უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება 28 ნოემბერს, ოთხშაბათს. ცესკომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები უკვე შეაჯამა და, კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური შეჯამებიდან მე-14 დღეს დაინიშნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მიიყვანა პროცესი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ბოლო ვადამდე, რა შემთხვევაშიც არჩევნები 1 დეკემბერს, შაბათს, ჩატარდებოდა. ოპოზიციის გარდა, არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დიდ პრობლემად მიაჩნია არასამთავრობო სექტორსაც. ვისთვის და რატომ არის ხელსაყრელი ან რატომ არა არჩევნების ჩატარება ოთხშაბათს.
ვინ ხედავს პრობლემებს?
დიდ პრობლემას ხედავენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რადგან საქართველოს კანონმდებლობა საზღვარგარეთ არ ვრცელდება და არჩევნების დღე - 28 ნოემბერი - იქ უქმე დღედ ვერ გამოცხადდება. რამდენიმე მათგანმა წუხილი რადიო თავისუფლებასთან გამოხატა, მაგალითად:
- საბერძნეთში მცხოვრები მაია არჩევნების მეორე ტურზე, დიდი ალბათობით, ვერ წავა. მისი საარჩევნო უბანი ათენშია გახსნილი, 4 საათის სავალზე, და ფიქრობს, რომ სამუშაო დღეს (ოთხშაბათს) ამდენი ხნით დამსაქმებელი მას არ გაათავისუფლებს.
- არჩევნების მეორე ტურს, სავარაუდოდ, გამოეთიშა გერმანიაში მცხოვრები ნინოც. ბერლინში გახსნილ საარჩევნო უბნამდე მას გზაში 2,5 საათი დასჭირდება და რადგან მხოლოდ შაბათ-კვირას ისვენებს, ხოლო დღეების გადაცვლა შეუძლებელია, დამსაქმებლისგან ისიც, დიდი ალბათობით, უარს მიიღებს.
- არჩევნების მეორე ტურზე წასვლას დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მოახერხებს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები გიორგი, თუმცა ოთხშაბათს გასათავისუფლებლად მას დამსაქმებელთან მთელი რიგი პირობების წინასწარ შეთანხმება და დღის გადაცვლა მოუწევს.
სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრებთა კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარეობს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამი არასამთავრობო ორგანიზაცია 14 ნოემბერს ცესკოს მოუწოდებდა არჩევნები უქმე დღეს დაენიშნა. განცხადებაში დასახელებული მეორე მიზეზი საქართველოში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეეხება: „ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს და რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის.“
მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნის წინააღმდეგ მსგავსი არგუმენტები აქვს ოპოზიციასაც და ის ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სათავისო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ, აღნიშნა, ხელისუფლება პრობლემებს უქმნის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, შეამციროს სოფლებში ჩამსვლელ ამომრჩეველთა რიცხვი, რათა უკეთესად მოახერხოს არჩევნების გაყალბება, „თუმცა ეს მათ არ უშველის“.
მე ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები უქმე დღეს არ ჩატარდეს. არსებობს მაგალითები და პრეცედენტები. თუ არ ვცდები 2012 წელს არჩევნები ორშაბათ დღეს იყო.კახა კალაძე
საქართველოს მასშტაბზე არაფერს ამბობს, მაგრამ საზღვარგარეთ მცხოვრებლებს პრობლემები რომ შეექმნებათ, ამას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ადასტურებს.
„ქართული ოცნება“ პრობლემებს ვერ ხედავს
14 ნოემბერს, ვიდრე კონკრეტული თარიღი გამოცხადდებოდა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ცესკოს დაასწრო და ჟურნალისტებთან გაკეთებულ ერთ-ერთ კომენტარში არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაასახელა. 14 ნოემბერს მან ასევე თქვა, რომ არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
- „მე ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები უქმე დღეს არ ჩატარდეს. არსებობს მაგალითები და პრეცედენტები. თუ არ ვცდები 2012 წელს არჩევნები ორშაბათ დღეს იყო. ასე რომ, არ წარმოადგენს პრობლემებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
2012 წლის 1 ოქტომბრის გარდა, არჩევნები არაუქმე დღეებში საქართველოში სხვა დროსაც გამართულა. ასე იყო 2006 და 2008 წლებშიც.
- 2006 წელს 5 ოქტომბერს, ხუთშაბათს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
- 2008 წელს 21 მაისს, ოთხშაბათს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.
კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს არჩევნების შეჯამების ბოლო ვადა 17 ნოემბერამდე ჰქონდა და შესაძლებელი იყო ამ ვადის ბოლომდე გამოყენება, რათა არჩევნები 1 დეკემბერს, შაბათს დამთხვეოდა.არასამთავრობო სექტორი
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემებს შექმნის, რადგან ეს დღე იქნება უქმე დღე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა და დასძინა, რომ „ეს არ მოახდენს გავლენას ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილი, მივიდნენ და თავისი პოზიცია დააფიქსირონ საარჩევნო ყუთთან“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის, დავით მათიკაშვილის თქმით, არჩევნების თარიღის დასახელება ცესკოს პრეროგატივაა და ხელისუფლებას ჩარევის არანაირი საშუალება არ ჰქონდა.
რატომ მაინცდამაინც 28 ნოემბერი
საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტური უნდა დაინიშნოს მე-14 დღეს, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემდეგ. რადგანაც ცესკომ ეს პროცედურები საარჩევნო დავების დასრულების შემდეგ, 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე გაიარა, შესაბამისად, არჩევნების თარიღად 28 ნოემბერი დასახელდა. თუმცა არასამთავრობო სექტორის პოზიციით, აქ გასათვალისწინებელია, რომ:
- საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე.
- კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს არჩევნების შეჯამების ბოლო ვადა 17 ნოემბერამდე ჰქონდა და შესაძლებელი იყო ამ ვადის ბოლომდე გამოყენება, რათა არჩევნები 1 დეკემბერს, შაბათს დამთხვეოდა.
9 ნოემბერს რადიო თავისუფლებას ცესკოში უთხრეს, რომ არჩევნების შედეგების შეჯამება საარჩევნო დავების დასრულებაზე იყო დამოკიდებული და თუკი ეს პროცესი უფრო მალე დასრულდება, საარჩევნო ადმინისტრაცია შედეგების შესაჯამებლად აღარ დაუცდის ბოლო ვადას, 17 ნოემბერს. ხოლო არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა პრობლემა არ იქნება, იმიტომ, რომ ეს დღე საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდებაო.