Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუა გზაზე მიტოვებული თითქმის მილიონიანი პროექტი კახეთში


სოფელი შრომა
სოფელი შრომა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, თითქმის მილიონიანი პროექტი, წელიწად-ნახევარია, მიტოვებულია.

სოფლებში შრომასა და კავშირში, ორკილომეტრიან მონაკვეთზე, სანიაღვრე და სარწყავი წყლის არხების მოსაწესრიგებლად სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, კომპანია შპს „ტექნომშენ ჯგუფმა“ დაიწყო, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სამუშაოები მიატოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თხრილების გამო ხშირია ავარიები, რომლებსაც მსხვერპლიც თან სდევს. გარდა ამისა, ამბობენ, რომ იხოცება პირუტყვი. იქ მცხოვრებლები ყველაზე დიდ საფრთხედ სანიაღვრე არხებისთვის გათხრილი ორმოებიდან ამოშვერილ ლითონის კონსტრუქციებს ასახელებენ.

„რამდენიმე დღის წინ ამ თხრილებში პატარა ტრაქტორი გადავარდა და იქ მჯდომები გადარჩნენ. ამ ორმოებში ძროხაც ჩავარდა და მოკვდა. ეს ადგილი ბაყაყებისა და გველების ბუდეა“,- ამბობს სოფელ შრომაში მცხოვრები ნოდარ თანდილაშვილი.

სოფელი შრომა
სოფელი შრომა

კიდევ ერთი ადგილობრივის, ლუიზა შუბითიძის, თქმით, „2019 წელს თხრილებში ავტომობილი გადავარდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“.

სანიაღვრე და სარწყავი წყლის არხების მოსაწყობად პირველი ტენდერი, დაახლოებით, ორი წლის წინ გამოცხადდა. ამისთვის საგზაო დეპარტამენტმა 978 562 ლარი გამოყო. ტენდერი „ტექნომშენ ჯგუფმა“ მოიგო, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მუნიციპალიტეტიდან წავიდა. ამ კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხოდ ტოვებენ.

ჯონდო მდივნიშვილი
ჯონდო მდივნიშვილი

ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დარჩენილ სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც შპს „მექანიზატორი 2005“-მა მოიგო. მდივნიშვილს არ აქვს ინფორმაცია, შეჩერებულია თუ არა სამუშაოები, თუმცა ირწმუნება, რომ პროექტი შემოდგომაზე დასრულდება.

„ამ პროექტს - შესრულებულ სამუშაოებსაც და შესასრულებელსაც - დასჭირდა ექსპერტიზა, იმისათვის რომ ახალი შემსყიდველი მოძიებულიყო. შემდეგ იყო სატენდერო პერიოდი. დღეის მდგომარეობით, არის ახალი კონტრაქტორი, რომელიც სამუშაოებს ასრულებს“.

გიორგი ენუქიძე
გიორგი ენუქიძე

სოფელ შრომაში პრობლემებს იცნობს ადგილობრივი ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გიორგი ენუქიძე, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ენუქიძის თქმით, „ის, რომ ამ მასშტაბის პროექტი 2 წელი მიტოვებულია, ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. ჩვენ, უკვე წლებია, ვამბობთ, რომ ლაგოდეხში პროექტები უხარისხოდ სრულდება“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

თბილისი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მიმდინარე პროექტში რომ ხარვეზებია, ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებენ საავტომობილო გზების უწყებაში. უწყების წარმომადგენელ ვაჟა ადამიას თქმით, კომპანია „მექანიზატორი 2005“-ს პანდემიის პირობებში სამუშაოები შეჩერებული ჰქონდა და ის მაისის თვეში განაახლა, თუმცა, ადამიას თანახმად, მუშაობის ტემპი დაბალია და მათ სამშენებელო კომპანია გააფრთხილეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ხელშეკრულებას შეუჩერებენ და დააჯარიმებენ. ადამია გვეუბნება, რომ პირველი კომპანია ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მთლიანი თანხის 1 პროცენტით დაჯარიმდა.

დაუსრულებელი პროექტი სოფელ შრომაში
დაუსრულებელი პროექტი სოფელ შრომაში

„მუშაობის დროს, სამწუხაროდ, დაბალი ტემპია, რაზეც კომპანია წერილობით რამდენჯერმე გავაფრთხილეთ... კომპანიის წარმომადგენელი გვპირდება, რომ ხალხს დაამატებს და ტემპს მოუმატებს. თუ ასე არ მოხდა, გამოვიყენებთ საჯარიმო სანქციებს, როგორც პირველი კომპანიის შემთხვევაში მოხდა. შპს „მექანიზატორი 2005“-ს ამჟამად არც ერთი თეთრი არ აქვს მიღებული“.

კომპანია „მექანიზატორი 2005“-ში რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. შესაბამისად, ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება კომპანია ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. კონტრაქტის თანახმად, კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად დრო 13 ოქტომბრამდე აქვს, მანამდე კი ადგილობრივ მცხოვრებლებს სიფრთხილე მართებთ, რომ შესაძლო სავალალო შედეგები თავიდან აიცილონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG