სოფელი მატანი ახმეტის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი დასახლებაა. ამ სოფელში საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაიბადა. იქ 5 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ათწლეულებია, სასმელი წყლის პრობლემა მთელ სოფელს აწუხებს. ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ კარგ ამინდში წყალი ონკანებიდან შედარებით სუფთა მოდის, მაგრამ როგორც კი ამინდი შეიცვლება, წყალი ხდება მოყავისფრო, სუნი აქვს და დაბინძურებულიც არის. მატნის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლით მდინარე ალაზნიდან მარაგდება. ადგილობრივ მცხოვრებთა ვარაუდით, სასმელ წყალს სარწყავი წყალიც ერევა, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. მატანში მცხოვრები იათამზე გარშეულიშვილი ამბობს, რომ მათი ონკანებიდან წყალს ზოგჯერ ჭიაყელებიც კი მოსდევს, ამიტომ იძულებული არიან, წყალი ან მაღაზიაში იყიდონ, ან სოფლის ცენტრში მდებარე წყაროდან მოიტანონ.
„სასმელ წყალს ერთი პერიოდი წურბელები მოჰყვებოდა. როდესაც ეს ამბავი სოფლის ხელმძღვანელობას ვუთხარით, პასუხად მივიღეთ: იქნებ საიდან მოიყვანეთ წურბელაო, რით დაამტკიცებთ, რომ ასე იყოვო... ჩვენ დღემდე ამ წყალს ვსვამთ. თუ სადმე წავედით, თან მიგვაქვს წყლის ჭურჭელი, რომ იქიდან სუფთა წყალი წამოვიღოთ“.
მატანში წყლის პრობლემაზე თითქმის ყველა ლაპარაკობს, მაგრამ, მრავალი დაპირების მიუხედავად, პრობლემა ამ დრომდე ვერ გვარდება. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მოიფიქრა, თუ როგორ გახადოს წყალი უვნებელი. მაგალითად, ნათელა ბებო მოხმარებამდე წყალს ყინავს, რადგან დარწმუნებულია, რომ გაყინულ წყალში ბაქტერიები განადგურდება და წყალი უსაფრთხო გახდება.
„წყალს მაცივარში შევდგავ და გავყინავ ხოლმე. მგონია, რომ ასე ბაქტერიები იხოცება. შემდეგ ამ წყალს გავალღვობ და ასე ვსვამ“, - ამბობს ერთ-ერთი მატნელი.
წყლის პრობლემაზე ლაპარაკობს მატანში მცხოვრები უშანგი შათირიშვილიც. მისი სიტყვებით, „უამინდობის დროს სასმელ წყალს მოჰყვება ხავსი და ჭიები, ამიტომ მას სასმელად ვერ იყენებს“.
მატანში რადიო თავისუფლების ჟურნალისტების ჩასვლიდან მალევე იქ, სადაც რესპონდენტებს ვესაუბრებოდით, დოკუმენტებით მოვიდა სოფელში მერის წარმომადგენელი დავით მამუკელაშვილი. ის წყლის პრობლემას არ უარყოფს, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ჟურნალისტებთან ღიად ლაპარაკობს. მერის წარმომადგენელს ადგილობრივთა ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდა. დავით მამუკელაშვილი ირწმუნება, რომ მატანში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, გამოცხადებულია ტენდერი და სამუშაოები მალე უნდა დაიწყოს, რომელიც ორი წელი გაგრძელდება.
„ტენდერი გამოცხადებულია და დასრულდება 22 აგვისტოს. 7 მილიონ 123 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. ყველაფერი უნდა გამოიცვალოს. მოწესრიგდება სათავე ნაგებობები და წყალი დაიქლორება. ეს პროექტი სექტემბერში უნდა დაიწყოს და დასრულდება ორ წელში!“
ადგილობრივი ხელისუფლების მორიგი დაპირების არ სჯერა ოპოზიციას. შაქრო ტერტერაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახმეტის საკრებულოს წევრია, გვეუბნება, რომ გასულ წლებში პრობლემის მოგვარების მოტივით სოფელში 100 ათასობით ლარი უკვე დაიხარჯა, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ტერტერაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას არაპროფესიონალიზმსა და კორუფციაში ადანაშაულებს.
„დღეს გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ წყალი ან საერთოდ არ გვაქვს, ხოლო თუ გვაქვს, ის არ დაილევა. ბოლო წლებში, ალბათ, 100 ათას ლარზე მეტი იქნება დახარჯული, სანაცვლოდ კი მივიღეთ ის, რომ წყლის მოწოდება 2/3-ით შემცირდა. ახმეტაში ფული იხარჯება და რეალურად ჩვენ ვყიდულობთ პრობლემებს“.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მატნის მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ 2022 წლისთვის ჰპირდებიან, მანამდე კი სოფლის მაღაზიებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კვლავ პოლიეთილენის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი წყალი იქნება.