Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს აკრიტიკებს და ამას „პოლიტიკურ დევნას“ უწოდებს. დასავლეთის მხრიდან ეს საქართველოსკენ მიმართული პირველი შენიშვნა არ არის. რას ფიქრობენ შეერთებული შტატების ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა სისხლის სამართლებრივი დევნით შეშფოთებულია. 2014 წლის 12 სექტემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის მარი ჰარფის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ქართულ პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას, რომ ბოლოდროინდელ მიღწევებზე დაფუძნებულ საერთო ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება, ქვეყნის გასავითარებლად ერთად იმუშაონ, რათა მზად იყვნენ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც რეგიონი ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით დგას“:

„ჩვენ შეშფოთბულები ვართ გამოძიებებითა და სისხლის სამართლის დევნით, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ გრძელდება; ასევე იმ რისკებით, რომელთა წინაშეც, შესაძლოა, ქართული დემოკრატია ამ პოლიტიზებული დევნის გამო დადგეს.

მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება გაეკეთებინოს და იმ ქვეყანას საერთაშორისო დონეზე ჯერ იმიჯის თვალსაზრისით...
დავით დარჩიაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და ღია დებატების პატივისცემას“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის აზრით, ეს განცხადება საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აუცილებლად დააზარალებს:

„მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება გაეკეთებინოს და იმ ქვეყანას საერთაშორისო დონეზე ჯერ იმიჯის თვალსაზრისით და მერე უკვე კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით პრობლემები არ შექმნოდეს“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შესახებ დასავლეთის მიერ საქართველოსთვის მიცემული პირველი შენიშვნა არ არის. 2014 წლის შვიდ აგვისტოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გამოეხმაურა და ამას შერჩევითი სამართალი უწოდა. იგი თქვა, რომ „მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას სცდება“.

ეს არის უფროსი მეგობრების გარკეული რჩევის მიცემა ჩვენი სახელმწიფოსათვის, მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ რეალობა და იქ, წერილში, მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, თითქოს ჩვენ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები...
ირაკლი ღარიბაშვილი

გარდა კარლ ბილდტისა, ამ თემას გამოეხმაურნენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და შეერთებული შტატების ოთხი სენატორი, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილიც მისწერეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ განცხადებებს მაშინ ასე უპასუხა:

„ეს არის უფროსი მეგობრების გარკეული რჩევის მიცემა ჩვენი სახელმწიფოსათვის, მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ რეალობა და იქ, წერილში, მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, თითქოს ჩვენ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის მთავარ, ძირითად პრინციპებს. ეს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელსაც აქვს გარკვეული მეგობრული ვალდებულება და ისინი, უბრალოდ, თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად, ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში“.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულების მოსმენის იმედი მას არც ამ შემთხვევაში აქვს. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ძალიან ღია გზავნილია და ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ ქვეყნის ხელისუფლება ამ შენიშვნას არ გაითვალისწინებს:

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის სტანდარტი. თუ სტანდარტი პოლიტიკური ფიგურების - ამჟამინდელის, მომავლის თუ ყოფილის - იმუნიტეტია და რაც უნდა დააშავონ, პასუხი არ უნდა აგონ, მაშინ ეს უნდა ვიცოდეთ...
ვიქტორ დოლიძე

„ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საქმეების მიმართ პირველ ეტაპზე და მერე ნელ-ნელა ამ პოლიტიკური მოტივაციით დაწყებული საქმეების შეჩერება იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი, თუმცა არ მგონია, ეს ახლა მოხდეს, ამიტომაც ამ საქმეს ოპტიმისტურად არ ვუყურებ“.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების კუთხით ძალიან სერიოზული რეფორმები ტარდება, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შენიშვნას არ ეთანხმება:

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის სტანდარტი. თუ სტანდარტი პოლიტიკური ფიგურების - ამჟამინდელის, მომავლის თუ ყოფილის - იმუნიტეტია და რაც უნდა დააშავონ, პასუხი არ უნდა აგონ, მაშინ ეს უნდა ვიცოდეთ. თუკი სტანდარტი ისაა, რომ კანონზე მაღლა არავინ არაა და, აქედან გამომდინარე, კანონი ყველასთვის თანაბარია, მაშინ ესეც უნდა ვიცოდეთ. ჩამობრძანდნენ, ვართ ღია და გამჭვირვალე აბსოლუტურად ყველასთვის“.

ვიქტორ დოლიძე დასძენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს და წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება.

სერგი კაპანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკურ მოტივებს უარყოფს, საეჭვოა, რატომ არ აღიძვრება საქმე იმ ადამიანების მიმართ, ვინც პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

XS
SM
MD
LG