კარტოგრაფების საქმეზე ამ დრომდე ჩვენება მიცემული არ აქვთ ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთა მონაწილეობაც ამ საქმეში ნათლად არის გამოკვეთილი.
კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა ბეჟან მაისურაძე. იგი ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ერთად ესწრებოდა აგვისტოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, უფრო ადრე კი თავდაცვის სამინისტროში ჰქონდა შეხვედრები იმის გასაგებად, თუ რა სახის კარტოგრაფიული მასალის მოძიება სჭირდებოდა საქართველოს. პირველ ჩვენებაში ბიზნესმენი ხიდაშელი ამბობდა და მას სწორედ ბეჟან მაისურაძემ სთხოვა დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას დაკარგული რუკების მოძებნაში.
დავით ხიდაშელის მეორე ჩვენების მიხედვით, რუკების მოძიება მას არა მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ სთხოვა, არამედ “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილიმა. ეს განსხვავებული ვერსია მან პირველად სატელევიზიო ინტერვიუს დროს ახსენა, სადაც თქვა, რომ მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძე კი გადასცა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ხიდაშელმა რუსეთში მოიძია, მაგრამ მათი მოძიება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.
აი რას ამბობს დავით ხიდაშელი ბეჟან მაისურაძეზე თავის ჩვენებაში.
“ბეჟან მაისურაძე არის 64 წლის, საქართველოს დამსახურებელი მშენებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 2003 წლის მოწვევის და იმ ჩხუბის მონაწილე პარლამენტში, რომელიც მოხდა 2003 წელს ვარდების რევოლუციის პერიოდში, რის გამოც 2003 წლის შემდგომ 8 წელი იგი იდევნებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ. მოგახსენებთ, რომ ბეჟან მაისურაძე არის უაღრესად მორწმუნე ადამიანი, არის სტიქაროსანი და აგრეთვე შთამომავალი საეკლესიო წმინდანის წმინდა იოანე აღმსარებელი (მამა გაბრიელის გამზრდელი და სულიერი მამა), რომელიც იყო ერთ-ერთი ბოლო მსახური წმინდა ათონის მთის ივერთა მონასტერში.”
ცნობები ბეჟან მაისურაძის შესახებ ქართულ ენაზე უფრო მწირია, ვიდრე რუსულად - ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, ბეჟან მაისურაძე:
- 1987-1991წლებში ტრესტის მმართველი იყო;
- 2004 წლიდან მუშაობს მოსკოვში "მოსინმშენის" N91 სამშენებლო სამმართველოს გენერალურ დირექტორად;
- 2003 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად;
- 2013 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად, თუმცა მეცნიერებათა აკადემიის საიტზე მის შესახებ ცნობები ამ დროისთვის იძებნება.
ბეჟან მაისურაძე სულ მცირე ორი რუსული ორგანიზაციის თანადამფუძნებელია. “თანამემამულეები” მაისურაძემ იგორ გიორგაძესთან ერთად დააფუძნა, ასევე იგორ გიორგაძეა მისი მეორე ორგანიზაციის “თანამემამულეების" ["СООТЕЧЕСТВЕННИКИ"] ხელმძღვანელი.
1993-1995 წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძეს 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება ედებოდა ბრალად. იგორ გიორგაძე იმ დღესვე ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზიდან მოსკოვში გაფრინდა და საქართველოში აღარ ჩამოსულა. 2012 წელს მან საქართველოს პროკურატურას მის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის თხოვნით მიმართა, 2013 წელს კი სცადა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიეღო. ინტერპოლმა გიორგაძის ძებნა 2016 წელს შეწყვიტა, რადგან მას რუსეთის მიერ ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ რუსეთში პარტია "სამართლიანობა" და ორგანიზაცია "ანტისოროსი" დააფუძნა. მას წარსულში არაერთი ცრუ ინფორმაცია გაუვრცელებია თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც მისივე თქმით, საფრთხეს უქმნის რეგიონს და მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ.
ფონდი “თანამემამულეები” იგორ გიორგაძემ და ბეჟან მაისურაძემ 2009 წელს დაარსეს და მისი მიზანი ქართველი და რუსი ეროვნების მოქალაქეების სულიერ-ისტორიული და ნაციონალურ-კულტურული ტრადიციების აღორძინებაა. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფონდებთან, არქივებთან და ბიბლიოთეკებთან მუშაობაა. მათი მეორე საერთო ორგანიზაციის შესახებ ცნობები შედარებით მწირია.
17 ოქტომბერს პროკურატურაში დავით ხიდაშელმა თქვა ისიც, რომ მის მიერ “საჯაროდ ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაცია არ გამორიცხავს და წინააღმდეგობაში არ მოდის გამოკითხვის დროს მოწოდებულ ინფორმაციასთან და პირიქით, ტელევიზიით გაჟღერებულმა ინფორმაციამ შეავსო მისი ჩვენება.” ამ გამოკითხვისას დავით ხიდაშელმა პროკურორს უთხრა, რომ 2019 წლის სექტემბერში მას ტელეფონით დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ხიდაშელი კარტოგრაფიული მასალების მოძიებით და შეგროვებით იყო დაკავებული და სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ თავდაცვის სამინისტროს სჭირდებოდა მისი დახმარება საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის საკითხთან დაკავშირებული რუკების მოძიებაში.
“ჩვენი საუბარი იყო მხოლოდ ზოგადი ხასიათის, შესაბამისად, ჩემთვის უცნობი დარჩა კონკრეტულად რა საარქივო მასალის მოძიება იყო საჭირო. აქვე აღვნიშნავ, რომ კარტოგრაფიული მასალის მოძიება შესატყვისი რუკების ნომენკლატურის მონაცემების მითითების გარეშე შეუძლებელი” - აზუსტებს დავით ხიდაშელი პროკურორთან იმის ასახსნელად თუ როგორ დაეხმარა მას ბეჟან მაისურაძე თავდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციაში.
ხიდაშელი ჩვენებაში წერს, რომ თავდაცვის სამინისტრომ მას რუსეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს სახალხო კომისართა საბჭოების მიერ 1937-1938 წელს გამოშვებული საქართველოს რუკები და სხვა შესატყვისი დოკუმენტების მოძებნა სთხოვა.
“კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ გამოკითხვის დროს, გამოძიებისთვის არ განმიცხადებია, რომ თავდაპირველად დახმარება რუკების მოძიებაში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის საკონტაქტო მონაცემების გარდა არაფერი უცნობებია და ვთვლიდი, რომ აღნიშნულ საკითხს გამოძიებისთვის არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს” - ესაა ფრაგმენტი დავით ხიდაშელის მეორე ჩვენებიდან, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
დავით ხიდაშელის ჩვენების ეს ბოლო ფრაგმენტი, სადაც ის აფასებს, თუ რა ინფორმაცია შეიძლება იყოს გამოძიებისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი, გარკვეულწილად თანხვედრაშია გამოძიების პრიორიტეტებთან.
ამ საქმეზე პროკურატურას არ დაუკითხავს მოქმედი თავდაცვის მინისტრი, რომელიც არაერთი ჩვენების მიხედვით, მნიშვნელოვანი პერსონაა ამ საქმეში - დავით გარეჯის წინამძღვარი, მამა კირიონი სწორედ მას უმადლის ამ საქმის ამგვარად განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილს თუკი პროკურატურა არ დაკითხავს სასამართლო პროცესების დაწყებამდე, ამ მოთხოვნას ბრალდებულების დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობის სახით.
პროკურატურას ამ საქმეზე არც ბიძინა ივანიშვილი ჰყავს დაკითხული, არც ბეჟან მაისურაძე და არც მაგალითად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრებს სასულიერო პირებისა და კომისიის წევრების მონაწილეობით, სადაც საზღვრის დადგენის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები განიხილებოდა.
გამოძიება ამ დრომდე არც წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვით დაინტერესებულა და ერთადერთი, ვინც ამ საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მხარემ დაკითხა, ზურაბ ნოღაიდელია, რომელიც ჩვენებაში იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მას არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონდა საზღვრის დადგენის კომისიის მუშაობაში და არც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში იყო ჩართული.
დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა პროკურატურისგან საქმის მასალები ბოლოს 10 დღის წინ გაცვალეს და როგორც ისინი ამბობენ, ამ მასალებში მნიშვნელოვანი არაფერი იყო, მით უმეტეს არაფერი ისეთი, რაც ბრალდების მხარის პოზიციას გაამყარებდა და დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებდა.
“სამართლებრივად თუ შევაფასებთ ამ საქმეს, ყველაზე გონივრული იქნება შეწყვიტონ საქმე და ეს ადამიანები გაათავისუფლონ. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე სასამართლომდე არ მივიდეს და ვფიქრობ, უნდა ეყოთ ამისთვის გონიერება” - ასეთია დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, სულხან კომახიძის პოზიცია.
“არ არის ეს საქმე ასე მარტივად შესაწყვეტი. სამშობლოს ღალატში დადეს ბრალი და უცბად შეწყვიტონ” - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი, ივერი მელაშვილის ადვოკატი, რომლისთვისაც საქმის შეწყვეტა სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა მას არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა ამ გზით წავა. ედუარდ მარიკაშვილისთვის უფრო მოსალოდნელია, რომ პროკურატურა წინასწარ პატიმრობის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას მოთხოვს სასამართლოს გამოძიების ამ ვადით გაგრძელების მიზნით.
“ცალსახაა რომ წინასაარჩევნოდ ამ საქმის წამოწევის პოლიტიკური ინტერესი ჰქონდათ, იმის გათვალისწინებით, რა სიხშირით და რა პათოსითაც საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მედიასთან ამ თემაზე. არჩევნების შემდეგ საერთოდ შეწყდა ამ თემაზე ლაპარაკი” - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი და ვარაუდობს, რომ საინფორმაციო ველიდან კარტოგრაფების საქმის გაქრობა შესაძლოა იმის ბრალიც იყოს, რომ ხელისუფლებისთვის ეს საქმე იმდენად სასარგებლო არ გამოდგა, როგორსაც ელოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა ბრალდებულების წინააღმდეგ აზრის შესაქმნელად იყო მობილიზებული.
დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატისთვის იმის გარდა, როგორ გაგრძელდება საქმის გამოძიება სასამართლო სხდომებამდე, საინტერესოა როგორ აპირებს სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისია მუშაობის გაგრძელებას მათ შორის დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მაშინ, როცა საქართველომ კომისიის ყოფილი წევრების წინააღმდეგ საქმე აღძრა, კონფლიქტი ყარაბაღში მხოლოდ იწყებოდა. დღეს აზერბაიჯანი ომში გამარჯვებულია მნიშვნელოვანი უპირატესობით და კონტოლით ყარაბაღზე და მასთან მოლაპარაკება რუკით, რომელსაც მანამდეც ეწინააღმდეგებოდა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან აქვს კონტროლი, კიდევ უფრო რთული ჩანს.
“მაგ რუკით აპირებენ მოლაპარკების გაგრძელებას? თუ დაკავებულებს ეუბნებიან, ამ რუკას რატომ არ იყენებდითო, ხომ სცადეს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის გამოყენება 2019 წელს და უარი მიიღეს. ამის შემდეგ რას აპირებენ, უნდა გაჩერდნენ თუ არა? თუ უნდა გაჩერდნენ, ეს ხალხი ციხეში რატომ ჰყავთ, თუ არ უნდა გაჩერდნენ, რა არგუმენტები აქვთ მათ დასარწმუნებლად” - კითხულობს ივერი მელაშვილის ადვოკატი.
მართლაც, როგორ შეიძლება გააგრძელოს მუშაობა საზღვრის დამდგენმა კომისიამ?
ის, რომ საქართველომ მინიმუმ ორჯერს სცადა გამოეყენებინა დავით-გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ედავება გამოძიება დაკავებულ კარტოგრაფებს, დასტურდება საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას პროკურატურისთვის 21 ოქტომბერს მიცემული ჩვენებიდან. ამ ჩვენებაში დარსალია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულიდან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თამჯდომარეა, ყვება, რომ 2019 წელს მინიმუმ ორი მცდელობა ჰქონდათ აზერბაიჯანულ მხარესთან, დავით-გარეჯის საკითხის გადაწყვეტისას 1: 200 000-იანი რუკა გამოეყენებინათ და ორივე შემთხვევაში უარი მიიღეს. დარსალიას ჩვენებიდან ირკვევა, რომ:
- 2019 წლის მაისის ბოლოს, ბაქოში, ლაშა დარსალიას დავალებით ექსპერტ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მალხაზ მიქელაძე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ხაზზე 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის გამოყენების საკითხი, რაზეც პასუხად აზერბაიჯანული მხარის მკვეთრი რეაქცია მიიღეს;
- 2019 წლის მაისშივე ლაშა დარსალიამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად განიხილა კომისიების მიერ ერთობლივი საველე სამუშაოების ჩატარების საკითხი - დარსალია მოითხოვდა ქართველ ექსპერტებს დავით გარეჯთან სასაზთვრო ხაზზე აზომვითი ნახაზები 1:200 000 -იანი რუკის გამოყენებით გაკეთებინათ, რისი უფლებაც აზერბაიჯანელმა კოლეგებმა არ მისცეს;
- 2020 წლის 24 სექტემბერს თბილისში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველომ გადასცა ყველა ახალი მტკიცებულება, რაც ქართული მხარის აზრით, მის პოზიციებს ამყარებს - მათ შორის დავით ხიდაშელის მიერ მოპოვებული რუკებიც და მოითხოვეს, კომისიის შეხვედრა, რომელიც 2020 წლის მარტში პანდემიის გამო ვერ ჩატარდა, რაც შეიძლება მალე გაიმართოს.
აზერბაიჯანულ მხარესთან 1:200 000 რუკა რომ უკვე განიხილა ქართულმა მხარემ იმ დრომდე, სანამ კარტოგრაფების წინააღმდეგ პროკურატურა საქმეს აღძრავდა და მათ იმ რუკის გამოუყენებლობაში დაადანაშაულებდა, რომელსაც კომისიის მოქმედი წევრებიც ვერ იყენებენ იმგვარად, როგორი მოლოდინიც ჰქონდათ, ადასტურებს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის და კომისიის წევრის მალხაზ მიქელაძის ჩვენებაც.
მალხაზ მიქელაძის ჩვენების მიხედვით, ქართული მხარის შეთავაზების “პასუხად აზატ ნაგიევმა [აზერბაიჯანელი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი] აღნიშნა, რომ იგი იცნობს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკებს, თუმცა მისი გამოყენება დელიმიტაციის პროცესში შეუძლებლად მიიჩნია თუ რატომ მას არ აუხსნია."
რადიო თავისუფლება შეეცადა კარტოგრაფების საქმეზე გამოძიების შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხები მიეღო გენერალური პროკურატურისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი საზღვრის დამდგენი კომიიის მიერ 1:200 000-იანი რუკის პროცესში გამოყენების შესაძლებლობებზე მოესმინა კომისიის თავმჯდომარის პოზიცია და ხედვა - არც ერთმა სტრუქტურამ არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
“კარტოგრაფების საქმე”, როგორც კარგი მაგალითი პოლიტიკური გავლენების ქვეშ მყოფი სასამართლო სისტემისა, განიხილეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრაზე 18 ნოემბერს. ეს საქმე დგას დღის წესრიგში საერთაშორისო პარტნიორებსა და ოპოზიციის შორის შეხვედრებზეც - ოპოზიციის მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა და ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სწორედ პოლიტიკურ პატიმრებად განიხილებიან.