Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიზანული პროტესტი ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს


10 დაკავებული აქტივისტი 17 მაისს, გამთენიისას, კედლებსა და ასფალტზე სტენსილების დახატვისათვის - ლგბტ თემში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სწორედ ასე მიულოცა მათ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. უსაფრთხოების გარანტიის უქონლობის გამო თემის წევრებმა საჯარო სივრცეში ღიად ვერც წელს შეძლეს 17 მაისის აღნიშვნა და ამიტომ პროტესტმა პარტიზანული სახე მიიღო. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლების სახელზე 17 მაისის საგანგებო მანიფესტიც გაგზავნა და ლგბტ თემის უფლებების დაცვა მოითხოვა.

ნიკოლო ღვინიაშვილი (ბარტი) 17 მაისს, გამთენიისას, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT), რუსთაველის გამზირზე პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ფერადი საღებავებით გზის სავალ ნაწილზე ცისარტყელას ფერებში დროშას ხატავდა - ლგბტ მოძრაობის სიმბოლოს. ნიკოლოს კიდევ ორი აქტივისტი ახლდა თან - მათ 17 მაისის ასე პარტიზანულად აღნიშვნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო სივრცეში ლგბტ თემი ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს, უსაფრთხოების გარანტიის უქონლობის გამო, ვერ აღნიშნავდა. დილის ოთხ საათზევე პოლიციამ - ამჯერად საპატრიარქოსთან, შენობის კედლებზე სტენსილის ხატვისას - კიდევ 7 აქტივისტი დააკავა.

„საღებავები გვეჭირა - დროშა დავხატეთ. ვაჩნაძის ქუჩაზე ვიყავით და მერე პუშკინის სკვერში. ეს ორი ადგილი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან 2013 წელს, 17 მაისს, ერთ ადგილას ჩვენი მეგობრები დაარბიეს, მეორე ადგილიდან კი გაგვაგდეს. მოვიდა პოლიცია, ტელეფონები ჩამოგვართვა და განყოფილებაში გადაგვიყვანა. დილის ათ საათზე კი სასამართლოში მოგვიყვანეს. გვითხრეს, რომ ჩვენი პროცესი გადაიდო, ჩატარდება მომდევნო 7 დღის ვადაში და აქედანვე გაგვიშვეს. ბრალს გვდებენ ქალაქის იერსახის დამახინჯებაში“, - მოგვითხრობს ნიკოლო ღვინიაშვილი.

2013 წლის 17 მაისი
2013 წლის 17 მაისი

დაკავებული აქტივისტების უმრავლესობას, ათიდან შვიდ ადამიანს, ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე და 173-ე მუხლებით, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ამ ამბავს მალევე მოჰყვა საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც თავი მოიყარეს ლგბტ თემის წევრებმა, ფემინისტებმა და, უბრალოდ, დაკავებულების მეგობრებმა. როგორც მისი ერთ-ერთი მონაწილე ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფიდან, სოფო ტაბატაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, მაშინ როდესაც 2013 წლის 17 მაისს ჩადენილი დანაშაული დღემდე არ არის სრულყოფილად გამოძიებული, პოლიცია ყველა წვრილმანზე დასდევს აქტივისტებს:

„2013 წელს, 17 მაისს, 30 აქტივისტს მოსაკლავად დასდევდა სამღვდელოება და არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დღეს სასტუმრო „რედისონსა“ და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფაშისტური ძალები არიან შეკრებილი, ლევან ვასაძის მეთაურობით, და აფრქვევენ თავიანთ აზრებს. ამას ესწრება პატრიარქი და სამღვდელოება და არავინ არავის არაფერს უშლის, არც მათი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ჩვენ კი უსაფრთხოების გარანტიაც კი ვერ მოგვცა პოლიციამ, რომ საჯაროდ, ღია სივრცეში, არაპარტიზანულად ჩაგვეტარებინა აქცია“.

„ფაქტობრივად, ვერაფერს აღვნიშნავთ და მუდმივი თავის მართლებისა და თავდაცვის პოზიციაში ვართ“, - გვითხრა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წევრმა, ლგბტ აქტივისტმა ნათია გვიანიშვილმა, რომელსაც „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში შევხვდით. იქ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მედიას 17 მაისის მანიფესტი გააცნო:

მანიფესტის გაცნობა მედიისთვის
მანიფესტის გაცნობა მედიისთვის

„სახელმწიფო, რომელიც არ გიცავს, გეუბნება, რომ მადლობა უნდა იხადო ყოველ ახალ კანონზე, რომელსაც მიიღებენ ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად და თან ეს კანონები წესიერად არ მუშაობს. სად არის სამართალი და სად არის პროპორციულად დაცული უფლება, როდესაც 2013 წელს მომხდარისთვის ადამიანებს მხოლოდ 100-ლარიანი ჯარიმა აკმარეს - ეს მათ, ვინც ოცდაათიოდე ადამიანს 2013 წლის 17 მაისს მოსაკლავად მისდევდა. დღეს კი უბრალო სტენსილის დახატვისათვის ადამიანები მთელი ღამე პოლიციაში აყურყუტეს და, სულ ცოტა, 150-ლარიან ჯარიმას დაუწერენ“.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) გარდა, ხელისუფლებას მანიფესტით „ლგბტ საქართველო“, „თემიდა“, „იდენტობა“ და ასევე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მიმართავენ და მოითხოვენ დაიცვან ლგბტქ პირთა უფლებები, მიიღონ ეფექტიანი ზომები ჰომოფობიური ძალადობის წინააღმდეგ, ხელი შეუწყონ ლგბტქ პირთა გამოხატვის თავისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ლგბტქ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს პასუხი არაადეკვატური იყო.

„2012 და 2013 წლებში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOT) დაკავშირებით ორგანიზებული აქციების ძალადობრივმა დარბევამ, სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობამ და მარცხმა დაეცვა ლგბტ თემის წევრების უფლებები და ღირსება, ამ ადამიანების მიმართ ძალადობის პროვოცირებას შეუწყო ხელი და ის კიდევ უფრო უხილავ სოციალურ ჯგუფად აქცია. 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები მასშტაბური ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის აღსაკვეთად. მან საკუთარი მარცხით საეკლესიო და ქსენოფობიური ჯგუფების მხრიდან საჯარო, პოლიტიკური სივრცის დაუფლება დაუშვა. 17 მაისის მოვლენების შემდეგ ლგბტ თემის წევრები და აქტივისტები ვერ ახერხებენ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას და სახელმწიფო ღიად ახდენს ტოტალური ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ საკუთარი უსუსურობისა და ლოიალობის დემონსტრირებას“, - ვკითხულობთ მანიფესტში.

საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წლის გასვლის მიუხედავად, 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა...
ომბუდსმენის განცხადება

ლევან ბერიანიძე, ორგანიზაცია „ლგბტ საქართველოს“ წევრი, აცხადებს, რომ, მიუხედავად აქტივისტების მცდელობისა, გამოეყენებინათ საჯაროდ შეკრების და გამოხატვის უფლება, მათ ვერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტია სამართალდამცავი უწყებისგან და ვერ ჩაატარეს აქცია იქ, სადაც სურდათ. სამართალდამცავი უწყების მიერ აქციის ჩასატარებლად შემოთავაზებულ ადგილებზე თემმა უარი განაცხადა, რადგან მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო შეკრებილიყვნენ და პროტესტი რაიმე სახით გამოეხატათ სწორედ იქ, საიდანაც ისინი არაერთხელ გაყარეს:

„ჩვენ არ დაგვრჩა არანაირი საშუალება გამოგვეხატა პროტესტი, გარდა ამ პარტიზანული ქმედებებისა, რადგან სახელმწიფომ უსაფრთხოების გარანტია ვერ მოგვცა. სამწუხაროა, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც უძლურია გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, ძალიან ოპერატიულად იცავს კედლებს და ასფალტს იმისგან, რომ ვიღაცამ არ დახატოს და დაწეროს, რომ „სიყვარული თანასწორია“.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომლის აღნიშვნა, როგორც ცნობილია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს, უკავშირდება, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”სოლიდარობის გამოხატვისა და ძალადობის დაგმობისკენ მიმართული საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ხდება ლგბტ ადამიანების და მათი მხარდამჭერების მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის ადგილი“ და რომ „საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წლის გასვლის მიუხედავად, 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უპირობო განხორციელების ხელშეწყობას.

17 მაისს თბილისში ვერ აღინიშნა ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღე საპროტესტო აქციით, თუმცა ქუჩაში გამოჩნდა ამ დღის ერთგვარ სიმბოლოდ ქცეული, ცისარტყელას ფერებში შეღებილი ე. წ. ტაბურეტკა, რომელიც ლგბტ აქტივისტებმა სასტუმრო „რედისონთან“ სწორედ იმ დროს მიიტანეს, როდესაც იქ მსოფლიო საოჯახო კონგრესი მიმდინარეობდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG