Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ამნესტი ინტერნეშნლი​ს” მწვავე ანგარიში


გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი, უმცირესობათა უფლებების ხელყოფა თუ სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არასათანადო გამოძიება – საქართველოსთან მიმართებით ეს და სხვა კრიტიკული აქცენტებია დასმული 2015/2016 წლების ანგარიშში, რომელიც ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეშნლმა” 24 თებერვალს გამოაქვეყნა. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას 160 ქვეყნის მაგალითზე განიხილავს.

ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულმა სამართლებრივმა დავამ გამოიწვია შეშფოთება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ჭრილში, ნათქვამია „ამნესტი ინტერნეშნლი​ს“ ახალი ანგარიშის საქართველოსთან დაკავშირებულ თავში და შემდეგ დაკონკრეტებულია, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური მიმომხილველები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული მოვლენების უკან ხედავენ ხელისუფლების განზრახვას, რომ ოპოზიციური ფლანგი მთავარი საჯარო ტრიბუნის გარეშე დარჩეს. ამავე კონტექსტში „ამნესტი ინტერნეშნლი​“ ლაპარაკობს იმის შესახებაც, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს (ნიკა გვარამიას) ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, თუკი ის პოსტიდან არ გადადგებოდა.

როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებულ შეშფოთებაზე ამახვილებენ ყურადღებას, ანგარიშის ავტორები ახსენებენ გიგი უგულავას საქმესაც. ტექსტში ნათქვამია, რომ, 9-თვიან წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დედაქალაქის ყოფილი მერი საქალაქო სასამართლომ მალევე დააბრუნა საპატიმროში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მისამართით გამოვლინდა მწვავე კრიტიკა ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მხრიდან და, ასევე, ისმოდა მუქარა ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფებისგან.

სახელმწიფოში არ არის პოლიტიკური ნება – არ არის მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე საგანგაშო, რაც კი მითითებულია ამ ანგარიშში...
თამარ ავალიანი

ცალკე ქვეთავი ეძღვნება ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვის პრობლემებს. ამ ქვეთავში, მაგალითად, ნათქვამია, რომ, მართალია, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღემ, 17-მა მაისმა, მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ ხელისუფლება უარს ამბობდა უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე მანამდე, ვიდრე აქციისთვის კონკრეტული ადგილი არ დასახელდა. ამასთან, მკაცრად გასაიდუმლოებული იყო აქციის გამართვის განზრახვაც. ამავე ქვეთავში ვხვდებით ტრანსგენდერ ქალებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, რომელთაგან ერთი მკვლელობით დასრულდა, ხოლო სასამართლომ მოძალადეს მსუბუქი განაჩენი გამოუტანა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ვხვდებით შეკრების თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებულ აქცენტსაც. აღნიშნულია, მაგალითად, რომ 2015 წლის 12 ივნისს, როდესაც თბილისში, ჰეიდარ ალიევის სკვერში, აქტივისტები ცდილობდნენ გაეპროტესტებინათ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აზერბაიჯანში, პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა და აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა. სამაგიეროდ, ანგარიშის თანახმად, სამართალდამცველები თავს არიდებენ პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირებაში ჩარევას და ეს ზუგდიდის მაგალითმაც გამოავლინა, როდესაც, 15 მარტს, „ქართული ოცნების“ 50-მდე მხარდამჭერმა (ჯოხებისა და ქვების გამოყენებით) დაარბია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციის ოფისები. ინციდენტის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი.

ანგარიში ადეკვატურად ასახავს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი თამარ ავალიანი და ანგარიშში ხაზგასმულ კიდევ ერთ მწვავე აქცენტზე ამახვილებს ყურადღებას:

„(ანგარიშში ლაპარაკია) სამართალდამცავთა დაუსჯელობაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და დღემდე პასუხგაუცემელ შეკითხვაზე – რატომ არ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს გამოიძიებს... ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი დაჟინებით მიმართავდნენ სახელმწიფოს და ერთობლივი კანონპროექტიც კი შეიმუშავეს ასეთი მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით... ის, რომ გენერალური ინსპექციები მოკვლევას სათანადოდ ვერ ახორციელებენ და მიკერძოებულები არიან, ეს მეტად მნიშვნელოვანი და სიმპტომატურია... სახელმწიფოში არ არის პოლიტიკური ნება – არ არის მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე საგანგაშო, რაც კი მითითებულია ამ ანგარიშში“.

„ამნესტი ინტერნეშნლი​ს“ ახალი ყოველწლიური ანგარიში „ძალიან მწვავედ კრიტიკულია“ და მასში თითქმის საერთოდ არ ვხვდებით დადებით აქცენტებს, ამბობს ჩვენთან საუბრისას ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და იქვე იმასაც განმარტავს, თუ რატომ არის აუცილებელი ამჟამად არსებული ვითარების გაუმჯობესება ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და რომლის მოქალაქეებიც უახლოეს მომავალში ელოდებიან უვიზო მიმოსვლის უფლებას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში:

ვანო ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძე

„საქართველოს ბევრად უფრო მეტს მოსთხოვენ, ვიდრე სთხოვენ სხვა ქვეყნებს... რადგანაც, როცა ევროკავშირში შესვლამდე ქვეყნები თითქოს აკმაყოფილებდნენ ამა თუ იმ სტანდარტს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ისინი მოდუნდნენ და, ხშირ შემთხვევაში, უარესდებოდა ხოლმე მდგომარეობა... ეს შეიძლება ითქვას, მაგალითად, მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით და ამ მხრივ მახსენდება უნგრეთის მაგალითიც... აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ, ამ გამოცდილების საფუძველზე, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ევროკავშირი ყოველთვის მაქსიმალურად შეეცდება, რომ სტანდარტები მაქსიმალურად ზემოთ ასწიოს და ბევრად მეტი მოსთხოვოს საქართველოს (ანდა უკრაინასა თუ მოლდოვას), ვიდრე სთხოვდა ქვეყნებს, რომლებიც 2004 წელს გაწევრიანდნენ ევროკავშირში“.

რაც შეეხება ანგარიშში ასახულ აქცენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, „ამნესტი ინტერნეშნლი​“ აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავაც მეტად გართულებული იყო გადაადგილება საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – მიმართულებებით და რომ უსაფრთხოების პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებდა დამატებითი ტერიტორიების მიტაცება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული ის ფაქტიც, რომ საქართველოს სტუმრობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი, რომელიც დაინტერესებულია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG