Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგიჩაიშვილი: გარეჯის საკითხის გამოძიება უნდა მოხდეს საპარლამენტო კომისიის მიერ და არა პროკურატურის დიქტატის ქვეშ


ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არ ენდობა პროკურატურას და მართებულად გარეჯის საქმის საპარლამენტო კომისიის ფარგლებში განხილვას მიიჩნევს.

„ეს უნდა გაკეთდეს საპარლამენტო კომისიის ქვეშ და არა ვთქვათ შოთაძის დიქტატის და ასეთი ძალადობრივი მოქმედებების ქვეშ. მე ვარ მომხრე დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო ინტერესი არ დაიცვეს, მაგრამ მე არ ვენდობი პროკურატურას, მე ვენდობი საპარლამენტო კომისიას“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან გოგიჩაიშვილმა. იგი ამბობს, რომ საპარლამენტო კომისიაში ზოგადად გამჭვირვალობის მაღალი ხარისხია და ამ შემთხვევაში ყველა კომპონენტით იგი საქმის გამოძიების ყველაზე სწორი პროცესი იქნებოდა:

„მას შემდგომ ჩვენ შეგვიძლია უკვე გადავცეთ მასალები პროკურატურას, რომელმაც უნდა იმოქმედოს. ეს არის ყველაზე სწორი ფორმა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „დილის საუბრებში“, სადაც გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართულმა ოცნებამ გარეჯის საკითხი წინასაარჩევნოდ საგანგებოდ წამოსწია.

„მე ვიცი მათი დამოკიდებულება, ეს არის დამოკიდებულება, რომ არჩევნები მოიგონ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, ფრაქცია „ჩვენი საქართველო-დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ გარეჯის საკითხზე სასაუბროდ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე რამდენჯერმე დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, თუმცა მაშინ ამ საკითხის მიმართ ინტერესი მას არ გამოუმჟღავნებია.

„დაახლოებით 4 წერილი გვაქვს ფრაქციის სახელით გაგზავნილი არცერთზე არ არის რეაგირება. ერთხელაც არ გამოუხატავს სურვილი. კომიტეტის თავმჯდომარე გვეხვეწებოდა ხოლმე ბერაია რომ იქნებ ეს საკითხი არ გვინდა სენსიტიური საკითხია ორ ქვეყანას შორის საკითხია და უცებ, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობელი არის ჩართული საომარ პერიოდში ასე თავზე დაგვეცა ეს საკითხი წინასაარჩევნოდ. მე ვფიქრობ მინიმუმ არაეთიკურია ეს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

XS
SM
MD
LG