Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებისთვის


სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელებისთვის. „ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე ბრალდებულის სახით, დაკავებულნი არიან პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების და არა მათი ინტერნეტსივრცეში ატვირთვის ფაქტზე, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს“ - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში. მისივე განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და პროკურატურა საზოგადოებას უახლოეს ხანში მიაწვდის ინფორმაციას დაკავებისა და საქმის გარემოებების შესახებ. ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჯამალაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით, რაც პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა ჯამალაშვილს ადანაშაულებს ფარული ჩანაწერების სხვა პირებისთვის გადაცემაში. თავად ზურაბ ჯამალაშვილი ბრალდებას უარყოფს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჯამალაშვილი შსს-ს სისტემაში 2012 წლის ნოემბრამდე არსებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია.

XS
SM
MD
LG