Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი


შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების შუალედური მასალების მეორე ნაწილს აქვეყნებს, მას შემდეგ რაც 5 აგვისტოს უკვე გამოაქვეყნა კომპიუტერიდან ამოღებული ძებნის ისტორია.

"2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი" - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

5 აგვისტოს უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე ინტერნეტში ეძებდა საუკეთესო გზას თვითმკვლელობისთვის, საძილე წამლებს და ფეისბუქის ანგარიშის წაშლის მექანიზმებს სიკვდილის შემდეგ. გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი გამოძიების მხრიდან იმგვარი მასალების გასაჯაროებას და აქცენტირებას ეწინააღმდეგება, რაც თამარის გარდაცვალების ყველა სხვა ვერსიას გამორიცხავს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან თავი მოიკლა. 6 აგვისტოს ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ ირაკლი შოთაძესთან შესახვედრად. დედამ თქვა, რომ არ გამორიცხავდა შიმშილობის დაწყებასაც, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება სხვა ვერსიებს გამორიცხავდა ან შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო არ დაადასტურებდა თამარის თვითმკვლელობის ვერსიას.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ასევე ნახეთ:

როდის და როგორ ერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმეში

“თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი” - სტიგმა თუ მნიშვნელოვანი გარემოება?

XS
SM
MD
LG