Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი” საქართველოზე: მთავარი აქცენტი - დისკრიმინაცია


17 მაისის აქცია
17 მაისის აქცია
ავტორიტეტიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ ადამიანის უფლებების თემაზე ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და დისკრიმინაცია - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოსათვის დათმობილ ორგვერდიან ქვეთავში მოხვდა. „ამნესტი ინტერნეშნლი“ პროგრესულად აფასებს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლის ფაქტს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პროცესს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაც ახლდა თან. ქართველი უფლებადამცველების გაკვირვებას კი ის ფაქტი იწვევს, რომ ანგარიშში რატომღაც ვერ მოხვდა გასული წლის ყველაზე რეზონანსული მოვლენები - ციხეში გამოვლენილი პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ანგარიშში ასევე არაფერია ნათქვამი სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.

”ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალაუფლების მშვიდობიანად და დემოკრატიული გზით გადაცემის პირველი ფაქტი პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიაში” - ასე იწყება ადამიანის უფლებებზე „ამნესტი ინტერნეშნლის“ ყოველწლიური ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი, რომელიც საქართველოში 2012 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხმაურება.

„ამნესტი ინტერნეშნლმა“ ამჯერად მეტი ყურადღება გაერთიანებისა და
გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლებასა და დისკრიმინაციას დაუთმო.
გაერთიანების თავისუფლების შესახებ ქვეთავში შესულია რამდენიმე ფაქტი, თუ როგორ ათავისუფლებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანებს სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით, მათი პოლიტიკური სიმპათიების გამო. ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც ასევე მონაწილეობს განათლების სამინისტროსთან არსებული სამსახურიდან დათხოვნილ პედაგოგთა საქმეების შემსწავლელი ჯგუფის მუშაობაში, გვეუბნება, რომ ამ ნიშნით ადამიანების უფლების დარღვევა გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი უფლებადარღვევა იყო:

”ეს იყო სისტემური პრობლემა. განათლების სისტემა, ზოგადად, იყო საარჩევნო კამპანიის ორგანული შემადგენელი ნაწილი, როგორც ამას ”ნაცმოძრაობა” განიხილავდა და სწორედ განათლების სისტემის მეშვეობით ცდილობდნენ საარჩევნო ხმების მიღებას, რაც, ფაქტობრივად, ბოლომდე არ გამოუვიდათ და როდესაც გაჩნდა პედაგოგებში ოპოზიციური განწყობა, ამ ხალხის მასობრივი დათხოვნა დაიწყო სრულიად უსაფუძვლოდ და გამოიკვეთა, რომ ისინი სწორედ პოლიტიკური ნიშნით დევნილები იყვნენ”.

ზუსტად არ ვიცი, რამდენად შეიძლება 17 მაისის მოვლენებს მოეხდინა რაიმე გავლენა ანგარიშის შინაარსზე, თუმცა ის ახალი გამოცემულია და არ გამოვრიცხავ, რომ ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რომ დისკრიმინაციის საკითხი ასე გამოიკვეთა...
ნაზი ჯანეზაშვილი
თუმცა, ლია მუხაშავრიას აზრით, 2012 წელს ადამიანის უფლებათა დარღვევების ეპიცენტრი იყო ციხეში, სადაც პატიმართა წამების ფაქტები გამოვლინდა.

უფლებადამცველი ნაზი ჯანეზაშვილიც ელოდა, რომ „ამნესტი ინტერნეშნლი“ ყოველწლიურ ანგარიშში აუცილებლად გამოეხმაურებოდა გასულ წელს საქართველოსათვის ორ მნიშვნელოვან საკითხს - ციხეებში პატიმრების მიმართ მოპყრობას და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, თუმცა ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ამჯერად რატომღაც ადამიანების რელიგიური და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციაზე გაამახვილა უფრო მეტად ყურადღება. ანგარიშში შევიდა სოფელ ნიგვზიანსა და სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტები, როცა მუსლიმ მოსახლეობას, ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობისა და სასულიერო პირების პროტესტის გამო, საკუთარი რელიგიური რიტუალის ჩატარების უფლება შეეზღუდა:

”დისკრიმინაციას „ამნესტი ინტერნეშნლი“ თავის ანგარიშში ორი კუთხით გამოეხმაურა - რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ თემის ადამიანების მხრივ. ზუსტად არ ვიცი, რამდენად შეიძლება 17 მაისის მოვლენებს მოეხდინა რაიმე გავლენა ანგარიშის შინაარსზე, თუმცა ის ახალი გამოცემულია და არ გამოვრიცხავ, რომ ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რომ დისკრიმინაციის საკითხი ასე გამოიკვეთა”.

გამოვყოფდი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის პრობლემას, რომლის არსებობაც გასულ წელს ჩატარებულმა რამდენიმე გამოკვლევამაც დაადასტურა და ეს არის ის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ხელისუფლება ცდილობს...
გიორგი გოგაია
„ამნესტი ინტერნეშნლი“ ასევე ცალკე გამოყოფს გასული წლის მაისში, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს მომხდარ დაპირისპირებასაც აქციის მონაწილეებსა და სასულიერო პირებს, ასევე „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებს შორის.

ანგარიშში ცალკე თავადაა გამოყოფილი „გამოხატვის თავისუფლება“, რომელშიც ჟურნალისტებზე ზეწოლისა და შეურაცხყოფის ორი ფაქტი შევიდა - მერეთსა და კარალეთში განვითარებული მოვლენები, რომლის დროსაც რეგიონალური მედიის ჟურნალისტები დაშავდნენ.

საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის კლასიკურ მაგალითს, ასახელებს ასევე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩის” უფროსი მკვლევარი გიორგი გოგია. ეს კონკრეტული უფლებადარღვევა ასევე შევიდა “ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში. გიორგი გოგია იხსენებს კიდევ რამდენიმე პრობლემას, რომლებიც გასულ წელს საქართველოს წინაშე იდგა:

”გამოვყოფდი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის პრობლემას, რომლის არსებობაც გასულ წელს ჩატარებულმა რამდენიმე გამოკვლევამაც დაადასტურა და ეს არის ის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ხელისუფლება ცდილობს. მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო სიტუაცია და ძალადობის ფაქტები, რომლებიც ამ წინასაარჩევნო პროცესს ახლდა და, აგრეთვე, გადამეტებული ძალის გამოყენებისა და პოლიციელების პასუხისმგებლობის არარსებობის პრობლემა”.

რომელია ადამიანის უფლებათა ის სფეროები, სადაც დღევანდელ ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, სამოქალაქო საზოგადოებას კი მეტი სიფხიზლე? ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გადაუდგამს შემდგომი ნაბიჯები პოლიტპატიმრებისა და ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული წამების მსხვერპლი ადამიანების რეაბილიტაციისა და მათთვის ზიანის კომპენსაციის მხრივ:

”მე ვფიქრობ, რომ 17 მაისის მოვლენები დაკავშირებული იყო იმ აგრესიასთან, რომელიც სწორედ ამ ნიადაგზე გააჩნია ჩვენს საზოგადოებას და რომელმაც ამოხეთქა იმ დღეს და არა ვართ დაზღვეულები, რომ ასეთი ამოხეთქვები წლის განმავლობაში კიდევ არ გამოავლენს თავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ამ პირების მიმართ”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG