Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ უფრო ხშირად გაისმის ტრამპის გადაყენების მოთხოვნები


სულ უფრო ხშირად გაისმის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაყენების მოთხოვნები.

მაშინ, როცა ტრამპს 13 დღე აქვს დარჩენილი თანამდებობაზე, მისი გადაყენების მომხრეთა შორისაა სენატში დემოკრატთა ლიდერი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი.

7 იანვარს აშშ-ის კონგრესმა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა მიუხედავად ზოგიერთი რესპუბლიკელის წინააღმდეგობისა.

როგორც Reuters-ი იტყობინება წყაროზე დაყრდნობით, ტრამპის კაბინეტის წევრებმა და რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოკავშირეებმა განიხილეს აშშ-ის კონსტიტუციის გამოყენების შესაძლებლობა თანამდებობიდან მის გადასაყენებლად.

ამავე დროს, თეთრი სახლის რამდენიმე თანამშრომელმა განაცხადა, რომ სამსახურიდან წასვლას აპირებს. Reuters-ის თანახმად, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მათი რიცხვის კიდევ უფრო ზრდა.

აშშ-ის სენატის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა 7 იანვარს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდა, გამოიყენოს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება და დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს თანამდებობას დონალდ ტრამპი. შუმერის თქმით, თუ პენსი არ იმოქმედებს, კონგრესმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი უნდა გამოუცხადოს.

„ის, რაც გუშინ მოხდა აშშ-ის კაპიტოლიუმში, იყო პრეზიდენტის მიერ პროვოცირებული ამბოხება აშშ-ის წინააღმდეგ“, განაცხადა შუმერმა. „ამ პრეზიდენტს ერთი დღითაც აღარ უნდა ეკავოს თანამდებობა“.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უკვე გამოუცხადა იმპიჩმენტი 2019 წლის დეკემბერში. ტრამპის მიმართ ბრალდება იყო ძალაუფლების გადამეტება და კონგრესის ობსტრუქცია. საქმე ეხებოდა ტრამპის მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებულ გამოძიებას. მაგრამ სენატმა, რომელიც რესპუბლიკელების ხელში იყო, 2020 წლის თებერვალში მხარი დაუჭირა ტრამპის თანამდებობაზე დატოვებას.

წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ასევე გაავრცელა მოწოდება, ტრამპის მიმართ გამოიყენონ კონსტიტუციის 25-ე შესწორება და ის გადაყენებულ იქნეს.

„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი დაშორდა არა მხოლოდ საკუთარ მოვალეობას ან ფიცს, არამედ თავად რეალობასაც“, თქვა კინზინგერმა ვიდეოში, რომელიც ტვიტერით გაავრცელა.

მაგრამ, როგორც Reuters-ი იტყობინება, ვითარებაში გარკვეული წყაროების თანახმად, მცირეა იმის ალბათობა, რომ ტრამპის მიმართ 25-ე შესწორება გამოიყენონ. კონგრესის რესპუბლიკელი წევრების უმრავლესობას ინტერესი არ გამოუხატავს ამასთან დაკავშირებით.

დემოკრატმა სენატორმა ეიმი კლუბუშარმა ტრამპის კაბინეტს მოქმედებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს მეტი პრობლემების შექმნა შეუძლია, სანამ თანამდებობაზე რჩება.

7 იანვარს ტრამპმა პირველად აღიარა, რომ ძალაუფლების გადაცემა „წესის და რიგის“ მიხედვით მოხდება. ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მიუხედავად ამისა, ის განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ მას გამარჯვება მოჰპარეს.

გარდა ამისა, ტრამპს არ დაუგმია 7 იანვარს მისი მომხრეების შეჭრა კონგრესში, რასაც კაპიტოლიუმის შენობის დარბევა და ოთხი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა იყო კულმინაცია, რასაც წინ უძღოდა არჩევნების გარშემო აგრესიული რიტორიკისა და დაპირისპირების თვეები. ტრამპი ისევ და ისევ იმეორებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და საკუთარ მომხრეებს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ მას „მოპარული“ ხმების დაბრუნებაში.

7 იანვარს კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე კანონმდებლებმა დაამტკიცეს არჩევნებში დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვება. საარჩევნო კოლეგიაში მან 306 ხმა მოაგროვა, ტრამპმა - 232.

რიგი რესპუბლიკელებისა შეეწინააღმდეგა ბაიდენის დამტკიცებას, მაგრამ ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

სხდომა რამდენიმე საათით შეწყდა შენობაში ბრბოს შეჭრის გამო. კაპიტოლიუმში დაბრუნების შემდეგ რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილმა აზრი შეიცვალა და აღარ შეეწინააღმდეგა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას.

„რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. კმარა“, განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც ტრამპის ერთ-ერთ მხურვალე მხარდამჭერადაა ცნობილი.

საარჩევნო სტრუქტურების წარმომადგენლები ორივე პარტიიდან აცხადებენ, რომ არჩევნებმა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

XS
SM
MD
LG