Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თანაინვესტირების ფონდმა” ინვესტიციების განხორციელება დაიწყო


"თანაინვესტირების ფონდის" პროექტების პრეზენტაცია
"თანაინვესტირების ფონდის" პროექტების პრეზენტაცია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი პოლიტიკური ძალის - ”ქართული ოცნების” - დამფუძნებლის ინიციატივითა და კაპიტალით შექმნილმა ”თანაინვესტირების ფონდმა” რამდენიმე პროექტის დაფინანსების შესახებ გამოაცხადა. ფონდი, საერთო ჯამში, დაახლოებით მილიარდ-ნახევარ აშშ დოლარს დახარჯავს სასტუმრო კომპლექსების, სოფლის მეურნეობის საწარმოებისა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განსახორციელებლად.

”თანაინვესტირების ფონდი”, რომელიც კერძო ორგანიზაციაა და რომლის კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, თბილისში რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია "პანორამა - თბილისი". როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს აერთიანებს. ესენია: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორის მოედანი. დასახელებულ ტერიტორიებზე გაშენდება სასტუმრო კომპლექსები, საოფისე და სავაჭრო სივრცეები, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, ასევე რეკრეაციული ზონები. საქართველოს „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები ერთმანეთს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდება.

"პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ოთხ ახალ მსხვილ ტურისტულ და ბიზნესცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას, დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნული პროექტის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს".

გიორგი ბაჩიაშვილი
გიორგი ბაჩიაშვილი
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ”პანორამა თბილისის” ფარგლებში აშენდება რამდენიმე მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მნიშვნელოვნად გადაჭრის ქალაქის ცენტრში არსებულ პარკირების პრობლემას. აღნიშნული პროექტი მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითად ითვლება და მისი დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. სოლოლაკის ბაღები და სოლოლაკის მაღლობები საბაგირო გზებით დაუკავშირდება თავისუფლების მოედანს, ასევე ერეკლე მეორის მოედანს, იქ, სადაც ახლა ”ქართული ოცნების” შტაბბინაა განთავსებული. ამ პროექტის განხორციელების დაწყება უახლოეს ხანებში იგეგმება და მისი პირველი ნაწილი 2-3 წლის შემდეგ ამუშავდება, ხოლო მთლიანად, სავარაუდოდ, 4 წლის შემდეგ დასრულდება.

”თანაინვესტირების ფონდი” დააფინანსებს ასევე თბილისში ენერგეტიკულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მტკვარჰესის შეძენას და მის შემდგომ განვითარებას. ასევე ენერგეტიკას შეეხება კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მდინარე ცხენისწყალზე ჰესების კასკადების მშენებლობას ითვალისწინებს.
თვითონ ფონდის მიზანია სრულად გამოვიდეს პროექტებიდან, რომ ეს თანხა გაათავისუფლოს და ახალ პროექტებში ჩადოს...
გიორგი ბაჩიაშვილი
კასკადის პროექტი ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ლენტეხისა და ცაგერის რაიონში განხორციელდება. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 350 მგვტ-ი იქნება. ფონდის ინფორმაციით, პროექტის მეშვეობით ენერგეტიკის სფეროში, დაახლოებით, 700 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

დღეისათვის პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განითარების ფონდის მიერ წინასწარაა შესწავლილი ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკულ ინვესტირების ფონდთანო, აღნიშნავენ ფონდის წარმომადგენლები. მისი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დასახელებული პროექტების გარკვეულ კონდიციამდე მიყვანის შემდეგ მოხდება მათი აქციების გასხვისება:

”იგეგმება ამ პროექტებიდან გასვლა. შეიძლება მყიდველები იყვნენ დიდი სტრატეგიული ინვესტორები, შეიძლება ბირჟებზე დაილისტოს. თუ საქართველოში ამ დროისთვის იქნება საფონდო ბირჟა, შედარებით მცირე ზომის პროექტები - დაახლოებით, 100 მილიონამდე - საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტება. თვითონ ფონდის მიზანია სრულად გამოვიდეს პროექტებიდან, რომ ეს თანხა გაათავისუფლოს და ახალ პროექტებში ჩადოს”.

გიორგი ბაჩიაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობაზეც ილაპარაკა. ფონდს გადაწყვეტილი აქვს გარდაბნის რაიონში პომიდვრის სათბურების მშენებლობის დაფინანსება, რომელიც საწყის ეტაპზე იმპორტირებული პომიდვრის 30 პროცენტს ჩაანაცვლებს, აბაშასა და სამტრედიაში კი დიდი ფერმისა და რძის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოს აშენება იგეგმება. ფონდის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში სხვა პროექტების დაფინანსების შესახებაც გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG