Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?


„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, პარტიის რეიტინგი ამ ეტაპისთვის თითქმის 60% პროცენტია, რაც პარტიული სიებით გასანაწილებელი 120 მანდატიდან თითქმის 72-ის მოპოვებას ნიშნავს.

მმართველი გუნდი ამას უმატებს ასევე მაჟორიტარული წესით გასანაწილებელ 30-ვე მანდატს - ოლქების უმრავლესობის პირველსავე ტურში მოგების ამბიციით. ეს კი, არაზუსტი დათვლით, ჯამში, დაახლოებით 102 მანდატი გამოდის.

ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევებიდან „ქართულ ოცნებას“ არცერთში არა აქვს თითქმის 60%-იანი მაჩვენებელი. ბოლო სამი გასაჯაროებული კვლევის შედეგები ასეთია:

პირველი ორი კვლევის მაჩვენებლებით, „ქართული ოცნება“ უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნას ვერ შეძლებს. ახალი საარჩევნო სისტემით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი, რომელიც გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას, თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს.

„40.54%-ზე მეტი თუ არ მიიღო პროპორციულ ნაწილში, ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს 76 მანდატს, სულ რომ ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. 75-ზე მეტ მანდატს თუ მოაგროვებს თეორიულად, ახალი სისტემით - მანდატები სიითი შემადგენლობიდან დააკლდება“, - გვეუბნება კონსტიტუციონალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი, ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ჩართული იყო ახალ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში.

მართალია, ე.წ. დაკარგული ხმებიც გასათვალისწინებელია, მაგრამ ხმალაძე დაახლოებით ითვლის, რომ პროპორციულ ნაწილში, 120 მანდატიდან, "ქართულ ოცნებას" შეხვდება:

  • Edison Research-ის კვლევის მიხედვით - 46-47 მანდატი;
  • IRI-ის კვლევით კი - 40 მანდატი.

„Survation“-ის კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ქართულ ოცნებას“, 52%-იანი მაჩვენებლის შემთხვევაში, არანაირი ლიმიტი აღარ დაუწესდება და პროპორციულ ნაწილში აღებული დაახლოებით 62 მანდატი მაჟორიტარული წესით მიღებულ მანდატებთან დაუჯამდება.

სხვა საკითხია, რომ „Survation“-ის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევას, თავისი მეთოდოლოგიის გამო, უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა. შედეგები არასარწმუნოდ მიიჩნიეს სოციოლოგებმაც.

კოალიციური მთავრობისთვის

მომავალ პარლამენტში მთავრობის დაკომპლექტებას დამოუკიდებლად მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა შეძლებს, რომლის სათვალავზეც მინიმუმ 76 დეპუტატის მანდატი იქნება.

ხოლო თუკი მინიმუმ 76-წევრიანი უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერცერთმა პარტიამ ან ბლოკმა ვერ მოახერხა, მაშინ დღის წესრიგში დგება კოალიციური მთავრობის საკითხი.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად:

  • პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ასახელებს;
  • პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ ნდობა გამოუცხადოს პრემიერობის ამ კანდიდატის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობას;
  • მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა - მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა;
  • თუ პარლამენტმა ამ მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, მაშინ კიდევ 2-კვირიან ვადაში პარლამენტმა შესაძლებელია დაამტკიცოს ახლა უკვე მინიმუმ 51 დეპუტატის მიერ წამოყენებული პრემიერობის კანდიდატის მთავრობა;
  • თუკი არც ეს მოხდება, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

სწორედ კოალიციური მთავრობის სცენარისთვის ემზადება ოპოზიციური ერთობის საკოორდინაციო ფორმატში ჩართული პარტიების დიდი ნაწილი.

როგორც „ნაცონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი, რომან გოცირიძე IRI-ის კვლევაზე დაყრდნობით ეუბნება რადიო თავისუფლებას:

  • 1%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში 10-12 პარტია მოხვდება;
  • აქედან, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი პარტია („პატრიოტთა ალიანსი“) შევა კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ და, ჯამში, მათი მაჩვენებელი 36%-ს არ აღემატება;
  • დანარჩენი პარტიები ძირითადად სწორედ ის პარტიებია, რომლებიც (ლეიბორისტული პარტიის ოფისში დაფუძნებულ) საკოორდინაციო ფორმატში არიან გაწევრიანებული და „ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნიან;
  • „ქართული ოცნების“ ღია „სატელიტ პარტიებს“ 1%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალებაც არა აქვთ.

დეკლარირებულად, ირმა ინაშვილის პარტია - „პატრიოტთა ალიანსი“ მომავალ პარლამენტში დიდი უმრავლესობით აპირებს შესვლას, დასტურად საკუთარ კვლევებს იშველიებს და სასტიკად გმობს, მაგალითად, IRI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც მას 3%-იანი რეიტინგი აქვს.

IRI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, 1%-იანი ბარიერი გადალახული აქვს 9 ოპოზიციურ პარტიას:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
  • „ევროპული საქართველო“ – 5%;
  • „ახალი საქართველო“ – 5%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
  • „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2%;
  • „ლელო საქართველოსთვის“ – 2%;
  • „გირჩი“ – 2%;
  • ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობაა“ – 1%;
  • „გამარჯვებული საქართველოსთვის“ – 1%.

მათი ერთობლივი მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს და უხეში დათვლით, ეს 44 მანდატს უდრის.

ოპოზიციაში მშვიდობაა?

ოპოზიციური ერთობა იმედოვნებს, რომ ერთმანეთის ხმების დაცვითა და ხალხთან მეტი მუშაობით, საარჩევნო შედეგების გაზრდაც შესაძლებელია და კოალიციური მთავრობის შექმნაც. თუმცა რამდენად მოხერხდება შეთანხმება პრემიერობის კანდიდატზე, მაშინ, როცა, მაგალითად:

  • „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა - გიორგი ვაშაძემ, საარჩევნო კამპანია პრემიერობის კანდიდატის რანგში დაიწყო;
  • მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე ოპოზიციური ერთობის მიერ 6 შეთანხმებულ მაჟორიტარ კანდიდატს შორის არის, პრემიერობა მას ოპოზიციურ ერთობაში არავისთან შეუთანხმებია;
  • გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ბლოკში იქნება პარტიის - „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი;
  • გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახლახან თითქმის ერთდროულად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შექმნილი გაერთიანება - „ძალა ერთობაშია“;
  • მანამდე, განრისხებულმა თაკო ჩარკვიანმა დატოვა ე.წ. ლეიბორისტული პარტიის მრგვალი მაგიდის ოპოზიციური საკოორდინაციო ფორმატი და ეს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო მოხდა.

მეთვალყურეებს უჩნდებათ შეკითხვები და, მაგალითად - შესაძლებელია თუ არა ნინო ბურჯანაძისა და თაკო ჩარკვიანის ერთ კოალიციაში ხილვა? ანდა იგუებს თუ არა დანარჩენი ოპოზიცია გიორგი ვაშაძის პრემიერობის ამბიციებს?

  • ამჟამად ოპოზიციური ერთობის ფორმატში თბილისის 8 ოლქიდან მხოლოდ 6 მაჟორიტარი კანდიდატია შეთანხმებული;
  • დარჩენილი ოლქებიდან საბურთალოზე გირჩის ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე იყრის კენჭს;
  • ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა დასახელდება.

აქაც ჩნდება შეკითხვები - იქცევიან თუ არა ისინი ოპოზიციის საერთო კანდიდატებად? და რა მოხდება მაშინ, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს, მაგალითად - ირაკლი ოქრუაშვილს?

მსგავსი საკითხების განხილვასა და ჩაღრმავებას ამ ეტაპზე მაქსიმალურად ერიდებიან ოპოზიციაში.

„ევროპული საქართველო“ ცდილობდა, რომ ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი კანდიდატები მაქსიმალურად რეგიონებშიც და დიდ ქალაქებში მაინც შეეთანხმებინა, თუმცა ეს იდეა ჩავარდა.

განსხვავებული მოსაზრებით, უმჯობესია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის კანდიდატებს მეორე ტურების შემთხვევაში დაუჭირონ მხარი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG