Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გარეჯი საქართველოა!" - კარტოგრაფების საქმე არჩევნების შემდეგ


2012 წლის 20 მაისის აქცია ვაკის პარკში დავით-გარეჯის დაცვის მოთხოვნით
2012 წლის 20 მაისის აქცია ვაკის პარკში დავით-გარეჯის დაცვის მოთხოვნით

“გარეჯი საქართველოა” ეწერა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი სატელევიზიო არხის პირდაპირ ეთერს 31 ოქტომბერს, მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში. ამ სლოგანს 2012 წელსაც, აქციებზე იყენებდნენ საინიციატივო ჯგუფი "დავიბრუნოთ დავით გარეჯი" და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები".

საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკაში არაერთი პოლიტიკური რეკლამა იძებნებოდა, რომელიც ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” ხელისუფლების წევრების განცხადებებს აგზავნიდა აუდიტორიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციები საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ ხაზგასმით ამბობდნენ, რომ საქმე პოლიტიკურია, დასავლურ პრესაში კი დაიწერა სტატიები, სადაც საუბრობდნენ გავლენაზე, რომელიც ამ საქმეს შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა გამოქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც წერდა, რომ გარეჯის თემას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. “ფეიქნიუსებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით რეგიონში დაძაბულობის ფონზე, საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია ისე, როგორც არასდროს“ და რომ რელიგიური გრძნობებით თამაში მოსახლეობის იმ 84%-ზე ზეგავლენას ისახავს მიზნად, რომელიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც ჩვენ იმ ეჭვამდე მიგვიყვანა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული შეიძლება ყოფილიყო, იყო პროკურატურის ქმედებები, პერიოდი, როცა ამ საქმის გამოძიება დაიწყო და შემდეგ უკვე პოლიტიკოსების განცხადებები - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული არჩევნების წინა პერიოდში. გამოძიების მთავარი მიზანი უნდა იყოს ჭეშმარიტების დადგენა და არა ვიღაცისთვის ბრალის წაყენება - ეს ჩვენი საგამოძიებო უწყებების ძალიან დიდი პრობლემაა. ვგულისხმობ იმას, რომ პროკურატურამ ცალმხრივად ჩაატარა ყველა ექსპერტიზა, ცალმხრივად გამოკითხა მოწმეები და მხოლოდ მისთვის სასარგებლო, “საქმის შესაკერად” საჭირო მასალები მოიპოვა. მთავარი კითხვა, რუკა 1 :200 000 -იანი მასშტაბით, არის თუ არ გამოყენებადი და რამდენად შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, ექსპერტიზისთვის არ დაუსვამთ. ივერი მელაშვილის მტკიცებით ამ რუკას ბევრი ცდომილება და ხარვეზი აქვთ, შესაბამისად აბსოლუტურად გამოუსადეგარია და აზერბაიჯანის მხარეც მის მიღებაზე უარს აცხადებს. ეს არ არის საქმეში და ეს ძალიან დიდი პრობლემაა ობიექტურობის თვალსაზრისით” - უთხრა რადიო თავისუფლებას იურისტმა გია გვილავამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან.” ეს ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელმაც ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის დაკავების მეორე დღესვე თქვა, რომ კარტოგრაფების საქმე ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო.

8 ოქტომბერს 10-ზე მეტმა ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეეწყვიტა წინასაარჩევნოდ მოსახლეობის სენსიტიური თემებით მანიპულირება და არ დაეშვა ამ საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ის, რომ პროკურატურას არ დაუსვამს ექსპერტებისთვის კითხვა 1:200 000 -იანი რუკის მართებულობასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემაც. ექსპერტიზის დასკვნები ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა წინასწარ პატიმრობაში მყოფი საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების მიმართ - ჩვენ პროკურატურას ვკითხეთ, კონკრეტულად რა კითხვები დაუსვეს მათ ექსპერტებს და რა პასუხი მიიღეს.

მიხეილ სადრაძის განმარტებით, ამ საქმეზე რიგი ექსპერტიზები კვლავ ტარდება, თუმცა ორი მთავარი ექსპერტიზის მიზანი, რომელთა შედეგებიც საქმეში დევს მტკიცებულებად, ასეთი იყო:

  • ექსპერტებს უნდა შეედარებინათ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე (1938 წლის) არსებული საზღვრის ხაზი ბრალდებულების მიერ შედგენილ რუკის ალბომებზე დატანილ საზღვრის ხაზს (1:50 000 მასშტაბის) და დაედგინათ თანხვედრა ან/და სხვაობა;
  • ექსპერტებს უნდა შეედარებინათ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე (1938 წლის) არსებული საზღვრის ხაზი 1:200 000 მასშტაბის რუკაზე (ასევე 1938 წლის) არსებულ საზღვრის ხაზთან;
  • ექსპერტებს უნდა შეედარებინათ 1976-1990 წლების 1:100 000 მასშტაბის რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზი კომისიის მიერ გაცვლილ 1:50 000 მასშტაბის რუკების ალბომებში არსებულ და დაფიქსირებულ ხაზთან;
  • ექსპერტებს უნდა დაედგინათ, კომისიის მიერ გაცვლილ 1:50 000 მასშტაბის რუკების საქართველოს მხარის მიერ დამზადებულ ალბომებში დატანილი საზღვრის ხაზი იყო თუ არა თანხვედრაში 1936-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკებზე დატანილ საზღვრის ხაზთან; შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში კი მოეხდინათ დეტალიზაცია;

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ იმასაც, რომ პროკურატურას სხვა კითხვებიც ჰქონდა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, რომელზე პასუხებიც ვერ მიიღო. პასუხი რაც პროკურატურამ მიიღო ექსპერტებისგან, იყო ის, რომ საქართველოს მხარის მიერ დამზადებულ და გაცვლილ 1:50 000 მასშტაბის რუკის ალბომებში დატანილი საზღვრის ხაზი შეუსაბამოა 1937-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკებზე დატანილ საზღვრის ხაზთან; შეუსაბამო მონაკვეთების რაოდენობაა 13, ხოლო საერთო ფართობი - 34.8 კვ.კმ ( 3 483,1 ჰა). სწორედ ეს მონაცემები გამოიყენეს კომპიუტერული გრაფიკის ასაწობად, რომელიც ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის დაკავებისას აჩვენეს საზოგადოებას.

“მოწმეები, რომლებიც არიან შერჩეული, არიან დაინტერესებულები, ყოველთვის მხარეები იყვნენ ამ საქმეში და არიან დაახლოებულები თავდაცვის მინისტრთან, ფაქტიურად მისი კადრები არიან. ის საკითხიც საყურადღებოა, რომ ხელისუფლებამ ამ რუკებზე დიდი ხნის წინ იცოდა და გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო. და ბოლოს, დავით გარეჯზე აპელირება მაშინ, როცა ბრალში საერთოდ არ არის ნახსენები დავით გარეჯი, არასწორია და მიანიშნებს ამ საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე. ოფიციალურად საქმე როცა სასამართლოში მიდის, მას არ ქვია დავით-გარეჯის საქმეს, ვინაიდან ეს არასწორია, პროპაგანდისთვის ქვია ამ საქმეს ასე, ეროვნულ სენტიმენტებზე სათამაშოდ” - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია გვილავა ამ საქმეზე საუბრისას და ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკოსების აქტივობები და განცხადებები ამ თემაზე არჩევნების წინ ბევრად ინტენსიური იყო, ვიდრე ბოლო დღეებში.

31 ოქტომბრამდე პოლიტიკოსები, ძირითადად “ქართული ოცნებიდან” არა მხოლოდ აქტიურად აკეთებდნენ განცხადებებს კარტოგრაფების საქმეზე, რომლების მიზანიც იმის მტკიცება იყო, რომ წინა ხელისუფლების დროს ფაქტობრივად გასხვისებული მიწების აზერბაიჯანისთვის გადაცემის მცდელობა აღკვეთეს, არამედ ეს განცხადებები რეკლამებდებოდა კიდეც პარტიების და პროსახელისუფლებო მედიის ანგარიშებიდან ფეისბუკზე.

გადაცემა, სადაც თავდაცვის მინისტრმა კარგორაფების საქმეზე ილაპარა, თავდაცვის სამინისტროს სარეკლამო ანგარიშიდან რეკლამდებოდა
გადაცემა, სადაც თავდაცვის მინისტრმა კარგორაფების საქმეზე ილაპარა, თავდაცვის სამინისტროს სარეკლამო ანგარიშიდან რეკლამდებოდა
სოზარ სუბარის კავშირებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, პარტია "ქართული ოცნება" არეკლამებდა
სოზარ სუბარის კავშირებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, პარტია "ქართული ოცნება" არეკლამებდა
"ქართული ოცნების" წევრები გარეჯის თემაზე საუბრისთვის ძირითადად ტელეკომპანია იმედს სტუმრობდნენ და ამ თემაზე ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელიც ფეისბუქზე, ტელევიზიის სარეკლამო ანგარიშია
"ქართული ოცნების" წევრები გარეჯის თემაზე საუბრისთვის ძირითადად ტელეკომპანია იმედს სტუმრობდნენ და ამ თემაზე ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელიც ფეისბუქზე, ტელევიზიის სარეკლამო ანგარიშია

“ყოველდღიურად ვრწმუნდებით იმაში, რომ ნატალია ილიჩოვაც და ივერი მელაშვილიც არიან აბსოლუტურად უდანაშაულო ადმაიანები, რაღაც გარემოების მსხვერპლები. დავით-გარეჯის მონაკვეთზე სისხლის სამართლის საქმეში საერთოდ არ არის ელემენტარული დავაც კი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 1996 წელს მხარეები შეთანხმდნენ რომ ეს მონაკვეთი არის შეუთანხმებელი და დღეის მდგომარეობითაც დავით გარეჯის მონაკვეთი, რომელზეც არანაირი დისკუსია, მათ შორის არც ნახაზების წარმოდგენა არ გაკეთებულა გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა შეადგინეს ნახაზი, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და მათ შორის ბერთუბანიც, რომელიც საკმაოდ დაშორებულია კომპლექსთან, შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. ეს არის ერთადერთი ნახაზი, რომელიც შედგენილია ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის მიერ, შედის ერთ-ერთ ალბომში და გადაცემულია აზერბაიჯანული მხარისთვისაც, თუმცა ამაზე მხარეებს არ უმსჯელიათ. ივერი მელაშვილი ამბობდა, რომ ვინაიდან კარტოგრაფიულად ქართულ მხარეს არ ჰქონდა საფუძველი კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით, უნდა გამოყენებულიყო ისტორიული, კულტურული და ა.შ. მოსაზრებები დელიმიტაციისას და ამ არგუმენტებით უნდა მოქცეულიყო დავით-გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში. ის, რომ დავით-გარეჯი გაყიდეს, არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია” - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ, რომელიც თვლის, რომ “ხელისუფლება ამ თემით ისეთ შედეგზეც ვერ გავიდა, როგორსაც მოელოდა.”

“მარტო ლაშა ნაცვლიშვილი და შესაბამისად, იმედი ლაპარაკობს ამაზე, ყველა დანარჩენი მოეშვა ამ თემას. მანამდე გვახსოვს პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან, რომლებიც საუბრობდა დავით-გარეჯზე” - ამბობს გიორგი მახარაძე.

ქართული ოცნების პიარკონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის შემდეგ ფეისბუკში დაწერა, რომ ის, “ვინც პარლამენტში შევა, გარეჯის გაყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია და პირიქით, რადგან გამყიდველებმა ზუსტად იციან, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ციხე არ აცდებათ.”

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებაში მკაფიოდ წერია, რომ “მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა.”

მთავარი არხის დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით კი, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 34%-ს არ სჯერა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობა, 32%-სთვის კი “დავით-გარეჯის საქმე” ოპონენტების წინასაარჩევნო დევნაა.

კარტოგრაფების საქმის სასამართლო განხილვები 4 დეკემბერს უნდა დაიწყოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG