Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელის ცნობით, 2005-ში მკაფიოდ ითქვა, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანს რჩებოდა


ზურაბ ნოღაიდელი
ზურაბ ნოღაიდელი

„კარტოგრაფების საქმის“ ფარგლებში გამოკითხვის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა გამოკითხვის შესახებ.

„ჩემი გამოკითხვის იურიდიულ კავშირს ვერ ვხვდები ექსპერტების დაკავებასთან, იმიტომ, რომ მე იმ ხალხს [ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას] არ ვიცნობ, არც არასდროს შევხვედრივარ და არც ამ საქმიანობის დეტალებს არ ვიცნობ. მე როგორც ვხვდები, ჩემი გამოკითხვა, სწორედ, ამ ჩემი წერილის ირგვლივ იყო“, - ამბობს ნოღაიდელი. მან 2005 წელს დავით გარეჯის კომპლექსის თემაზე აზერბაიჯანელ კოლეგას მისწერა წერილი.

„ჩემი სურვილია, რომ ჩემდაუნებურად არ გავხდე დღევანდელი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის მონაწილე. რამდენადაც შევძლებ, თავს ავარიდებ პოლიტიკურ ან პარტიულ კომენტარებს“, - აღნიშნავს ნოღაიდელი.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციას განიხილავდა, როგორც მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრი, მისი სხდომების ფარგლებში.

„ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ამ საკითხის განხილვა იყო, პირდაპირ დაისვა საკითხი, რომელ მხარეს იქნებოდა დავით გარეჯის სამი სალოცავი. ხანდახან ისე მიდის საუბარი, რომ თითქოს დავით გარეჯის ყველა სალოცავი არის საკამათო. ძირითადი მათგანი საქართველოს ტერიტორიაზეა. უშიშროების საბჭოს სხდომა შედგა 2005 წელს. საქმე ეხება ჩიჩხიტურს, უდაბნოს და ბერთუბანს. პირდაპირ დაისვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე კითხვა, რომელ მხარეს იქნებოდა ეს სამი სალოცავი. პირდაპირ იყო განმარტებული მომხსენებლის მიერ. ვინ იყო ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი იქნებოდა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საერთოს არ შევხვედრივარ, არ ვიცნობ. მემგონი ისინი არ ყოფილან მოწვეული უშიშროების საბჭოს იმ სხდომებზე, რომლებშიც მე ვმონაწილეობდი“, - თქვა ზურაბ ნოღაიდელმა.

საკითხის დასმის შემდეგ, როგორც ექსპრემიერი აღნიშნავს, პირდაპირ და მკაფიოდ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი აზერბაიჯანს რჩებოდა.

ნოღაიდელის თქმით, შეკითხვა კითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა და შესაბამისად, პასუხი მიიღო მომხსენებლისგან. „შედეგად გააკეთა დასკვნა, რომ ჩვენ მთავარ ამოცანად ახლა რჩებოდა ამ ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება“, - განმარტავს ნოღაიდელი.

ყოფილი პრემიერ მინისტრი დაზუსტებით ვერ ამბობს, შემდგომში ამ პრობლემის მოგვარების მცდელობები იყო თუ არა. „შემდგომში მოვისმინეთ, რომ იყო შემდგომში მცდელობები ტერიტორიების გაცვლის და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ეს წერილი არის უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში მიმდინარე განხილვების, მიღებული გადაწყვეტილებების შეჯამება, რაც გააკეთა სააკაშვილმა. არავის უშიშროების საბჭოს წევრებიდან განსხვავებული პოზიცია არ გამოუთქვამს. ეს იყო არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი აზრი“, - თქვა ნოღაიდელმა.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, გამოკითხვის დროს არ გახსენებია, რატომ დადგა [2005 წელს] სამი სალოცავის რესტავრაციის საკითხი. „შემდეგ გავიხსენე, რომ იმ დროს მიდიოდა ჩვენი მხრიდან, ბერების მხრიდან რესტავრაციის მცდელობა და შესაბამისად, იქ კონფლიქტურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი. ჩემი წერილის მთავარი ამოცანა იყო, რომ ჩვენი ამ სალოცავების, როგორც ქართული სალოცავების დაკანონება და შესაბამისად, მათი რესტავრაცია შეგვძლებოდა“, - ამბობს ის.

შეკითხვაზე, წერილში რატომ იყო მითითებული, რომ საქმე ეხებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებს? ნოღაიდელი პასუხობს: „ჩვენ მაშინ მკაფიო პოზიცია გვქონდა და სხვა პოზიცია არ არსებობდა. ნებისმიერ შემთხვევაში წერილის ამოცანა იყო ამ ძეგლების რესტავრაცია. არსად ჩანდა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი არგუმენტები, მათ შორის რუკები. იმედი მაქვს, რომ ეს რუკა ახლა გამოჩნდა. მეორე მხრივ, მაშინდელი ჩემი კოლეგების განმარტებები დღეს ცოტათი მაცვიფრებს და მაკვირვებს, მათ შორის, სააკაშვილისაც. იმიტომ, რომ მესმის, წინასაარჩევნო პერიოდია და სიტუაცია დუღს, მაგრამ თუ 2005-2007 წლებში ჩვენ ერთი პოზიცია გვქონდა, სხვა პოზიცია ხო არ გვექნება წინასაარჩევნო პერიოდში, 2020-ში?!

შეიძლება გამოჩნდა ახალი გარემოება 1938 წლის რუკის სახით და გვინდა უპირატესობები გამოვიყენოთ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს... პირიქით, მე დაინტერესებული ვარ, ეს გამოძიება, რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს და შესაბამისად, ყველაფერი გაირკვეს“.

ზურაბ ნოღაიდელი უარყოფს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესპარტნიორობას: „სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის“.

8 ოქტომბერს „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

XS
SM
MD
LG