Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის შეუძლია გახდეს კოვიდინფიცირებულისთვის პლაზმის დონორი


24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს დონორობისკენ მოუწოდა. ინფიცირებულებისთვის პლაზმის გადაცემის სურვილი 12-მდე გამოჯანმრთელებულმა უკვე გამოთქვა. იმისთვის, რომ ეს ადამიანები დონორები გახდნენ, მათ სისხლს B და C ჰეპატიტსა და აივზე შეამოწმებენ. ასევე დონორობაზე უარს ეტყვიან მათ, ვისაც აქვს ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.

"სისხლს კი არ ვიღებთ, არამედ მხოლოდ პლაზმას, სხვა უჯრედულ ელემენტებს არ ვეხებით. სისხლის ჩაბარებისგან ზოგჯერ თავს იკავებენ ხოლმე ანემიისა და დაბალი გემოგლობინის გამო - ახლა ამას არ ვეხებით", - ამბობს ცერცვაძე და აქვე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაშიც არსებობს ზღვრული ნორმები.

თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კორონავირუსისგან განკურნებულის სისხლიდან პლაზმის აღება გამოჯანმრთელებიდან 3 კვირის შემდეგ შეიძლება. ამ დროს უკვე საკმარისი რაოდენობის ანტისხეულებია გამომუშავებული, რომელიც ინფიცირებული პაციენტის სხეულში მოხვედრის შემთხვევაში, მას ვირუსის დამარცხებაში დაეხმარება. დონორად მხოლოდ 65 წლამდე ჯანმრთელი პირი განიხილება და მისგან მხოლოდ 800 გრამამდე პლაზმის აღება შეიძლება.

ცერცვაძე ამბობს, რომ თუკი ადრე მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის პლაზმის დონაციაზე იყო საუბარი, ახლა მსოფლიოში მიდგომა შეიცვალა.

"პირველი ნებართვა პლაზმის გადატანაზე აპრილში ან მაისში გაიცა. მაშინ მოთხოვნა იყო, რომ უნდა ყოფილიყო პლაზმაში ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი და გამოყენებულიყო მხოლოდ მძიმე პაციენტზე, რომელიც სხვა მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. ვინაიდან ეს მეთოდი აღმოჩნდა უსაფრთხო და ეფექტური, გაფართოვდა პლაზმის გადატანის შემთხვევები... დღეს ნებისმიერი დონორის პლაზმის გამოყენება შეიძლება ანტისხეულების მოცულობის მიუხედავად, ის საზიანო არ იქნება. გარდა ამისა, მისი გამოყენება აღარაა მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის დასაშვები", - ამბობს ცერცვაძე.

ის განმარტავს, რომ პლაზმის გადატანა პანაცეა არაა და შესაძლოა, რიგ შემთხვევებში ეფექტური არც იყოს.

ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ერთი სისხლის ბანკი, "ჰემოპლაზმაა", რომელიც ამ ეტაპზე დონორებს იღებს. როგორც ცერცვაძე ამბობს, საწყის ეტაპზე, როცა მიმართვიანობა ნაკლებია, კომპანია სახელმწიფოს უანგაროდ სთავაზობს ამ მომსახურებას.

XS
SM
MD
LG