Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე COVID-გადატანილ მოქალაქეებს მოუწოდებს პლაზმის ჩაბარებისკენ


თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერიდან მიმართა მოქალაქეებს, რომლებმაც გადაიტანეს COVID – 19.

ცერცვაძე მოუწოდებს ყოფილ პაციენტებს, მიმართონ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს ან იმ დაწესებულებას, სადაც ისინი მკურნალობდნენ და ჩააბარონ პლაზმა. „ისინი ამით გააკეთებენ უდიდეს სიკეთეს, გადაარჩენენ სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ამაზე უკეთესი განცდა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ, რომ თქვენ მიერ გაღებულმა პლაზმამ სხვა ადამიანი გადაარჩინა, რა შეიძლება გქონდეთ“, - აცხადებს იმუნოლოგი.

კლინიცისტმა განმარტა, რა შედეგი აქვს COVID-გადატანილი პაციენტის პლაზმის გამოყენებით ინფიცირებულთა მკურნალობას.

„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა იმდროისთვის ინოვაციური მიდგომა, რომელიც დღეისთვისაც ინოვაციურია - გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა COVID-ინფიცირებულებზე. ეს არის ასე ვთქვათ, მონათესავე მონოკლონური ანტისხეულების. პლაზმას, რომ ვუსხამთ, იქაც ანტისხეულებია, ოღონდ იქ მონოკლონური არ არის, პოლიკლონურია. იქ არ არის გარანტირებულად მაღალსპეციფიკური და მაღალკონცენტრაციაში, რაც მონოკლონურ ანტისხეულებშია. პლაზმის გადასხმა გაცილებით ნაკლებეფექტიანია, ვიდრე მონოკლონური ანტისხეულების, მაგრამ საკმარისად ეფექტიანია იმისთვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ.

ჩვენ ექვს შემთხვევაში გამოვიყენეთ ეს პლაზმა, მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც შესაძლოა, ვერ გადარჩენილიყვნენ, იმიტომ, რომ სხვა ყველაფერი ნაცადი იყო და შედეგად, ექვსივე გადარჩა.

გვეკითხებიან, რატომ უფრო მეტად არ იყენებთ თუ ასე კარგია? იმიტომ, რომ დონორები არ გვყავს“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავირუსის 13 521 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 7159, გარდაიცვალა - 109 ადამიანი.

XS
SM
MD
LG