Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარტოგრაფების საქმის ადვოკატებს საქმის მასალებზე სრულად წვდომის უფლება ეზღუდებათ


ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სახელმწიფო უკეტავს მტკიცებულებებზე სათანადო წვდომის გზებს, რითაც უხეშად ზღუდავს დაცვის უფლებებს. სამხარაულის ბიუროში ამბობენ, რომ მათ პროკურატურიდან ექსპერტიზისთვის მიღებული მასალების დაცვის მხარისთვის გაცნობის უფლება არ აქვთ, პროკურატურა კი ირწმუნება, რომ შეუძლებელია დაცვის მხარეს ნივთიერი მკიცებულებები ან მათი ასლები გადაეცეს, მათ შორის რუკაც.

“კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ ივერი მელაშვილის ადვოკატს, ედუარს მარიკაშვილს ამ დრომდე არ გადასცემია შსს-დან და ნატალია ილიჩოვას ბინიდან ამოღებული 1:200 000 რუკების ასლები, რომელიც ამ საქმის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენს. ადვოკატს არც იმ დოკუმენტების და მასალების გაცნობის საშუალება ეძლევა, რაც პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადააგზავნა - მათ შორის არის ე.წ. გერმანული და ამერიკული რუკები, რომელიც გამოძიებას თავდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. დაცვამ არც ის იცის რა პირობებში ინახება გამოძიებისას ამოღებული მობილური ტელეფონები და პერსონალური კომპიუტერები.

ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე სახელმწიფო ბრალდების მხარეს ჰქონდა ვალდებულება, საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის ასლი დაცვის მხარისთვის გადაეცა. მათთვის მიცემულ დოკუმენტებს კი აკლდა რუკების ერთი ნაწილის ასლები, რაც ადვოკატმა სასამართლო პროცესამდე წერილობითაც დააფიქსირა. საქმის მასალებს, რომელიც დაცვამ მიიღო თან ახლდა დანართი, სადაც ეწერა, რომ ადვოკატებს იმ რუკების დედნები, რომელთა ასლებიც საქმის მასალებში არ იყო, შეეძლოთ პროკურატურის შენობაში ენახათ. ამ დანართში რუკები დოკუმენტებად არის მოხსენებული და არა ნივთიერ მტკიცებულებად, რომლის შემთხვევაშიც არა ასლი, არამედ ცნობა გაიცემა. იმ დოკუმენტების ასლების მისაღებად, რომელიც აკლია საქმის მასალებს, ადვოკატმა პროკურატურას ორჯერ მიმართა წერილობით. ერთ წერილზე მას უპასუხეს, რომ მასალები დაცვას კანონის სრული დაცვით უკვე გადაეცა, მეორე წერილზე კი პასუხი ამ დრომდე არ აქვს.

არის კიდევ სხვა მასალები, რომელთა წვდომასაც ასევე ითხოვს დაცვის მხარე - ესაა დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები, რაც მასალების გაცვლისას ექსპერტიზის ბიუროში იყო გაგზავნილი. ივერი მელაშვილის ადვოკატმა 27 ოქტომბერს სცადა სამხარაულის ესპერტიზის ეროვნულ ბიუროში ენახა პროკურატურიდან გადაგზავნილი დოკუმენტები, რომლებსაც ამ საქმეზე უტარდება ექსპერტიზა, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.

“ჩვენ არ ვითხოვდით, წინასწარ გვანახეთ დასკვნის შინაარსი, ჩვენ უბრალოდ გვინდოდა გვცოდნოდა შინაარსობრივად და ვიზუალურად ეს დოკუმენტები და მათი აღწერა გაგვეკეთებინა. ეს დაცვის უფლებაა და არც ერთი ნორმა არ ზღუდავს, რომ მათ გავეცნოთ მათ შორის, ექსპერტიზის ბიუროში. მაგალითად, გერმანულ და ამერიკულ რუკებზე რომ საუბრობენ, რომელიც თავდაცვის სამინისტომ განცხადებით მიაწოდა გამოძიებას, ჩვენ უნდა ვიცოდე ვიზუალურად რა რუკებია, ზედ რა არის დატანილი ” - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. ის გვიხსნის, რომ ექსპერტიზაზე მტკიცებულებების გაგზავნა და ექსპერტიზის გაჭიანურება ერთგვარი ტაქტიკაა, რომელსაც პროკურატურა იმ შემთხვევაში იყენებს ხოლმე, როცა სურს დაცვის მხარემ კონკრეტული მტკიცებულებები ვერ გამოიყენოს მის სასარგებლოდ - ექსპერტიზა შეიძლება განაჩენის გამოტანამდე გაგრძელდეს და დოკუმენტები, რომელიც ექსპერტიზაზეა, სასამართლოზე მტკიცებულებად არ გამოიყენება.

კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე რადიო თავისუფლებას უმტკიცებს, რომ რუკები, რომლებსაც ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, დაცვის მხარეს გადაცემული აქვს. თუმცა საქმეში დევს არაერთი სხვა რუკაც, რომლებიც ექსპერტიზის ბიუროში არ მოხვედრილა მათი ასლების გაკეთება კი დიდი მოცულობის გამო შეუძლებელია. პროკურორი ამბობს, რომ ამ დოკუმენტების ნახვა ადვოკატებს პროკურატურის შენობაში შეუძლიათ. პროკურორი ამბობს იმასაც, რომ ადვოკატებმა ამ უფლებით უკვე ისარგებლეს რაც შესაბამისი ოქმებითაა დადასტურებული.

“რამდენიმე ადვოკატმა ამონაწერიც კი გააკეთეს, შესაბამისად, კანონი ცალსახად არ არის დარღვეული” - უთხრა პროკურორმა რადიო თავისუფლებას.

პროკურორი რუკებს, რომლებიც პროკურატურის შენობაში ინახება, ადარებს ნივთიერ მტკიცებულებებს, მაგალითად იარაღს ან ნარკოტიკულ მასალას, რომლის ასლების გადაღებაც შეუძლებელია. დაცვის მხარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოშველიებით ამტკიცებს, რომ რუკა არა ნივთიერი მტკიცებულებაა, არამედ დოკუმენტია, რომლის დაცვის მხარისა და ბრალდებულისთვის გადაცემის ვალდებულებაც პროკურატურას აქვს. დაცვის მხარის პოზიციით, რადგან რუკის სრულყოფილი წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ ფერად ვერსიაში, მასზე წვდომა უნდა ჰქონდეს თავად ბრალდებულსაც. დაცვა პროკურატურისგან რუკების ფერადი და შესაბამისი ფორმატის ასლების გადაცემას სთხოვს.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.




ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG