შენელებულია, 2007 წლის შემდეგ გვაქვს ახალი შეთანხმებული მონაკვეთები მეზობელ ქვეყნებთან?
საზღვრის დადგენის პროცესი არის მრავალეტაპიანი, პრინციპში, ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი.
დაუდგენელი საზღვარი ორ მეზობელს შორის არის მუდმივი, გრძელვადიანი სტრატეგიული პრობლემა ან პრობლემის წყარო, რომელიც გავლენას ახდენს შემდგომ ურთიერთობებზე. დაუდგენელი საზღვარი მეზობლებთან ნიშნავს იმას, რომ ამას ან გარე ძალა, ან შიგნით რომელიმე პოლიტიკური ძალა გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ყოველთვის იქნება არასტაბილურობის ძალიან მგრძნობიარე წყარო. ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე საკითხია და მისი დროული და ეფექტური გადაწყვეტა უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი, ასე უნდა უდგებოდეს ხელისუფლება ამ თემას.
მე ვერ წარმომიდგენია ხელისუფლება, რომელსაც არ უნდა გააჩნდეს პოლიტიკური ნება, დაადგინოს საზღვარი მეზობელთან და იმედი მაქვს, ამ ხელისუფლებასაც აქვს პოლიტიკური ნება. არ ჩანს ეს მოქმედებებში, ამდენი წელია არაფერზე არ არის შეთანხმება მიღწეული. საკითხის გადაწევა იქნება სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას.
სანამ შენ არ გაქვს სამართლებრივად დადგენილი საზღვრები, არ გაქვს საზღვრის შესახებ ხელშეკრულება რატიფიცირებული და ძალაში შესული, შეუძლებელია, მაგალითად, ნატოში შესვლა. შეიძლება გქონდეს გაურკვეველი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, მაგრამ საზღვრები მეზობლებთან დადგენილი უნდა გქონდეს და სამართლებრივად გაფორმებული - ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მეზობელთან უნდა გქონდეს ხელშეკრულება საზღვრის დელიმიტაციის შესახებ.
ეს აქტუალური იყო მაშინაც, აქტუალურია დღესაც.
თქვენ თქვით, რომ საზღვარს არ ადგენს რუკა, საზღვარს ადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია და შეთანხმება, რუკა ამ საქმეში მხოლოდ ინსტრუმენტია. პარალელურად, ჩვენ ბოლო თვეებია ვლაპარაკობთ რუკების მასშტაბებსა და ორი ადამიანის პასუხისმგებლობასა თუ უპასუხისმგებლობაზე. როგორ შეიძლებოდა ამ პროცესების უფრო ეფექტურად მართვა, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კარტოგრაფიული მონაცემები საქართველოსთვის ხელსაყრელ სურათს არ ქმნის?
ყველას ალბათ არ ესმის, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება, რომ საზღვრის საკითხები მთელ მსოფლიოში დგინდება მოლაპარაკებების შედეგად. საზღვარს განსაზღვრავენ არა ძველი რუკები, არამედ მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან დაწყებულია 1996 წლიდან და მაშინ ინსტრუმენტად შეირჩა ეს რუკები. მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებები, კომპრომისები მოლაპარაკების შედეგად შეიძლება წყვეტდეს საზღვრის ბედს.
მოლაპარაკებებში ორივე მხარის კეთილი ნება არის საჭირო იმისათვის, რომ საზღვარი დადგინდეს. რუკა რომც იყოს შენს სასარგებლოდ, თუ მეორე მხარეს გააჩნია ეკონომიკური, სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკური, კულტურული ან სხვა რაიმე ინტერესი, ის რასაკვირველია დააყენებს საკითხს და თავის არგუმენტებს მოიშველიებს იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ტერიტორია მისთვის მნიშვნელოვანია. შეგიძლია, ასეთი ტერიტორიების ბედი სხვა ტერიტორიების გაცვლით გადაწყვიტო, შეიძლება დათმობის გარეშეც, კეთილი ნება გამოიჩინოს მეორე მხარემ. მოლაპარაკებებში ყველა მეთოდი გამოიყენება, რომ შენს მიზანს მიაღწიო, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს შენი პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით. მე ასეთი მოლაპარაკებების მჯერა და ჩემი პირადი მოლაპარაკებების სტილი ყოველთვის იყო ასეთი. რთულია, ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, მეზობლებთან ამ პრინციპით გვემოქმედა.
შესაძლოა დამნაშავეთა წრეც გაფართოვდეს, ისე წავიდა ყველაფერი.
არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა მეზობლებთან მაშინ არ იმართებოდა ისე, რომ საზღვრის საკითხები არ ყოფილიყო განხილული. არც პრეზიდენტის, არც პრემიერ-მინისტრის, არც პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები არ გამართულა ისე, რომ სასაუბრო თემებში არ ყოფილიყო საზღვრის დადგენის საკითხები. პოლიტიკური ნება იყო ასეთი და სახელმწიფო პოლიტიკა. მართლაც მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ამ საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აზერბაიჯანთან სტაბილური ურთიერთობა გავაგრძელოთ.
ფაქტია ისიც, რომ 2007 წლიდან 2020 წლამდე ამ მიმართულებით ძვრა არ შეიმჩნევა.
გამოკითხვაზე თქვენ გკითხეს რამდენიმე მონაკვეთზე, რომელიც საქართველოს ტერიტორია იყო და იმ დროს, როცა თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით, აზერბაიჯანის ტერიტორიულ სივრცეში მოექცა. მათგან ერთი 691 ჰექტარია, მეორე - 1 089 - ეს კითხვები გიჩენთ თუ არა ეჭვს, რომ გამოძიება კარტოგრაფების საქმეზე, არსებული ბრალდებულების გარდა, ეძებს სხვა დამნაშავეებსაც და შეიძლება ერთ-ერთი ასეთი თქვენ იყოთ?
გამორიცხული არაფერია, ეს აბსურდის თეატრი შეიძლება უსასრულოდ თამაშობდეს თავის სპექტაკლს. შესაძლოა დამნაშავეთა წრეც გაფართოვდეს, ისე წავიდა ყველაფერი. როგორც ყოფილი თანამდებობის პირი და სახელმწიფო მოხელე, ძალიან ვწუხვარ ასეთი საკითხის პოლიტიზების გამო. ის, რომ მოაგვარო საზღვრის საკითხი მეზობელთან, არის ეროვნული ინტერესის საგანი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და როცა ამ თემაზე გამოძიებას იწყებ არჩევნების წინ, ძალიან ცხელ პერიოდში და სხვადასხვა აქტორებს აძლევ საშუალებას, ეს თემა თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ, ეს, ჩემი აზრით, ძალიან წინდაუხედავი საქციელია. მე არ ვიცი, აქ ვინმემ მიიღო თუ არა რაიმე პოლიტიკური დივიდენდები, მაგრამ სახელმწიფომ ნამდვილად მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი.