იმართება შეხვედრები ოჯახსა და სამართალდამცველებს შორის, თუმცა პასუხი კითხვებზე, როდის ან რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს FBI, ამ დრომდე არ არსებობს. თამარის გაუჩინარებიდან მეთვრამეტე დღეს შსს ამბობს, რომ სიცოცხლის ბოლო ხანებში ის თვითმკვლელობის მეთოდებს “გუგლში” ეძებდა და ძებნის ისტორიიდან ამოღებული საძილე პრეპარატების სიას ასაჯაროებს.
- რას ითხოვს ოჯახი?
- რას ამბობს საელჩო?
- ვინ უყურებს ეჭვის თვალით FBI-ს ჩართვას გამოძიებაში?
- როგორია საქართველოს და ამერიკის ერთობლივი გამოძიებების ისტორია და გამოცდილება?
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის, ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გვამის პოვნის შემდეგ მიმდინარე გამოძიებას ეჭვით უყურებენ და საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვენ. 4 აგვისტოს მათ ამ მოთხოვნით საელჩოსთან აქციაც გამართეს. საელჩოს წარმომადგენლებმა ოჯახს აუხსნეს, რომ საქმეში FBI-ს ჩართვას თავისი პროცედურები აქვს და მოთხოვნა თანამშრომლობისთვის სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს. ფედერალურ ბიუროს, კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში ჩართვის უფლებამოსილება არ აქვს.
საელჩოსთან გამართული აქციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის საგამოძიებო ფედერალურ ბიუროსთან და ამ თემაზე 5 აგვისტოს სამინისტროში ოჯახთან შეხვედრაც გაიმართა, თუმცა კონკრეტული დეტალები, რა სახით და ფორმით ჩაერთვება გამოძიებაში ამერიკული მხარე, იქნება ეს დახმარება ექსპერტიზაზე, თამარის მფლობელობაში მყოფი კომპიუტერიდან სრული ინფორმაციის ამოღებაში თუ რაიმე სხვა, არ კონკრეტდება, ისევე როგორც ის, თუ რა ვადები დასჭირდება ოფიციალურად თანამშრომლობის გაფორმებას.
“ფედერალურმა ბიურომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამოიძიოს - რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის განმავლობაში, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი და გასუფთავდა. მე არ მაწყობს, თუ ფედერალური ბიურო საქმეში მხოლოდ კონსულტაციების დონეზე ჩაერთვება” - უთხრა 5 აგვისტოს ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, მანამ, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდოდა შეხვედრაზე.
იმას, რომ განსასაზღვრია, როგორი იქნება თანამშრომლობის ფორმატი, და ისიც, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას ფედერალური ბიურო, აღნიშნავს ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც. ის თვლის, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული შესაძლებლობა ექსპერტიზის მიმართულებით.
„ფედერალური ბიუროსგან ელოდებიან პასუხს, თუ რა კონტექსტში, რა მოცულობით ჩაერთვებიან და რაში მიიღებენ მონაწილეობას და თანამშრომლობის რა არეალი ექნებათ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს და ფედერალურ ბიუროს“, - თქვა 5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
ამ დროისთვის ოჯახი ელოდება ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზების პასუხს. გამოძიებას წინ აქვს გარდაცვლილის პირად ავტომობილზე ექსპერტიზის დანიშვნა. ამ დრომდე ბუნდოვანია პასუხი იმაზე, თუ რა ინფორმაციას ინახავდა თამარის პირადი კომპიუტერი, რომელიც ადვოკატს ექსპერტიზის ბიუროში მისვლისას დალუქული არ დახვდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ თამარის კომპიუტერი გამოძიებამ ჯერ კიდევ მანამდე გახსნა, სანამ თამარის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა და ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ გარდაცვლილის მამას შსს-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაურეკა და უთხრა, რომ კომპიუტერი გახსნეს და “თამარი დიდ შარში ყოფილა გახვეული”. ლადო ბაჭულაშვილმა ოჯახის მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ექსპერტიზის ბიუროში ოჯახის ადვოკატის თანდასწრებით კომპიუტერის გახსნას კი დროში დაემთხვა თამარის პირადი ფეისბუქგვერდის გაქრობა საძიებო სისტემიდან. თამარის კომპიუტერის გახსნას ადვოკატთან ერთად ესწრებოდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი და წარმომადგენელიც, რომელიც, მიხეილ რამიშვილის თქმით, ტექნიკაში კარგად ერკვევა. 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზის ბიუროში თამარის პერსონალური კომპიუტერის გახსნისას ადვოკატის თანმხლები პირი თამარის კურსელი თსუ-ში ბაჩანა ლობჟანიძე იყო, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს და საზოგადოებას თავი წარუდგინა, როგორც თამარის შეყვარებულმა.
ბაჩანა ლობჟანიძე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებას არაერთხელ ჰყავს დაკითხული, მათ შორის ორჯერ ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, რომელიც თამარის გვამის პოვნის შემდეგ იძიებდა საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მოტივით. საქმე სამხარეო სამმართველოდან თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს მას შემდეგ გადაეცა, რაც ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ურეკავდა და გაჩუმებას სთხოვდა, ამ სამმართველოში მუშაობდა.
“სავარაუდოდ, მანქანაც გასუფთავებულია დნმ-ისგან. ახლა FBI-ზეა დამოკიდებული, რას აღადგენენ. კომპიუტერი გამოძიებამ პირველივე დღეს წაიღო და ლუქმოხსნილი დაახვედრეს მიხეილ რამიშვილს. მიზანმიმართულად გაასუფთავეს ლეპტოპი და ისე დაახვედრეს. მერე ვითომ თავიდან დაილუქა და ახლა გახსნეს და გვაჩვენეს, რომ მარტო “იუთუბზე” შედიოდა ჩემი შვილი, მუსიკებს უსმენდა და თურმე მარტო ფოტოებისთვის და ვიდეობისთვის ჰქონდა მაკბუკი სამსახურიდან მიცემული”, – თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.
პერსონალური კომპიუტერიდან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალების ამოღების გარდა, მნიშვნელოვანია თამარის პირად ტელეფონში დაცული ინფორმაცია და მისი მიმოწერა სოციალურ ქსელებში. “ფორმულას” ეთერში გასული ინფორმაციის მიხედვით, თამარის სიკვდილი შესაძლოა კავშირში იყოს მის საქმიანობასთან და, უფრო კონკრეტულად, იმ ფაქტთან, რომ მან მოიპოვა სამი მაღალჩინოსნის შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალები. ეს ინფორმაცია, ჟურნალისტების თქმით, მათ საგამოძიებო უწყებიდან აქვთ და თუკი გამოძიება ამ ვერსიაზე მართლაც მუშაობს, მაშინ თამარის კომპიუტერი და მობილური მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს.
არსებობს კიდევ ერთი ეჭვი, რომელიც თამარის გვამის პოვნისას გაუჩნდა ოჯახს, რომ მისი ავტომობილი იმ ადგილას, სადაც ის იპოვეს, 5 დღის განმავლობაში არ იდგა და ის თამარის დაკარგვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ევაკუატორით მიიტანეს. ეს ვერსია უნდა დაადასტუროს ან უარყოს ავტომობილის ექსპერტიზამ, რომელიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის იქნება და მოხერხდება თუ არა ამ პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვა, როგორც ეს ოჯახს სურს.
გამოძიებაში FBI-ს ჩართვას სკეპტიკურად უყურებს მოწმის სტატუსით არაერთხელ დაკითხული და საზოგადოებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულის სტატუსით ცნობული ბაჩანა ლობჟანიძე. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, ფეისბუქზე მასთან კომუნიკაციისას ლობჟანიძემ, რომელიც თამარის კურსელი იყო და ასევე პროგრამისტია, უთხრა, რომ FBI დიდს ვერაფერს გაარკვევდა, როცა საქმე ეხებოდა “ეფლის” პროდუქციას, რომელიც მკაცრად იცავს მომხმარებლების პირად ინფორმაციას და მონაცემებს.
“19 ივნისს ჩემი გოგონას დაბადების დღე იყო და მითხრა, რომ მთელი დღე ერთად გაუტარებიათ და ვითომ ძალიან ბედნიერი იყო თამუნა. სახლში დავიბარე, მოვიყვანე და გავესაუბრე და ისე უცნაურად დაიწყო ლაპარაკი, სასტიკად არ მომეწონა. წუხელ მომწერა და რომ ვახსენე, ამერიკის საელჩოსთან უნდა გავმართო აქცია FBI-ის ჩართულობის შესახებ, მითხრა: FBI რათ გინდა, რას გაარკვევს და ა.შ. მე ვუთხარი, ვინ ხარ, მოგზავნილი ხომ არ ხარ-მეთქი და აქეთ მწერს, იქნებ შენ თვითონ ხარ მოგზავნილიო. დავბლოკე “ფეისბუქზე”, – ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა. პარალელურად ლობჟანიძე მედიასთან ასაჯაროებს იმ კადრებს, რომლებიც, მისი თქმით, 19 ივნისსაა გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ ვახშმობენ ის და თამარი ერთად ერთ-ერთ კაფეში. ბაჩანა ლობჟანიძე გამოძიებას ახალ კითხვებს უსვამს, მათ შორის იმ კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც თამარი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელიც, მისი თქმით, “ქართული მენტალობისთვის შეუსაბამო საქმიანობას ეწევა”. ის ამბობს, რომ როცა თამარმა კომპანია “ზეგ”-ში დაიწყო მუშაობა, შესაძლოა, მისი დამქირავებლები ფიქრობდნენ, რომ ის “უპატრონო იყო”, მაგრამ თამარის “სულიერი და ხორციელი პატრონი” თვითონაა და ამიტომ სვამს ამ კითხვებს. ეს განცხადება მან “მთავარის” ეთერში 5 აგვისტოს გააკეთა.
5 აგვისტოს, დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია გაასაჯაროვა, საიდანაც ჩანს, რომ თამარი სიცოცხლის ბოლო დღეებში “გუგლში” ეძებდა “საუკეთესო გზებს თვითმკვლელობისთვის”, ფეისბუქის ანგარიშის გაუქმებისა და საძილე აბების შესახებ ინფორმაციას.
„არ მჯერა მე მათი! ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის სარწმუნო, იქნებ ისიც ნახეს ინტერნეტში, რომ თეთრიწყაროს რაიონში უფრო ადვილი იყო სიკვდილი და სხვაგან არა? დღეს ვიყავი იმ ჭელიძესთან შეხვედრაზე და ვუთხარი კიდეც, ბავშვი სახლში მოსვენებული არ იყო და წერილი, მედიკამენტები მაშინვე იპოვეთ, ასევე ფსიქოლოგი და მკვლელი ვერ იპოვეთ, მაშინვე გინდოდათ თვითმკვლელობის იარლიყი მიგეკერებინათ-მეთქი. ისევ თავიდან აამოქმედეს ეს ყველაფერი, რადგან საქმეში FBI-ის ჩართულობა მოვითხოვეთ. კი ბატონო, დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, რომ თვითმკვლელობაა, არ მჯერა მე მათი! ახლა უფრო გავძლიერდებით და ახლა უფრო მოვითხოვთ FBI-ს ჩართულობას“, - უთხრა ბაჩალიაშვილის დედამ მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.
საქართველოში სხვადასხვა დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების საქმეებში ფედერალური ბიუროს ჩართვის პრეცედენტები არსებობს. მათთვის თვალის გადავლება ცხადს ხდის, რომ გამოძიებაში ამერიკული მხარე ქართველ სამართალდამცველებს ყოველთვის კონკრეტულ მიმართულებებში ეხმარება და ეს არ არის სრულმასშტაბიანი ჩართულობა. მნიშვნელოვანია საქმის რეზონანსულობა და მასშტაბიც. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკული შეერთებული შტატების ფედერალური ბიურო ჩართული იყო პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტისას ტერაქტის, ახმედ ჩატაევის სპეცოპერაციის, სმითების ოჯახის მკვლელობის და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეების გამოძიებაში.
მაგალითად, სმითების ოჯახის გამოძიებისას ბრალდებული მწყემსის ადვოკატი ითხოვდა ამერიკული მხარის ჩართვას არა მხოლოდ ექსპერტიზებში, არამედ მალხაზ კობაურის დაკითხვებშიც. ფედერალურმა ბიურომ ამ საქმეში თავის თავზე აიღო სმითების ოჯახის კუთვნილ ფოტოაპარატსა და პირად ტელეფონებში არსებული ინფორმაციის აღდგენა.
ზურაბ ჟვანიას საქმეში ჩართვისას ფედერალურმა ბიურომ მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენაზე იმუშავა. დასკვნა იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის განზრახ მოწამვლის დამადასტურებელი ნიშნები აღმოჩენილი არ იყო და მათი გარდაცვალების მიზეზი ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია გახდა, რაც, თავის მხრივ, შემთხვევის ადგილას არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა განაპირობა, სწორედ FBI-ს ექსპერტებს ეკუთვნით.
თუ რა სახის დახმარება გაუწია ფედერალურმა ბიურომ ახმედ ჩატაევის სპეცოპერაციის შემდეგ გამოძიებისას ქართულ მხარეს, დაკონკრეტებული არ ყოფილა. მაშინდელი ელჩი ამბობდა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის საკითხი ყველას ეხება და “უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია”. ტერორიზმის, ტრეფიკინგის, ნარკოდანაშაულების შემთხვევებში შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე გამოძიებებთან.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.