Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს


ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ნაციონალრი მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბრალი ედება სისხლის სამართლის 2 მუხლით, ორ ეპიზოდში. ერთი შეეხება 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვას, რაც განხორციელდა მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ხოლო მეორე ეპიზოდი გახლავთ 2009 წლის მაისში ვანო მერაბიშვილისა და მისი ოჯახის მიერ კვარიათში შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი ფეშენებელური აგარაკის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაკავება. ვანო მერაბიშვილს 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, აცხადებს პროკურატურა და კიდევ 2 დანაშაულებრივი ეპიზოდის შესახებ საუბრობს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, უკვე მეორედ მოწმის სახით დაბარებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამავე საქმესთან დაკავშირებული ეპიზოდისა და კიდევ ერთი ეპიზოდის გამო დააკავეს. მეორე ეპიზოდში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, სახელი ფიგურირებს.

როგორც ქუთაისის საოლქო პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავებულები არიან კორუფციული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობისთვის, კერძოდ, იმაში, რომ ვანო მერაბიშვილმა ზურაბ ჭიბერაშვილათან ერთად

”დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს, თითოეულს 240 ლარის ოდენობით. მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმეს როგორც შტატგარეშე თანამშრომლები. სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. ამრიგად, ივანე მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ იზარალა 5,2 მლნ ლარი”.

როდესაც თავისი მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანს აკავებს ხელისუფლება, ამას მხოლოდ პოლიტიკური ტერორის და ოპონირების რეჟიმში დაჭერის გამოყენების შეფასება შეიძლება მიეცეს. ეს არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და ბინძური ბრალდებებით შეთითხნილი საქმე...
გიორგი თევდორაძე
პროკურორ შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი ფიგურირებს კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდში - კერძოდ, მან 2009 წლის მაისში ოჯახთან ერთად კვარიათში შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაიკავა და სახელმწიფო ხარჯებით გაარემონტა კიდეც.

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ კიდევ 2 ეპიზოდზე თითქმის დასრულებულია გამოძიება. ერთი შეეხება 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეს და მეორე სანდრო გირგვლიანის საქმეს, სადაც ასევე იკვეთება ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა.

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრებმა ეს ხელისუფლების მხრიდან ოპონენტის პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.

”როდესაც თავისი მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანს აკავებს ხელისუფლება, ამას მხოლოდ პოლიტიკური ტერორის და ოპონირების რეჟიმში დაჭერის გამოყენების შეფასება შეიძლება მიეცეს. ეს არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და ბინძური ბრალდებებით შეთითხნილი საქმე, რომლის თანამონაწილეებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად თავადაც აგებენ პასუხს”, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი თევდორაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა კი პრესკონფერენციაზე დაკავებულთა პირად დამსახურებებზე ისაუბრა და თქვა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ვერც ერთი პროკურორის ვერდიქტი ვერ შეცვლის ამ ადამიანების მიმართ საზოგადოების განწყობასო და, ამასთან, უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაკავების ამბავიც გაიხსენა და თქვა, ამან უკრაინა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციაო. ამასვე ელის პრეზიდენტი საქართველოს შემთხვევაშიც და ამბობს, ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებშიაო:

მე მგონი, იმდენად სუსტია უკვე ეს პოლიტიკური დევნის საკითხი, რომ მაგას უკვე ვეღარც იყენებენ. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად გაიგო, რომ ჩვენ შერჩევით სამართალს არ ვაწარმოებთ და პოლიტიკური დევნა არ იქნება...
ბიძინა ივანიშვილი
”რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ და მთავრობაც დაფიქრდეს და, მე მგონი, ილუზია არავის არ აქვს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ დონეზე წყდება, ამ გადაწყვეტილების მიღება. ასე არის და ამას არც მალავს არავინ. რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება გვქონდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაკავებას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი საერთაშორისო პოზიციებისთვის, ჩვენი დაცულობისთვის უცხოური აგრესიისგან და საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ყველანი ამაზე უნდა დავფიქრდეთ”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით კი, სასამართლო პროცესისა და გამოძიების დასრულებამდ შეფასებების გაკეთება ნაადრევია. ის, რომ კითხვები ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არსებობდა, ცნობილია, მაგრამ მისი დაკავების შეფასებისას შერჩევითი სამართლის გამოყენებაში ხელისუფლების დადანაშაულება წარმოუდგენელია:

”მე მგონი, იმდენად სუსტია უკვე ეს პოლიტიკური დევნის საკითხი, რომ მაგას უკვე ვეღარც იყენებენ. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად გაიგო, რომ ჩვენ შერჩევით სამართალს არ ვაწარმოებთ და პოლიტიკური დევნა არ იქნება”.

პოლიტიკურ მიმომხილველთა ნაწილის შეფასებით კი, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის დასაწყისია და, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მათი დაკავება განხორციელდა მაშინ, როცა გაჩნდა მყარი სამართლებრივი საფუძველი. ასე ფიქრობს, მაგალითად, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

”თუ ჩვენ ამას შევაფასებთ როგორც სამართლიანობის აღგენის პროცესის დასაწყისს, მაშინ სწორედ რომ დროულია, იმიტომ რომ საზოგადოებაში აგრესია უკვე პიკს აღწევდა”.

ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG