Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს დელეგაციის რეკომენდაციები წინასაარჩევნოდ


2 მაისს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, აშშ-ის ნაციონალ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციამ საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს თაობაზე ვიზიტის შედეგები წარმოადგინა. არჩევნების მზადების პროცესი და მასში აქტიურად ჩართული პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობა, ზოგადი საარჩევნო გარემო - სწორედ ამ საკითხებს სწავლობდა 28 აპრილიდან 2 მაისამდე დელეგაცია, რომელმაც მედიას ძირითადი დასკვნები საქართველოს ხელისუფლებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გააცნო.

NDI-ს ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორის, ლორა ჯუიტის განცხადებით, დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში წინასაარჩევნო მზადების პროცესის მაქსიმალურად ობიექტურად შეფასება იყო. მისი თქმით, საბოლოოდ საქართველოს ხალხი განსაზღვრავს, რამდენად სამართლიანად ჩაივლის არჩევნები, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიზნის მიღწევას და დიალოგის წარმართვას დელეგაციის წინასაარჩევნო განცხადებაც დაეხმარება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრის, სემ გეჯდენსონის შეფასებით, საქართველო მისდევს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თუმცა კვლავაც რჩება გარკვეული საფრთხე, რომ ამ პროცესს ხელი შეეშალოს:

„მთავრობამ ღიად გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ წინასაარჩევნოდ საქართველოში უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე გარემო, მაგრამ კვლავაც პრობლემად რჩება პოლარიზაცია, არის პოლიტიკურ საფუძველზე დევნის შემთხვევებიც, რაზეც პასუხისმგებლობა, ცხადია, საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. სწორედ მათ უნდა მისცენ სხვებს მიუკერძოებელი მართვის, კონსტრუქციული დიალოგის მაგალითი, ასევე ოპონენტების და უმცირესობების დაცვის მაგალითები და აჩვენოს პატივისცემა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი“.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომ მოქალაქეებს სათანადოდ ესმოდეთ თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობაც...
რობერტ ადამსი

საარჩევნო გარემოს სამართლებრივ ასპექტებზე ილაპარაკა არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა (Democracy Reporting International (DRI) და Electoral Reform International Services /ERIS/) რობერტ ადამსმა. მან თქვა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსი, საერთო ჯამში, ხელს უწყობს დემოკრატიულ პროცესებს. მაგალითად, მან პოზიტიური უწოდა კანონის იმ ნაწილს, რომელიც პარტიებს ფინანსურად ახალისებს, თუ მის წევრთა შორის ქალების გარკვეული რაოდენობა იქნება, თუმცა, მისივე თქმით, კანონში კვლავაც რჩება მთელი რიგი ნაკლოვანებები, განსაკუთრებით ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებით, რის გამოც, რობერტ ადამსი დელეგაციის სახელით აცხადებს, რომ 17 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სასურველი იქნება, თუ კოდექსი კვლავაც გადაისინჯება. რაც შეხება ზოგად რეკომენდაციებს:

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომ მოქალაქეებს სათანადოდ ესმოდეთ თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობაც. ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ყველა ანგარიში უნდა იყოს გამჭვირვალე და ბოლომდე გამოძიებული შესაბამისი სტქრუტურის მიერ, ხოლო დამნაშავე - დასჯილი კანონის შესაბამისად“.
პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახერხონ, რომ მათმა აქტივისტებმა არ შეუშალონ ხელი სხვა პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში...
პერ ეკლუნდი

წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებას ძალადობისა და სამართლებრივი დევნის კუთხით შეეხო თავის გამოსვლაში საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, პერ ეკლუნდი. მისი სიტყვებით, დელეგაციის მუშაობის პროცესში მათ მიიღეს ასეთი ფაქტების არსებობის თაობაზე გარკვეული ინფორმაცია:

„ცემის, გატაცების მცდელობის თუ პარლამენტის წევრისათვის კვერცხების სროლის შესახებ. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ვინმეს დაშინების მცდელობასაც კი შესაძლოა ჰქონდეს მეტად უარყოფითი ზეგავლენა პარტიის აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე. შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახერხონ, რომ მათმა აქტივისტებმა არ შეუშალონ ხელი სხვა პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს უსაფრთხოება პოლიტიკურ არენაზე“.

პერ ეკლუნდი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხესაც შეეხო და ამ მხრივ კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, რომ სახელმწიფო რესურსი მათი საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას გამიჯნული იყოს პარტიული რესურსებისგან.

თავად NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ კი წინასაარჩევნო მედიაგარემო შეაფასა და მთავარი აქცენტი საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებაზე გააკეთა. ლუის ნავარო შიშობს, რომ იმ ფონზე, როცა დღემდე არ არის დაკომპლექტებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას საფრთხის წინაშე, რომ ვერ შეძლოს არჩევნებისა და მის თანმდევი პოლიტიკური მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG