Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი” - სტიგმა თუ მნიშვნელოვანი გარემოება?


გამოძიებამ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ იმ დროს და ისეთი დეტალი შემოიტანა საჯარო განხილვის სივრცეში, რომ კონკრეტული ვერსიისთვის ნიადაგის მომზადების ეჭვები გააჩინა.

„თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი, თუ რაზე ილაპარაკა ფსიქოლოგმა, ვინაიდან დღეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, არ იქნება სწორი. გიდასტურებთ იმას, რომ ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. რა თქმა უნდა, დეტალებზე ახლა არ იქნება სწორი საუბარი“, - უთხრა 23 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ, ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის პოვნიდან მხოლოდ მეორე დღეს გააკეთა პირველი განცხადება ამ საქმეზე, რასაც წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწოდება უწყების მიმართ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მიეწოდებინათ ინფორმაცია ოჯახისა და საზოგადოებისთვის.

იმ დროს, როცა მამუკა ჭელიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ თამარი ფსიქოლოგთან დადიოდა, საქმეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა კვალიფიკაცია „თვითმკვლელობამდე მიყვანა” და გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.

სახალხო დამცველმა 24 ივლისს ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ მამუკა ჭელიძის განცხადებაში აქცენტი გაკეთდა „ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის, ფსიქოლოგთან ვიზიტებსა და კონსულტაციებზე, რომ მსმენელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ავითარებდა თვითმკვლელობის ვერსიას”.

შსს-ს მიერ ფსიქოლოგთან ვიზიტების საკითხის საჯარო ხაზგასმა არასწორად მიაჩნია გარდაცვლილის ბიძასაც.

„რატომ უნდა დაიწყოს ამაზე აპელირება და აქცენტის გაკეთება? შეიძლება თამუნას რაღაც პირადი პრობლემა ჰქონდა და უნდოდა, რომ ფსიქოლოგისთვის გაეზიარებინა, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ფსიქოლოგის აყვანაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როგორც აფთიაქში შესვლასა და რაიმე მედიკამენტის ყიდვაში“, - თქვა კობა თამაზაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში 24 ივლისს.

საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის, ფსიქოლოგის ჩვენებასაც, თუკი ასეთი არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, ადვოკატი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაეცნობა, ვინაიდან გარდაცვლილის მამა პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. მანამდე კი საზოგადოება მსჯელობს იმაზე, რა მიზანს ემსახურებოდა გამოძიების მხრიდან გარდაცვლილის ფსიქოლოგთან კონსულტაციების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.

არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომლითაც ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები კლიენტების პირადი ინფორმაციის გაუთქმელობის პირობას დაიცავდნენ. ინფორმაციის მესამე პირისთვის გათქმა კონკრეტული ფსიქოლოგების კეთილ ნებასა და ინდივიდუალურ ეთიკურ ღირებულებებზეა დამოკიდებული.

ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კანონმდებლობით ფსიქოლოგიური სფერო არ რეგულირდება და, შესაბამისად, ფსიქოლოგები არ არიან ვალდებულნი სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდონ კლიენტის შესახებ, თუმცა კონსულტაციების წინ კლიენტებს აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ თუკი არასრულწლოვნის შემთხვევაში მის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ცალსახად გამოიკვეთება, ფსიქოლოგი ამას სოციალურ სამსახურს შეატყობინებს.

სრულწლოვნის შემთხვევაში კი შეტყობინებას აკეთებს სამართალდამცველებთან იმ დროს, როცა დგება თვითდაზიანების ან სხვისი დაზიანების რისკი. გაფრთხილება ძირითადად სიტყვიერია და მხოლოდ იშვიათად მძიმე შემთხვევებში აქვს წერილობითი ფორმა და დასტურდება კლიენტის მხრიდან ხელმოწერით.

„მთავარი არის ის, რომ კლიენტები დავიცვათ. ჩვენ კლიენტის დამხმარეები ვართ. მათი საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, შეგვიძლია უარი ვთქვათ ჩვენების მიცემაზე და, ვინაიდან ეს სფერო კანონმდებლობით არ რეგულირდება, ვერავინ გვაიძულებს, გავცეთ მათი პირადი ინფორმაცია. მეორე მხრივ, გვაქვს როგორც პროფესიული, ისე სამოქალაქო ვალდებულება, თუკი არსებობს ძალადობის აშკარა შემთხვევა ან თვითდაზიანების რეალური რისკი, შევატყობინოთ შესაბამის ორგანოებს: არასრულწლოვანის შემთხვევაში - ოჯახს და სოციალურ სამსახურს, ზრდასრულების შემთხვევაში - პოლიციას. ამის შესახებ კლიენტებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებსაც ვაფრთხილებ, თუმცა ის, რომ ვინმემ შეიძლება ითანამშრომლა გამოძიებასთან ან შეტყობინება გააკეთა შესაძლო დანაშაულის თავიდან ასარიდებლად, არ უნდა იყოს აფიშირებული. ნდობა იკარგება, სტიგმა ძლიერდება და ასეთი დეტალების სააშკარაოზე გამოტანა, ჩემი აზრით, არაეთიკურია. ფსიქოლოგის და მისი კლიენტის ურთიერთობა იმდენად დაცული სფეროა, რომ მე, მაგალითად, ჩემს კლიენტებს ქუჩაში თუ ვხვდები, არ ვესალმები, არ ვამბობ, რომ მათ ვიცნობ”, - ამბობს ნათია კუჭუხიძე.

ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი არ ამოწმებს, სიმართლეა თუ არა ის, რასაც მას კლიენტი უყვება და თუკი გამოძიება კლიენტისა და ფსიქოლოგის კომუნიკაციას დაეყრდნობა, იმის რისკიც კი არსებობს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდეს.

„როგორც ადვოკატებს, ჟურნალისტებს, ექიმებს გვაქვს პროფესიული ეთიკა და თვითრეგულირების ორგანიზაციები, ისევე უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგსაც. ფსიქოლოგს აქვს შეხება ისეთ თემებთან, რაც ფარავს ადამიანის პირად ცხოვრებას, ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, შეიძლება ეხებოდეს კავშირებს დანაშაულებთან და ამ დროს არ არსებობდეს არანაირი დაცვის მექანიზმი, რომელიც კლიენტს იცავს”, - ამბობს ანა აბაშიძე, იურისტი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.

პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის არარსებობის გამო მათ ორგანიზაციაში ჰქონიათ შემთხვევები, როცა ვერ დაუცავთ ფსიქოლოგისგან დაზარალებული ადამიანები (მათ შორის, არასრულწლოვნები), რადგან წესების არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია ამტკიცო წესების დარღვევა.

ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არ არის განმატებული, რა შემთხვევაში და რა სახის ინფორმაციის მიცემის უფლება აქვს ფსიქოლოგს გამოძიებისთვის, რისკის ქვეშ აყენებს როგორც კლიენტებს, ისე თავად ამ პროფესიის გამოძიებისთვის მართებულად გამოყენებას. როგორც ჟურნალისტს აქვს წყაროს გაუთქმელობის უფლება, ასევე უნდა არსებობდეს, რიგი პროფესიიდან გამომდინარე, დათქმები ფსიქოლოგებისთვისაც, - შედარება მოჰყავს ანა აბაშიძეს.

იმ დროს, როდესაც შსს-მ 23 წლის გარდაცვლილის ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე გაავრცელა ინფორმაცია, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, მათ უფლებადამცველს და საზოგადოებას თამარ ბაჩალიაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებისა და გარდაცვალების შესახებ შემდეგი კითხვები ჰქონდა:

  • გახსნილი იყო თუ არა გამოძიების მხრიდან 23 წლის პროგრამისტის პირადი კომპიუტერი;
  • რომელი იყო მისი მეორე სამსახური, რომლის სასარგებლოდაც გააკეთა არჩევანი და წამოვიდა კომპანია “ზეგიდან“;
  • რა მედიკამენტები იპოვეს მის ავტომობილში და აღმოჩნდა თუ არა მათი კვალი სხეულში;
  • დაათვალიერეს თუ არა ძებნისას ის ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს და არსებობს თუ არა დრონების ჩანაწერები, სადაც ეს ტერიტორია ჩანს;
  • თუკი მანქანა 4 დღე იდგა საავტომობილო გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, რატომ ვერ შეამჩნიეს იგი უფრო ადრე ადგილობრივებმა და სამართალდამცველებმა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს დააფიქსირა „ჭკვიანმა” კამერამ.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოაჩინეს მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა.

XS
SM
MD
LG