Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე


გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან სამი კვირის შემდეგ გამოძიება კვლავ ელოდება ექსპერტიზის პასუხებს, რომელმაც უნდა დაადგინოს მისი გარდაცვალების მიზეზი. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა ექპერტიზის ეროვნულ და ამერიკის ფედერალურ ბიუროებს. ექსპერტიზის ბიუროდან გვაინტერესებდა დანიშნული და ჩატარებული ექსპერტიზების შესახებ ინფორმაცია, ფედერალური ბიუროსგან კი პროცედურები, რომელიც ახლავს მათ ჩართვას ნებისმიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის გამოძიებაში, სადაც არ ფიგურირებს ამერიკის მოქალაქე.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პასუხი

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განგვიმარტა, რომ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო (გვამის გამოკვლევა და, მის ფარგლებში, ჰისტოლოგიური ექსპერტიზა), ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური (დნმ), კრიმინალისტიკური (ტრასოლოგია, დაქტილოსკოპია, ხელწერის), ავტოტექნიკური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზები. მათი ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მიმდინარეობს და ნაწილი ჯერ არ დანიშნულა.

ექსპერტიზის დასკვნები უკვე დასრულებულ კვლევებზე ეგზავნება საგამოძიებო უწყებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასრულებულია ხელწერის და, ნაწილობრივ, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

ამ დროისთვის გამოძიებამ თქვა ის, რომ თამარის მანქანაში ნაპოვნ ფერად ბარათზე მისი ხელითაა მიწერილი ინფორმაცია მისსავე ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ. ასევე, გამოძიება ამბობს, რომ გაუჩინარებამდე თამარი ინტერნეტში ეძებდა „საუკეთესო გზას თვითმკვლელობისთვის“ და საძილე აბებს.

ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის გონივრულ ვადად განსაზღვრულია 30 სამუშაო დღე. ამ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გახდა თუ არა თამარის გარდაცვალების მიზეზი ის (ან სხვა) სამედიცინო მედიკამენტები.

„სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად აღებულ იქნა საკვლევი მასალა. იმის გამო, რომ ბაჩალიაშვილის ცხედარი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იქნა აღმოჩენილი, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო გახდა განსხვავებული მეთოდების შერჩევა როგორც ნიმუშის შერჩევისას, ასევე უშუალოდ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის თვალსაზრისით (იგულისხმება: დამუშავება, მომზადება, ნიმუშის შესაბამისი აპარატული კვლევის რეჟიმების შერჩევა), რაც დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიმდინარეობს გვამიდან აღებული მასალის და ავტომობილიდან ამოღებული ნიმუშების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ექსპერტიზის ბიუროში.

მოწმეც და ექსპერტიც - როგორ აღმოჩნდა ბაჩანა ლობჟანიძე ორ როლში ერთდროულად

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზის ბიუროში მისვლისას მას თამარის კომპიუტერი და ტელეფონი გახსნილი დახვდა.

სამხარაულის ბიუროში კომპიუტერიდან ინფორმაციის ამოღებისას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, თან ახლდა, მისი თქმით, ამ სფეროს მცოდნე პირი, რომელიც რამდენიმე დღეში საზოგადოებას გაეცნო როგორც თამარის „შეყვარებული”. გამოძიებისთვის ბაჩანა ლობჟანიძე საქმის მოწმეა და ის გამოძიებას რამდენჯერმე ჰყავს დაკითხული. თავად ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, პირველი ორი ჩვენება მან ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში მისცა მანამ, სანამ ბაჩალიაშვილის საქმე გამოძიებისთვის თბილისის ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს გადაეცემოდა. რადიო თავისუფლებას ბაჩანა ლობჟანიძემ დაუზუსტა სამხარეო სამმართველოში გამოკითხვის თარიღები: 23, 27 და 29 ივლისი.

იურისტების განმარტებით, ამგვარ ექსპერტიზებში მოწმის სტატუსით დაკითხული პირის მონაწილეობა არ შეიძლება. გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაკითხული პირი შესაძლოა ბრალდებულიც აღმოჩნდეს. ბაჩანა ლობჟანიძე ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტის სტატუსით არ ყოფილა, მისი პროცედურაზე დასწრების შუამდგომლობა გამოძიებასთან ოჯახის ადვოკატმა დააყენა.

კომპიუტერის, ტელეფონის და მანქანის ექსპერტიზა

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვკითხეთ, როგორ ხდება კომპიუტერის და ტელეფონის ექსპერტიზა, გამოძიებას მიაქვს ტექნიკა დალუქულ მდგომარეობაში და ბიუროში იხსნება, თუ ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლიათ მოიტანონ და ბიურო იკვლევს ნებისმიერ, მათ შორის, თეორიულად საგამოძიებო უწყებების მოქმედებებსაც კონკრეტულ მოწყობილობაში. ვკითხეთ ისიც, რას ფიქრობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებაზე „გახსნილი“ ტექნიკის შესახებ.

„სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, გამოძიების მიერ დადგენილებით დანიშნულ ექსპერტიზების ფარგლებში, ბიუროში წარმოდგენილ უსაფრთხოების კოდით დაცულ ელექტრონულ მოწყობილობებზე (ლეპტოპი, ტელეფონი) დაიწყო საექსპერტო კვლევა ფაილურ სისტემებთან წვდომის მოსაპოვებლად. პირველ შემთხვევაში (ლეპტოპი) ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას დასჭირდა 5 დღეზე მეტი, ხოლო მეორე შემთხვევაში (ტელეფონი) - ორ კვირამდე პერიოდი. აღნიშნული შესაძლებელი გახდა სპეციალური საექსპერტო მოწყობილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ამისთვის სპეციალურად დატრენინგებული და საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ექსპერტების მიერ.

წვდომის მოპოვების უზრუნველყოფის შემდგომ, უშუალოდ ინფორმაციაზე წვდომა და დათვალიერება განხორციელდა გამოძიების და მისი ნებართვით ჩართული ოჯახის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ბიუროში დანიშნული ნებისმიერი ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების მიერ დასმული კითხვების ფარგლებში. ასევე გამოძიების მხრიდან კვლევის პროცესში შესაძლებელია დაემატოს კითხვები, ამა თუ იმ გარემოების დადგენის ან აღმოჩენის შემთხვევაში.

ბიუროში მიმდინარე ყველა პროცედურა, მათ შორის შემოსული ნივთმტკიცებები, ციფრული მტკიცებულებების ჩათვლით, მუშავდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მოწყობილობებში ინახებოდა, ექსპერტიზის მიმდინარეობისას არ წაშლილა, არ დაზიანებულა და ასევე არანაირი ინფორმაცია არ დამატებულა. აღნიშნულის გადამოწმება, დაინტერესებული მხარეების სურვილის შესაბამისად, მარტივად არის შესაძლებელი საზღვარგარეთის ნებისმიერ საგამოძიებო თუ საექსპერტო დაწესებულებაში. ბიურო სრულიად პასუხისმგებელია ჩვენ მიერ მომზადებულ დასკვნებზე, ექსპერტიზის ჩატარების წესზე და მზად არის დაიცვას მათი ობიექტურობა და სიზუსტე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, - ასეთ განმარტებას იძლევა ექსპერტიზის ბიურო საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს ავტომობილის ექსპერტიზის შედეგები - ავტომობილის კვლევა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის. ოჯახი ითხოვს, რომ თამარის კუთვნილი ავტომობილი მხოლოდ FBI-ის საქმეში ჩართვის შემდეგ გაიხსნას.

ამერიკის ფედერალური ბიუროს პასუხი

მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახს გენერალური პროკურორი ფედერალური ბიუროს გამოძიებაში ჩართვას დაჰპირდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა FBI-სთან თანამშრომლობა. რადიო თავისუფლებას ფედერალურმა ბიურომ განუმარტა, რომ, მათი პოლიტიკის მიხედვით, კომენტარს არ აკეთებენ და დეტალებს არ ასაჯაროებენ ნებისმიერი პოტენციური კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება კითხვა, რა ვადებში, რა ფორმით ან მასშტაბით შეიძლება ჩაერთოს ფედერალური ბიურო ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პოლიტიკის მიხედვით, ფედერალური ბიურო ერთვება მაშინ, როცა მსხვერპლი შეერთებული შტატების მოქალაქეა ან დანაშაულის სამიზნე შეიძლება იყოს ამერიკის ინტერესები. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო თანამშრომლობა ყოველთვის შედგება მასპინძელი ქვეყნის ინფორმირებული თანხმობით და შტატების იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართულობით.


თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

XS
SM
MD
LG