Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მნიშვნელოვანი ვიზიტები და მერობის კანდიდატები 12 ქალაქისთვის


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, მაია ფანჯიკიძე, ლორან ფაბიუსი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, მაია ფანჯიკიძე, ლორან ფაბიუსი
მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი სტუმრების ვიზიტებით იყო გამორჩეული.

თბილისში ჩამოვიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ტომას მელია.

23 აპრილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. მთავარ განსახილველ მიმართულებებს წარმოადგენდა: სასამართლო სისტემის რეფორმირება, სახელისუფლებო შტოთა ბალანსი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. 25 აპრილს ტომას მელიასთან შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების, რეგიონალური უსაფრთხოებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხები განიხილეს.

თბილისს სტუმრობდნენ ასევე გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. 24 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა,რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია:

”ჩვენ ნამდვილ ქვაკუთხედს მივაღწიეთ და ახლა ეს არ უნდა გავაუფასუროთ შეკითხვით, თუ რა მოხდება 10, 15 თუ 20 წლის შემდეგ. ჩვენ ახლა მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ვიზების ლიბერალიზებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც განიხილება მომავალი წლებისთვის, ხოლო რაც ამას შემდეგ შეიძლება მოჰყვეს, ეს ოდესმე არც ბრიუსელში, არც ბერლინში და არც პარიზში არ გადაწყდება, არამედ რა უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს სამომავლოდ, ამას საქართველოს პოლიტიკა გადაწყვეტს”.
თქვენ იცით, რომ ორმაგი მოქალაქეობა გამორიცხულია საქართველოს კანონმდებლობით ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იღებენ... და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ, თუ როგორ უნდა გაეცეს პასუხი ამ კანონს...
დავით ზალკალიანი


მაღალი რანგის ვიზიტების ფონზე, არ წყდებოდა მსჯელობა ვლადიმირ პუტინის მიერ 21 აპრილს ხელმოწერილი ფედერალური კანონის გამო, რომელიც აწესებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და აღიარებული არიან ”რუსული ენის მატარებლებად”.

სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თუ საქართველოს მოქალაქე რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს, იგი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს.

”თქვენ იცით, რომ ორმაგი მოქალაქეობა გამორიცხულია საქართველოს კანონმდებლობით ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იღებენ... და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ, თუ როგორ უნდა გაეცეს პასუხი ამ კანონს”.

22 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაცია გორის მერობის კანდიდატად. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ის პირი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. ირაკლი ოქრუაშვილმა ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

23 აპრილსვე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობას აფასებს. პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა დეპუტატთა აქტივობის თაობაზე ისაუბრა:

ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი
„ამ ერთწლიანმა მუშაობამ დაგვანახვა, რომ 150-დან 121-მა პარლამენტარმა გამოიყენა სიტყვით გამოსვლის უფლება, ხოლო საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ 54-მა პარლამენტარმა წარმოადგინა. ასევე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა 28 დეპუტატი, რომელიც არც სიტყვით გამოსულა პლენარულ სხდომაზე ამ ერთი წლის განმავლობაში და არც ინიციატივა ჰქონია. აქედან 13 იყო უმრავლესობის წევრი, 8 იყო უმცირესობის და 7 არც ერთს არ მიეკუთვნებოდა“.

25 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუსწრებლად ბრალი წაუყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას, და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 14 ივლისს დეპუტატ ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ სპეციალური რაზმის მებრძოლები, რომლებიც ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ.

22 აპრილს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საყდრისში იმყოფებოდა RMG Gold-თან დაკავშირებული პრობლემების გამო. 22 აპრილს მან განაცხადა, რომ ტერიტორიაზე, სადაც მაღარო მდებარეობს, კომპანია RMG Gold-ი არ დაიწყებს მადნის მოპოვებას, ვიდრე საქართველოში არ ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერტები:

„სწორედ ეს ექსპერტები მოგვცემენ საბოლოო დასკვნას, რომელსაც დაუჯერებს ნებისმიერი მხარე. სპეციალისტები გვეტყვიან, თუ რა მიაჩნიათ არქეოლოგიურ ობიექტად - მთლიანად ბორცვი თუ უშუალოდ კვლევის საგანი. მანამდე ეს ადგილი შემოიფარგლება დამცველი ზოლით. ისე, იქ არის დიდი ტერიტორია და სხვაგან მათ მუშაობის უფლება აქვთ“.

თუმცა 23 აპრილს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ არ დასტურდება საყდრისის ტერიტორიაზე უძველესი მაღაროს არსებობა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

მერობის კანდიდატების წარდგენა
მერობის კანდიდატების წარდგენა
უკვე კვირის ბოლოს, 26 აპრილს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე წისასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა და მერობის კანდიდატები წარადგინა: თბილისში - დავით ნარმანია, ქუთაისში - მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი შოთა მურღულია, ბათუმში - მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი, თელავში - პლატონ კალმახელიძე, ამბროლაურში - რატი ნამგალაძე, რუსთავში - მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი დავით ჯიქია, ახალციხეში - გიორგი კოპაძე, მცხეთაში - ავთანდილ ნემსიწვერიძე, ზუგდიდში - ირაკლი გოგოხია, გორში - ზურაბ ჯირგველიშვილი, ფოთში - ირაკლი კაკულია, ოზურგეთში - ბეგლარ სიორიძე.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 15 ივნისს არის დანიშნული.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG