Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ლაზიკა”, სახელწოდებით ”ანაკლიის პორტი”


იუსტიციის სახლი ლაზიკის ტერიტორიაზე
იუსტიციის სახლი ლაზიკის ტერიტორიაზე

საქართველოს ახლად დამტკიცებულმა მთავრობამ ერთ-ერთ პირველ სხდომაზე შავი ზღვის სანაპიროზე ახალი პორტის მშენებლობის საკითხი განიხილა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის პროექტის მიზანშეწონილობის შესასწავლად ხუთი მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა. ლაპარაკია იმ ტერიტორიის შესწავლაზე, სადაც წინა ხელისუფლება პორტთან ერთად ქალაქ ლაზიკის აშენებას აპირებდა.

ანაკლიის პორტი ნაწილი იყო პროექტისა, რომელსაც ქალაქ ლაზიკას უწოდებდა ამ იდეის ავტორი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მის ამ წამოწყებას სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ არასერიოზულ იდეას უწოდებდა იმჟამად ოპოზიცია, ახლა კი მმართველი პოლიტიკური ძალა ”ქართული ოცნება”. დაჭაობებულ ტერიტორიაზე ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება, რომელიც უნდა გამხდარიყო რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი, არარეალურად მიაჩნდათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

მაგრამ ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შავი ზღვის სანაპიროზე 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთგამტარობის მქონე პორტის პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილმა ”თანაინვესტირების ფონდის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ფონდი, პირველ რიგში, ანაკლიის პორტის მშენებლობას დააფინანსებს:

„ასეთი ფონდის დაფუძნებით პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება, მაგრამ მათი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი, ჩვენ კი ეს ყველაფერი რეალობაში შეიძლება მოვიყვანოთ. რკინიგზის გამტარიანობა უნდა გავზარდოთ 100 მლნ. ტონამდე. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს და ამაზეც ვმუშაობ“.

ანაკლიის სანაპირო
ანაკლიის სანაპირო

ბიძინა ივანიშვილი ანაკლიისა და ლაზიკის პროექტებზე ისე საუბრობდა, თითქოს ისინი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენდნენ. მისი განცხადებიდან რამდენიმე დღეში, იმხანად ჯერ კიდევ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტები შეკრიბა და ანაკლიის ტერიტორიის სანახავად წაიყვანა. სააკაშვილი შეეცადა აეხსნა, რომ ანაკლიას და ლაზიკას ერთი და იგივე გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. მისი განცხადებით, თანახმაა ახალმა მთავრობამ პროექტი ნებისმიერი სხვა სახელით განახორციელოს, თუ უნდათ ”ნიუ ჭორვილა” დაარქვანო, დასძინა სააკაშვილმა.

”პოლიტიკური ანალიზის ცენტრის” ხელმძღვანელის ვახტანგ ლეჟავას აზრით, როგორც არ უნდა იყოს, თუ ანაკლიის ღრმაწყლიან სანაპიროზე პორტის მშენებლობა დაიწყო, ახალ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ქალაქის მასშტაბების გადახედვა:

ქალაქ ლაზიკის პროექტი
ქალაქ ლაზიკის პროექტი

”აქ არის საუბარი იმაზე, ამ პორტთან დიდი ქალაქი უნდა იყოს თუ პატარა, დისკუსია მიმდინარეობს ამაზე.”

ვახტანგ ლეჟავა ამბობს, რომ ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული კითხვები არსებობდა. ეს კითხვები, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, ძირითადად ინფორმაციის არასწორად გავრცელებამ გამოიწვია:

”ანაკლიასა და ლაზიკასთან დაკავშირებითაც არასწორად წარმოადგინეს ეს პროექტი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებდა, კონკრეტულად ლაზიკაში. სინამდვილეში მთავრობა აპირებდა გაეკეთებინა ამის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და დანარჩენი ინვესტორებისთვის მიენდო. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს კომერციული პროექტია და გაუგებარია რატომ უნდა ერეოდეს მასში მთავრობა.“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის პოტენციალის შესასწავლად სახელმწიფო საპარტნიორო ფონდიდან 5 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესი გამოხატა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და კაპიტალით დაფუძნებულმა კერძო საინვესტიციო ფონდმა.

XS
SM
MD
LG