Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაჭვით დაბმული ხატები


არცთუ იშვიათად ლიტერატურასა თუ ძველ ლეგენდებში ახსენებენ ჯაჭვით დაბმულ ხატებს. საიდან წამოვიდა ხატების დაბმის ტრადიცია?

ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ თავის დროზე, როცა ეთნოგრაფია ვითარდებოდა, მკვლევარები საქართველოს მთიანეთში მოგზაურობისას, თავისდა გასაკვირად, აწყდებოდნენ ხატებს ან ჯვრებს, კედლებზე მიჯაჭვულს ან შებორკილს.

„მოსახლეობა ხსნიდა, ხატი იმდენად ძლიერია, რომ აიწყვიტოს, სოფელს დარისხავს და ამიტომ ჯობს, ასე იყოსო. კიდევ ერთი ახსნა ასეთი იყო, რომ ხატი სხვა მხრიდან იყომოფრენილიდა ისევ უკან რომ არ დაბრუნებულიყო, ადგილობრივმა მრევლმა კედელს მიაჯაჭვა. ხატებისფრენასაერთოდ გავრცელებული თემაა ქრისტიანულ სამყაროში. ჰყვებიან შემთხვევებზე, როდესაც ხატს არ მოსწონებია ესა თუ ის სამწყსო და გაფრენილა“.

ასევე არსებობს სალაშქრო ხატები და ჯვრები, რომელთაც ჯარს წინ წარუმძღვარებდნენ. ეს სიწმინდეებიც ხშირად ჯაჭვით იყო დაბმული.

ერთი ასეთი ისტორია დაკავშირებულია ხევის ათი ანგელოზის სალოცავთან. არის გადმოცემა, რომ ხატი ჯაჭვით უნდა იყოს იქ დაბმული, რომ სხვაგან არ გაფრინდეს“.

როზეტა გუჯეჯიანის თქმით, შესაძლებელია ხატს წმინდა პრაგმატული მიზეზითაც აბამდნენ, რომ დამპყრობელს მისი გატაცება გასჭირვებოდა.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაწერეს ღვთისმშობლის ხატის, „კარდიოტისას“, ასლი. ხატის ორიგინალი კუნძულ კრეტაზე ინახებოდა. კარდიოლოგი თამაზ ორაგველიძე, რომელმაც ხატის ასლი დააწერინა, ჰყვება, რომ, გადმოცემით, ხატი რამდენჯერმე გაიტაცეს თურქებმა, მაგრამ ის ყოველთვის „თავად ბრუნდებოდა“ უკან. ბოლოს ჯაჭვით მიაბეს სვეტზე, თუმცა ხატი ამჯერად ჯაჭვსა და სვეტთან ერთად დაბრუნდა. ეს რელიკვიები (სვეტი და ჯაჭვი) ტაძარში ამ დრომდე ინახება.

ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (რაზმაძე), განმარტავს, რომ ხატების ერთი ადგილიდან გაუჩინარება და მეორე ადგილას გამოჩენა ქრისტიანული სამყაროსთვის უცხო არ არის.

თუმცა თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც რაციონალურად აზროვნებს, რთულია მსგავსი რამის გაგება“, - ამბობს მამა გიორგი.

მეცნიერი ზურაბ კიკნაძე წერს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთელ მთიანეთში, სადაც კი ხალხი ღვთისშვილთა მფარველობის ქვეშ საყმოებად ცხოვრობს, გავრცელებულია ამბები ე.წ. «მფრინავ ჯვრებზე».

ამ გადმოცემების მიხედვით, «მფრინავ ჯვრებს», მოხეტიალე ხატებს ჯერ კიდევ ვერ აღმოუჩენიათ თავიანთი მუდმივი საარსებო ადგილი. ამგვარი ჯვარ-ხატების «ჩვეულებაა» მუდმივი ხეტიალი ადგილიდან ადგილზე, რის გამოც ისინი ჯაჭვით არიან დაბმულნი.

როგორც, მაგალითად, ხევის სიონის ხატი, რომლის თავგადასავალი მოთხრობილია სერგი მაკალათიას «ხევში», ან ეცერის (სვანეთი) ეკლესიაში დაცული ერთი ხატი, რომელიც «უბიათ ძეწკვითა ოქროსათი და იტყვიან: «უკეთუ აუშვათ, დალეწავს ყოველსავე აქა მყოფსა ხატ-ჯვართა». ასევე დაუდგრომელი ხასიათისა იყო ანატორის მთავარანგელოზის ხატი, «მფრინავი ჯვარი», რომელსაც ფეხით დასდევდა ქანცგაწყვეტილი მისი მკადრე (ჯვრის მსახური ..), ვიდრე ლურსმნით არ დაუჭედა ფრთები, რის გამოც ჯვარი შემოსწყრა მას და გაუჩინარდა“, - წერს ზურაბ კიკნაძე.

ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილია მსგავსი გადმოცემები:

წამოუყვანავ ერთ მფრინავ ხატი. ეს ხატი ნაწილიანი ყოფილ, რო ღამითავ შუქთ უშობდისავ. რო მავიდოდ გახუაი, ხატ თავისთავად წინ მამიძღვებოდისავ“...

სახარების დასაცავად ადიშელებმა პატარა კუბო გააკეთეს და წიგნი შიგ ჩადეს. ასე კუბოთი იდო ტაძარში, რომ ყაჩაღებს ჰგონებოდათ შიგნით ბავშვია ჩასვენებულიო. ასეთ რაღაცებს იგონებდნენ, რომ სიწმინდეები გადაერჩინათ და შეიძლება ხატების დაბმის მიზეზიც ეს იყო...
ნინო წერედიანი

„ერთ ბეღელ ყოფილ, სადაც არვინ არ მიდიოდ. მისულ მფრინავ ხატი-, მიხყოლივ, შასულ ხატ ბეღლის ნანგრევშია-“...

დღემდე არის შემორჩენილი ჯაჭვით კედელზე მიკრული ხატი სვანეთში, ცხუმარის თემში.

მესტიის მუზეუმის ხელმძღვანელი ნინო წერედიანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად უამრავი ლეგენდისა, რომლებიც სვანეთში მფრინავ ხატებს უკავშირდება, უფრო რეალურია, რომ ხატების დაბმის ტრადიციას საფუძვლად მათივე დაცვა ჰქონოდა. ნინო წერედიანი ადიშის ოთხთავის ისტორიას იხსენებს.

ადიშის ოთხთავი 897 წელს არის გადაწერილი და საქართველოში შემორჩენილი სახარებებიდან ყველაზე ძველია. წიგნი დღეს მესტიის მუზეუმში ინახება, მაგრამ მანამდე მას თავად სოფელი ადიში პატრონობდა.

სახარების დასაცავად ადიშელებმა პატარა კუბო გააკეთეს და წიგნი შიგ ჩადეს. ასე კუბოთი იდო ტაძარში, რომ ყაჩაღებს ჰგონებოდათ შიგნით ბავშვია ჩასვენებულიო. ასეთ რაღაცებს იგონებდნენ, რომ სიწმინდეები გადაერჩინათ და შეიძლება ხატების დაბმის მიზეზიც ეს იყო“, - ამბობს ნინო წერედიანი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG