Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აწყობს არჩევნები სამუშაო დღეს?


არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერ არ დასახელებულა და ცესკოში ჯერჯერობით ვერც იმას ამბობენ, როდის დასახელდება. მიმდინარე პროცედურებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ არჩევნების მეორე ტურის დღე სამუშაო დღეს დაემთხვეს. გაერთიანებული ოპოზიცია შიშობს, რომ არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება მათ ხმებს დააკარგვინებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა ამას გამორიცხავენ ცესკოში.
მეორე ტურში გასული კანდიდატების შედეგებს შორის არსებული ერთპროცენტიანი სხვაობის გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ამომრჩევლის ხმა.

თუკი მეორე ტური შაბათ-კვირას არ ჩატარდება

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუკი არჩევნები სამუშაო დღეს დაემთხვევა, ეს დღე საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდება, თუმცა ოპოზიციისთვის ეს შეღავათი ვერ იქნება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია და ამას ორი მიზეზი აქვს:

  • უქმე დღის მიუხედავად, შესაძლოა, კერძო კომპანიებში დასაქმებულებს არ მიეცეთ საშუალება ხმის მისაცემად ჩავიდნენ თავიანთ რეგიონებში, სოფლებში და ნაკლებ ხალხში უფრო იოლი იქნება არჩევნების გაყალბება;
  • არჩევნების დღე უქმე დღედ არ გამოცხადდება საზღვარგარეთ და, შესაბამისად, ბარიერი შეექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობამაც მხარი სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირა .

საზღვარგარეთ მოქმედი უბნების მონაცემების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 22.49 % (1231 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 52.27 % (2861 ხმა) მოაგროვა. ძალების გაერთიანების პირობებში, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ გრიგოლ ვაშაძის მომხრეთა ხმებს მეორე ტურში დაემატება ასევე „ევროპული საქართველოს“ (6.92 %) და, მაგალითად, „გირჩის“ (5.7 %) ხმები. სერგო რატიანის თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ხელისუფლების მიზანმიმართული გეგმაა, რომ მხარდამჭერთა ხმები დააკარგვინოს ოპოზიციას, თუმცა ეს არავის გაუვა და ოპოზიციას საბოლოო გამარჯვებაში ეს არ შეუშლის ხელს.

გადმოწერა

„ხალხო, მოვემზადოთ იმისთვის, რომ სამუშაო დღესაც გამოვიდეთ“, - მიმართა ხალხს „რუსთავი 2“-ის ეთერით საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. "ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის დავალებით, ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც არც დამოუკიდებელი არაა და, მე მგონი, არჩევნებსაც არ უნდა გააკარო, აპირებს არჩევნების დანიშვნას უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს, ან 27-ში, ან 28-ში - სამშაბათს ან ოთხშაბათს, რითაც ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნებზე მისვლის გზებს უკეტავს ამომრჩეველს“, - უთხრა ტელეკომპანიას სააკაშვილმა.

თუკი არჩევნები მართლაც სამუშაო დღეს დაინიშნება, ეს საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევა ნამდვილად არ იქნება. არჩევნები სამუშაო დღეებში სხვა დროსაც ჩატარებულა:

  • 2006 წელს 5 ოქტომბერს, ხუთშაბათს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
  • 2008 წელს 21 მაისს, ოთხშაბათს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.

რაზეა დამოკიდებული არჩევნების თარიღის დადგენა

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო და „არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე“. გამოცხადებამდე კი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაქსიმუმ 20 დღის ვადაში უნდა შეაჯამოს არჩევნების შედეგები და გააფორმოს შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო კოდექსის ამ მოთხოვნათა შესაბამისად, არჩევნები ყველაზე გვიან 1 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

გადმოწერა

როგორც ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების პროცედურები. ყველა სამართლებრივ პროცედურას საარჩევნო კოდექსით კონკრეტული ვადები აქვს განსაზღვრული და პროცესის დასრულება შესაძლებელია როგორც მინიმალურ, ასევე მაქსიმალურ ვადებში.

  • მაგალითად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე შეაჯამეს არჩევნების შედეგები ოლქებში. ბოლო ვადა იყო 8 ნოემბერი, მაგრამ ეს პროცესი 7 ნოემბერს დასრულდა.

შესაბამისად, ანა მიქელაძის თქმით, თუ პროცედურები სწრაფად დასრულდება, არჩევნების დღე უფრო სწრაფად დასახელდება და თუკი სამუშაო დღეს დაემთხვევა, ეს დღე უქმედ გამოცხადდება.

არჩევნების მეორე ტური „სახლში დარჩენილთა“ იმედზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:31 0:00

მნიშვნელოვანია თითოეული ხმა

მეორე ტურში გასული კანდიდატების მონაცემებს შორის მიზერული სხვაობის გათვალისწინებით, არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარებას არასასურველ მოსალოდნელობად მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.

  • თუმცა, ორგანიზაციის წარმომადგენლის, ელენე ნიჟარაძის, თქმით, შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული მინიმალური თუ მაქსიმალური ვადების გამოყენება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული იმ პროცედურებისთვის, რომელთა შედეგადაც უნდა დასახელდეს არჩევნების მეორე ტურის თარიღი.

როგორც ელენე ნიჟარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება მართლაც შეაფერხებს ამომრჩეველთა მობილიზაციას საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, რადგან სამსახურის გამო ბევრი ვერ მოახერხებს არჩევნებზე მისვლას და ამით შეიზღუდება მათი ნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG