Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის მუნიციპალიტეტები ბიუჯეტს ამცირებენ


კახეთის 8 მუნიციპალიტეტის გერბები
კახეთის 8 მუნიციპალიტეტის გერბები

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით, კახეთში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ბიუჯეტის შემცირება დაიწყეს.

მუნიციპალიტეტების მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ხარჯვით ნაწილს ყველა მერია ამცირებს. ფინანსისტები ამ დროისთვის მსჯელობენ იმაზე, რას მოაკლონ თანხები. დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი შემცირებული თანხის ოდენობა და მუხლები, რომელთაც დაფინანსება შეუმცირდებათ, კვირის ბოლოს იქნება მზად.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს 11 მილიონ ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისის გამო მერია იძულებულია ბიუჯეტი შეამციროს, რადგან შემცირებულია შემოსავლები და სხვა სახით დაგეგმილი გადასახადების ამოღება. ახმეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტი მცირდება, დაახლოებით, 400 ათასი ლარით, თანხა კი მოაკლდება თითქმის ყველა საბიუჯეტო განყოფილებას, გარდა სოციალური სამსახურისა. მცირდება კულტურულ-სპორტული და გასართობი ღონისძიებების დაფინანსება. ვანო ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ხელფასების შემცირება არ იგეგმება.

„სოციალურის გარდა შემცირება გვექნება თითქმის ყველგან. ძირითადად გვაკლდება სამივლინებო ხარჯები. დაფინანსება მცირდება ისეთ ღონისძიებებზე, მათ შორის, სპორტულზე, რომელთა გამართვაც პანდემიის პირობებში ისედაც არ არის რეკომენდებული. კაპიტალური ხარჯები ჩვეულებრივ რჩება. გარკვეული ეკონომიების ხარჯზე ვფიქრობთ სოციალური პაკეტის დაფინანსების გაზრდას. ეს ყველაფერი ახლა მომზადების სტადიაშია“, - განაცხადა ახმეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა.

ბიუჯეტი მცირდება სიყვარულის ქალაქად წოდებულ სიღნაღშიც. სიღნაღი კახეთში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. აქ წელს ადგილობრივი შემოსავლები მხოლოდ 8 მილიონ 500 ათასი ლარია, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით, ეს თანხა კიდევ 900 ათას ლარზე მეტით უნდა შემცირდეს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მალხაზ სიფრაშვილი რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ ისინი ბიუჯეტს 326 ათას ლარზე მეტით ვერ შეამცირებენ, რადგან მაშინ მიმდინარე პროექტები უნდა გაჩერდეს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსავლები შეამცირონ 326 ათასი ლარით, არსებული დეფიციტი კი, რომელიც 600 ათას ლარზე მეტია, ცენტრალური ბიუჯეტიდან მოითხოვონ.

„დეფიციტს ვითხოვთ მთავრობისგან. როგორც ვიცი, ამ საკითხზე მთავრობასთან კომუნიკაცია უკვე არსებობს, თუკი ვერ მივიღებთ ამ თანხას, შესაძლოა მცირე ხნით შეფერხდეს ხელფასების გაცემა“, - ამბობს მალხაზ სიფრაშვილი, სიღნაღის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

სიღნაღში ბიუჯეტის შემცირებით, პირველ რიგში, დაფინანსება უმცირდება პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტს“, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივები მერიიდან დაფინანსებას იღებდნენ საგრანტო კონკურსების ფორმატით. ისინი კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე წერდნენ პროექტს, რომელსაც მერია აფინანსებდა. ამ პროექტის ფარგლებში ადგილობრივები ძირითადად ისეთი პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ, როგორიცაა სასმელი წყალი, მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურა, საუბნო სკვერებისა და მოედნების მოწყობა. მერია ამ პროექტისათვის წელს თანხებს ვეღარ გასცემს.

„ეს პროცესი ხალხის უკმაყოფილებას არ გამოიწვევს, რადგან ჩვენ მათ ავუხსნით, რომ ის, რაც წელს ვერ დაფინანსდება, გაკეთდება მომავალ წელს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ სიფრაშვილმა, სიღნაღის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.

„ბიუჯეტის შემცირებას მოსახლეობა ორ-სამ თვეში საკუთარ თავზე იგრძნობს“, - ამბობს სიღნაღის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბაბაკიშვილი, რომელიც არ აპირებს მხარი დაუჭიროს ბიუჯეტის შემცირებულ პროექტს. კორონავირუსის პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, რომ არა ადგილობრივი ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებები და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, სიღნაღს ბიუჯეტის შესრულება თავისუფლად შეეძლო.

„ბიუჯეტი არასწორად იყო შედგენილი და შემდგომი ცვლილებებიც, რომელიც უკვე კორონავირუსის პანდემიის პირობებში შევიდა დოკუმენტში, არ იყო შედეგებზე გათვლილი. როცა კორონას პირობებში გათვლას აკეთებ მიწის გადასახადის ამოღებაზე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ლოგიკურია, ეს პროცესი დადებით გავლენას ვერ მოახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე, კონკრეტულ შედეგებს კი სათითაო სოფელში იგრძნობენ“, - ამბობს გიორგი ბაბაკიშვილი, სიღნაღის საკრებულოს წევრი.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ადგილობრივი ბიუჯეტის შემცირება კახეთში ყველა მუნიციპალიტეტს უწევს. პროცედურის მიხედვით, დოკუმენტი განსახილველად საკრებულოებს მიმდინარე კვირის ბოლომდე გადაეგზავნებათ და ის 31 აგვისტომდე უნდა დამტკიცდეს, რადგან, მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა აგვისტოს შემდეგ დარჩენილ პერიოდში უკვე შეუძლებელი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ჯამში, 8 მილიონამდე ლარით შემცირდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG