55-კაციანი სააგენტოს თანამშრომლებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადის ხელფასი 5 000 ლარია, ყველაზე დაბალანაზღაურებადის - 1000 ლარი. მხოლოდ 2020 წლის პირველ 5 თვეში სააგენტოს სარეკლამო მომსახურების კონტრაქტების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. ამ კონტრაქტებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ სოციალურ მედიაში, ტელევიზიებსა და ახალი ამბების სააგენტოებში სასურველი ინფორმაციის გავრცელების სერვისი შეიძინა. ფეისბუკში გამგეობების და მერიის სამსახურებისთვის შექმნილი 32 ოფიციალური გვერდი ფუნქციონირებს.
მიუხედავად ამ რესურსებისა, თბილისის მერი ფიქრობს, რომ ცრუ ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში პირადად მისი ჩართვაც საჭიროა. კახა კალაძე თვლის, რომ მედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულმა დეზინფორმაციამ მოსახლეობა შეცდომაში რომ არ შეიყვანოს, თავად უნდა მოჰყვეს მერიის საქმიანობის შესახებ.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით, რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება და პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს”, - თქვა კახა კალაძემ ფეისბუკჩართვისას და პირველი ცრუ ამბების გამოსავლენი ჩართვა 25 ივნისს, 22:00 საათზე დააანონსა.
25 ივნისს ჩართვის ანონსისთვის დამზადებული ბანერიც გამოჩნდა. მასზე ოპოზიციური მედიის ლოგოები სისხლიანი ლაქის ფონზეა გამოსახული. თავად მერის თქმით, „სისხლი არაფერ შუაშია და ბანერზე გამოსახულია ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოები“.
მერის ინიციატივას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა - სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება მედიის მიერ შექმნილ პროდუქციას არ უნდა აკრიტიკებდეს და თუკი ცრუ ინფორმაციას ებრძვი, არც მხოლოდ ოპოზიციური მედია უნდა იყოს სამიზნე.
მოძრაობა „სირცხვილიამ” ქალაქის მერს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდის და ჯგუფის წაშლა გაახსენა.
„დედაქალაქის მერიამ ამ თითქმის სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული მიმართულებით. ჩვენ ვთქვით, რომ მერიის უწყების საჯაროობა, მუშაობის პროცესის თვალის დევნება, თანამონაწილეობა და ჩართულობა, ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ”, - თქვა კახა კალაძემ 24 ივნისს ფეისბუკზე ჩართვისას.
სწორედ მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობისთვის, ეფექტიანი კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ჩართულობისთვის შეიქმნა 2018 წელს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო.
თბილისის მერიიდან ივნისის თვეში რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სააგენტოში 2020 წლის 11 ივნისის მდგომარეობით 17 შტატიანი და 38 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს. 23 პიარმენეჯერი, 4 პრესოფიცერი, 3 ოპერატორი, 2 ფოტოგრაფი, 3 მძღოლი, ლაივ ადმინისტრატორი, სოც. მედიაჯგუფის მენეჯერი, პროდიუსერი, რედაქტორი, დიზაინერი და ამ ორგანიზაციაში დასაქმებული სხვა პირები მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში შემავალი უწყებების საქმიანობის შესახებ.
საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს 55 თანამშრომლის ხელფასებში ქალაქის მმართველობა თვეში 120 275 ლარს იხდის. სააგენტომ 2020 წლის პირველ 5 თვეში, 1 იანვრიდან 8 ივნისამდე თითქმის ნახევარი მილიონის, 496 139 ლარის სარეკლამო მომსახურება შეიძინა სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებსა და საინფორმაციო სააგენტოებში ინფორმაციის განსათავსებლად. ამ თანხის ნახევარი, 262 901 ლარი, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა არხმა, „ტელეიმედმა“ მიიღო. სატელევიზიო და რადიომომსახურებას მერია „ტელეიმედის“ გარდა 2020 წელს ყიდულობს „რუსთავი 2“-ისგან, ტელეკომპანია „პირველისა“ და სტუდია „მაესტროსგან“.
170 000 ლარს იხდის მერია ფეისბუკში. შესყიდვების სისტემიდან ირკვევა, რომ მერია ამ თანხით შემდეგი გვერდების კონტენტის რეკლამას ისახავდა მიზნად:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (გვერდი ფეისბუკსა და ინსტაგრამზე)
- ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევის, კრწანისის და გლდანის - სულ 9 რაიონის გამგეობა
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახური
- ზედამხედველობის სამსახური
- გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური
- ტრანსპორტის სამსახური
- ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური
- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
- თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა
- არქიტექტურის სამსახური
- ქონების მართვის სააგენტო
- საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
- თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
- თბილისის განვითარების ფონდი
- მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
- ჩემი ადვოკატი
- თბილისის მედიათეკების გაერთიანება
- თბილისის ზოოპარკი
- თბილისის სატრანსპორტო კომპანია
- სამეფო უბნის თეატრი
- თბილსერვის ჯგუფი
- თბილისის ღამის ეკონომიკა