Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ბილდტის მესამე პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს


კარლ ბილდტი თბილისში, 2014 წლის 30 ნოემბერი
კარლ ბილდტი თბილისში, 2014 წლის 30 ნოემბერი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ტვიტერის მიკრობლოგზე უკვე მესამედ უპასუხებს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს. კარლ ბილდტი მიმართავს კონკრეტულად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უფრო ადრინდელ, 7 აგვისტოს, განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო ქვეყანაში შერჩევითი სამართლის გამოყენებაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. რას წერს კარლ ბილდტი და რა რეაქცია აქვს თბილისს ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებებზე?

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ტვიტერზე წერს: „თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს მოუსმინოს მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს ევროკავშირში, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას მხედველობაში მივიღებთ“.

კარლ ბილდტის ეს პოსტი მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მედიისთვის მიცემულ კომენტარს, რომელშიც მან შვეეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტს უპასუხა. კარლ ბილდტი მაშინ წერდა, რომ „მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით საქართველოს ხელისუფლება სცდება ევროპულ გზას“. ამ განცხადების ფონი კი იყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოებაში არ მიეღო 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების საკითხი.

შერჩევითი სამართლის გამოყენების გამო, ხელისუფლებას, კარლ ბილდტის გარდა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და შეერთებული შტატების ოთხი სენატორიც საყვედურობს. სენატორებმა 1 აგვისტოს წერილი პირადად ირაკლი ღარიბაშვილს მისწერეს.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს არის უფროსი მეგობრების გარკეული რჩევის მიცემა ჩვენი სახელმწიფოსათვის, მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ რეალობა და იქ, წერილში, მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, თითქოს ჩვენ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის მთავარ, ძირითად პრინციპებს. ეს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელსაც აქვს გარკვეული მეგობრული ვალდებულება და ისინი, უბრალოდ, თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად, ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მეგობრებთან კონფრონტაციის მნიშვნელოვანი და საშიში მიმართულება“ უწოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ხელისუფლების დამოკიდებულებას დასავლელი პარტნიორების განცხადებების მიმართ:

„თუ ჩვენ დავუპირისპირდებით ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ლინკევიჩუსი, კარლ ბილდტი, მაკკეინი და სხვები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეებს, ვინც აქამდე მოიყვანა საქართველო, ვინც აქამდე იცავდა საქართველოს თავისუფლებას, ვინც აქამდე იბრძოდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ვინც ყველაფერს აკეთებდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რომ მათი აზრი არ გვაინტერესებს და ჩვენ უკეთესად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, შედეგი იქნება ძალიან მარტივი, მძიმე, რომ ეს ადამიანები, უბრალოდ, შეწყვეტენ საქართველოს მხარდაჭერას და ეს იმას ნიშნავს, რომ არც ჩვენს ევროპულ მომავალს, არც ჩვენს ხვალინდელ უსაფრთხოებას და არც საქართველოს გამთლიანებას სამომავლო პერსპექტივა არ აქვს“.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

კარლ ბილდტის მხარდამჭერ განცხადებებს ვარშავიდან 7 აგვისტოს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა ქართული მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის შემქმნელ პოლიტიკოსებს - კარლ ბილდტსა და რადოსლავ შიკორსკის - უკანასკნელ დღეებში საქართველოს ხელისუფლება ლანძღავს:

„ეს ხალხი არის ახალი ევროპული წესრიგის დამფუძნებლები. ერთი კითხვა უნდა დავსვათ, რომ თუ ამათ ლანძღავ, ხვალ რომ დასაცავი გავხდებით, ვინ მოვა ჩვენ დასაცავად? პუტინის კრიტიკა თურმე არ შეიძლება და კარლ ბილდტი და შიკორსკი და საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია საქართველოსთვის, რომელთაც გადაარჩინეს თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენთან ერთად, დღეს გახდნენ საქართველოს სალანძღავი ობიექტი. ეს არ არის ჩვეულებრივი პროცესები, ეს არის პროვინციული დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯები და პროვინციული დიქტატურა საქართველოსთვის ამ ეტაპზე იქნება დამღუპველი“.

განსხვავებით პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც მიხეილ საააკაშვილის პირადი მეგობრების განცხადებას უწოდებს ევროპელი ლიდერების პოზიციას, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მანამდეც არაერთხელ და 7 აგვისტოს რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეშიც“ განაცხადა, რომ თვალს ადევნებს „პოზიციების ინტენსიურ დაფიქსირებას ევროპელი პარტნიორების მხრიდან“ და ძალიან ყურადღებით აკვირდება მათ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ ვითარებაში ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს და ჩვენს თავს, რომ ჩვენ ვართ სტაბილური დემოკრატიის სახელმწიფო და გარანტი იმისა, რომ საქართველში არ იქნება პოლიტიკური დევნა. და ამის გარანტი არის საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„და აქ ჩვენ ყველანი, ბუნებრივია, ვიქნებით გაერთიანებული იმისთვის, რომ ბატონ კარლ ბილდტს თუ ჩვენს სხვა პარტნიორებს, რომელთა კომენტარებზე მე სულაც არ მეცინება, პირიქით, მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვგრძნობ იმ მნიშვნელობას, რომელიც ამ ხალხის მხარდაჭერას აქვს საქართველოსთვის, ჩვენ ყველა უნდა ძალიან ყურადღებით შევეცადოთ პასუხი გავცეთ ამ კითხვებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით კი, მთავრობა მიიჩნევს, რომ დანაშაულისთვის ხელის დაფარება და დაფარვაა სწორედ კანონის უზენაესობის დარღვევა.

თავისი აზრი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველში, ლინკოლნ მიტჩელმა ინტერნეტგამოცემა „ფორინ პოლისის“ საიტზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში გამოხატა, სათაურით „სააკაშვილს არ სჭირდება მისი მეგობრების მცირე დახმარება“. მიტჩელი წერს, რომ ქართველები ცდილობენ მოაგვარონ კანონის უზენაესობასა და სამართალთან დაკავშირებული რთული საკითხი, ისინი ცდილობენ დააბალანსონ წინსვლის სურვილი იმასთან, რომ შეიქმნას პრეცედენტი, ჩადენილი დარღვევები მომავალში აღარ განმეორდეს. იოლი არ იყო ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბრალდებების წარდგენა და საერთაშორისო რეაქციის გათვალისწინებით ეს ვერ იქნებოდა სწორი დიპლომატიური არჩევანი, მაგრამ ეს არც უსაფუძვლოდ გაკეთებულა. საქართველოს მეგობრებმა უნდა გაიგონ ეს საფუძვლები და მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისდიოს ყველაზე მაღალი სამართლებრივი სტანდარტის პროცედურებს, - ნათქვამია ლინკოლნ მიტჩელის პუბლიკაციაში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG