„ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“ – ამ სახელწოდების რიგით მეათე, საიუბილეო, მსოფლიო კონგრესს, რომელსაც თბილისი 15-17 მაისს მასპინძლობდა, მრავალგვარი მოსაზრება, ვარაუდი თუ ეჭვი უკავშირდება. ოჯახის სიწმინდისა და სიძლიერის მქადაგებელი ფართომასშტაბიანი ღონისძიება, უფლებადამცველების შეფასებით, სწორედაც ადამიანის უფლებების (და, კერძოდ, ლგბტ თემისა და ქალების უფლებების) შელახვას უწყობს ხელს. კონგრესის ფარგლებში გამოვლენილი რიტორიკა, ბევრის აზრით, რუსეთის ხელისუფლების რიტორიკას ემთხვევა და საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მასშტაბური მსოფლიო გაერთიანება „ოჯახის მსოფლიო კონგრესი“, რომელიც 80 ქვეყნის 500-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, ოჯახური კულტურის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, - განმარტა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ეს“ თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელიც თბილისში გამართული თავყრილობის ძირითადი ორგანიზატორი და მასპინძელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რიგით მეათე საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, თბილისში თავი მოიყარა 2 000-მდე წარმომადგენელმა მსოფლიოს 40 ქვეყნიდან – აშშ-დან, გერმანიიდან, კანადიდან, ესპანეთიდან თუ რუსეთიდან.
17 მაისს ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოჯახების სიმტკიცესა და ბავშვების სიცოცხლეს (ხელოვნური აბორტების გზით) ძირითად საფრთხეს „ფანატიკური ლიბერალური იდეოლოგია“ უქმნის, ამას ის „თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის დროშით“ აკეთებს და რომ ამ მხრივ განსაკუთრებული შველა დასავლეთის ქვეყნებს ესაჭიროებათ. 16 მაისს კი, როცა ტრიბუნიდან მიმართავდა მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს, შეიძლება ითქვას, რომ ლევან ვასაძემ დასავლეთი მიწასთან გაასწორა და დასავლეთის ფასეულობები საქართველოსთვის მიუღებელ ფასეულობებად დაასახელა. გაისმა რამდენიმეპუნქტიანი მოწოდება დასავლელი პარტნიორების გასაგონად:
„1. შეწყვიტეთ ეს სიგიჟე ახლავე; 2. აღარ ჩაერიოთ ამ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში; 3. შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება – ასობით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით; 4. მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას განცხადებების გამო იმის შესახებ, რომ, თურმე, ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვნელოვანი და რომ, თურმე, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში“.
ყველანაირი უბედურება დასავლეთის ქვეყნებიდან რომ მოდის და ამ ყველაფერს საქართველოს, რუსეთსა და სხვა ქვეყნებსაც რომ ძალით ახვევენ თავს, ამის შესახებ კონგრესის არაერთი მონაწილე ლაპარაკობდა და, განსაკუთრებით, რუსეთიდან ჩამოსული დელეგატები. ისინი ხარობდნენ, რომ ოჯახის მსოფლიო კონგრესის დასკვნითი დღე საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ დღესასწაულს – ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს - დაემთხვა. როგორც რუსეთის სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის წარმომადგენელმა იგორ ბელობოროდოვმა აღნიშნა 17 მაისს, ოჯახისა და ტრადიციების სიწმინდეს გენდერული იდეოლოგია უშლის ხელს და საქართველომ თავი უნდა დაიცვას დასავლეთისგან, რომელიც ჰომოსექსუალობის გავრცელებას უზრუნველყოფს.
ასეთ შეფასებებსა და მოწოდებებს სრულ აბსურდად მიიჩნევენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში (სახელმწიფო სტრუქტურაში) და, როგორც ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ტყუილს ამბობს ის, ვინც დასავლეთის ქვეყნების მისამართით მსგავსი ბრალდებებით გამოდის:
„პროპაგანდა, რომ, თითქოს, რომელიმე დასავლური სახელმწიფო, სახელმწიფოს დონეზე, ან გაერთიანება, ახდენს ამ ტიპის პროპაგანდას, ეს არის აბსოლუტური სიცრუე... გარდა ამისა, ეს ზუსტად შეესაბამება ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული, არამედ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ძალიან აქტიურად ხდება ამაზე აქცენტის გაკეთება... ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები არის უმნიშვნელოვანესი და კანონთან მიმართებაში თანასწორია ყველა მოქალაქე – მისი სქესის, ასაკისა თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად“.
ლევან ვასაძისა და მსოფლიო კონგრესის სხვა გამომსვლელთა რიტორიკაში რუსეთის ინტერესების განმტკიცების მონდომებული მცდელობა მარტივად ამოიკითხა ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა. მას არ გაჰკვირვებია ბიზნესმენ ვასაძის სიტყვები, რომ ქართველმა ხალხმა რუს ხალხთან ერთად გაუძლო და თავიდან მოიშორა „ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი – ორივე, მოსული დასავლეთიდან“... და რომ, შესაბამისად, საქართველო ამჟამინდელ რთულ ეტაპსაც რუსეთთან ერთად დაძლევს. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი ფრაგმენტი ლევან ვასაძის გამოსვლიდან:
„დასავლეთი განაგრძობს ყოველგვარ შეუნანებლობას საქართველოში თავისი ქმედებების გამო. მისი გავლენის ნარჩენები ემყარება მის ე. წ. მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა რუსული ოკუპაციის პირობებში... ის დღე, როდესაც კრემლი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება ამას და ითავებს შერიგებას თბილისსა და სოხუმსა და თბილისსა და ცხინვალს შორის, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი დაკარგავს საქართველოს საბოლოოდ.... მე ამასაც ვამბობ ნამდვილი სინანულით, რადგან მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“.
როგორც ალეკო ცქიტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველაფერი აშკარაა და „რუსულ ლობს“ საქართველოში სწორედ კონგრესის ორგანიზატორები წარმოადგენენ:
„განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების წინააღმდეგ როდესაც კეთდება განცხადებები, - მათ შორის, როდესაც სიძულვილის ენით კეთდება მსგავსი განცხადებები, - იქ ხშირად შეიმჩნევა რუსული რიტორიკა, რომ ეს ყველაფერი თითქოს არის დასავლეთთან დაკავშირებული, რომ თითქოს ამერიკა ავრცელებს საქართველოში ამ გარყვნილებას... ეს რიტორიკა ნაცნობია, რადგანაც სწორედ რუსეთის სპეცსამსახურები და მთავრობის პოლიტიკის მხარდამჭერი ჯგუფები ავრცელებენ მსგავს რიტორიკას“.
საქართველოში რუსეთის რბილი ძალის ძირითად საყრდენს სწორედ ანტიდასავლურ პროპაგანდაში ხედავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძეც. მისთვისაც ნათელია, რომ ცალკეული რელიგიური, სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში – ანტიგენდერული და ანტიგეი დისკურსით – საჯარო სივრცეში ზუსტად იმეორებენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების ნარატივს, რომ რუსეთი ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველია, ხოლო დასავლეთი ყველგან მხოლოდ გარყვნილებას ნერგავს. როგორც თამთა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ანტიდასავლური პროპაგანდა ერთგვარი გამოსავალიც არის, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიის ხელში, იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ პრორუსულ რიტორიკას არ მიიღებს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა. ამასთან, თამთა მიქელაძის თქმით, კონგრესი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ქადაგებს, თავისი არსით სწორედ ადამიანის უფლებების შეზღუდვას უწყობს ხელს.
16 მაისს, პლენარული სესიის ფარგლებში, კონგრესის მონაწილეებს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა. მისი თქმით, ოჯახმა, რომელიც „ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტია“, დაკარგა მნიშვნელობა, „რომელიც უნდა ჰქონდეს მას“. ადვილი მისახვედრი იყო, რომ კონგრესის მონაწილეები ოჯახად თვლიან მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობას და არა, ვთქვათ, დედისა და შვილის, ანდა ბებიისა და შვილიშვილების კავშირს.
პატრიარქის ინიციატივით (2014 წელს) დაარსებული დღესასწაული – ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე - 17 მაისს თბილისში აწყურის ღვთისმშობლის ხატის მსვლელობით აღინიშნა და ამ პროცესს მსოფლიო კონგრესის მონაწილეებიც შეუერთდნენ. სამაგიეროდ, უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო ლგბტ თემის წევრებმა საქართველოში ისევ ვერ შეძლეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საჯაროდ აღნიშვნა.