Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თანხა გამოიყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ


23 ივლისს საქართველოს მთავრობამ კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდის შექმნისა და მასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ იმსჯელა. მთავრობის სხდომის შემდეგ პარლამენტს საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ დოკუმენტი წარედგინა, პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებები დარეგისტრირდა და მას რიგგარეშე სესიაზე კენჭი, სავარაუდოდ, 25 ივლისს ეყრება. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, ბიუჯეტის პარამეტრები არ იცვლება და თანხა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის შიდა ასიგნებების გადანაწილების ხარჯზე გამოიყოფა. საპარლამენტო ოპოზიცია გამოყოფილი თანხის გაზრდას ითხოვს და, ამასთან, საკითხს სვამს, რატომ ხდება ცვლილება ქვეყნის ბიუჯეტში და რატომ არ ხმარდება სამუშაოებს სარეზერვო ფონდში არსებული თანხები.

23 ივლისს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განმარტა, თუ რა თანხა მოხმარდება კახეთის რეგიონში 19 ივლისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. მინისტრის განცხადებით, იქმნება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდი, რომლისთვისაც 50 მილიონი ლარის ოდენობის თანხა გამოიყოფა. ამავე მიზნისთვის თანხის გამოყოფაა დაგეგმილი კახეთის განვითარების პროგრამიდან, რომელიც 10 მილიონი ლარით გამსხვილდება.

აქ იგულისხმება დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, აქ იგულისხმება პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა, აქ იგულისხმება ასევე დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელთათვის გარკვეული კომპენსაციის გაცემა ...
გია ხუროშვილი

”გამოიყოფა ახალი რესურსი, 50 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც მთლიანად მოხმარდება გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას. მსხვილდება კახეთის განვითარების პროგრამა, რომლის მთლიანი რესურსი იქნება 110 მილიონი ლარი, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. ეზრდება ასიგნება კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობით. მინდა გითხრათ, რომ ამის შემდეგ დაახლოებით 17 მილიონი ლარი გვრჩება მთავრობის სარეზერვო ფონდში, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში თანხა მოხმარდება ისევ და ისევ სტიქიით დაზარალებული რეგიონების აღდგენას”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ მთავრობის სხდომაზე.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე ბიუროს სხდომის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, გამოყოფილი 50 მილიონი ლარი მოკლე ხანში უშუალოდ მიყენებული ზიანის ლიკვიდაციას მოხმარდება:

”აქ იგულისხმება დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, აქ იგულისხმება პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა, აქ იგულისხმება ასევე დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელთათვის გარკვეული კომპენსაციის გაცემა.”

გია ხუროშვილის განმარტებით, იმის შესახებ, თუ ბიუჯეტში არსებული რა სახსრებიდან მოხდება თანხების გადანაწილება, მედია უფრო ზუსტად თავად ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენებიდან შეიტყობს.

საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, ზარალის საერთო მოცულობა 150 მილიონ ლარს მიაღწევს. სტიქიის შედეგად, მხოლოდ კახეთში 20 000 ოჯახი დაზარალდა, ხოლო 20 000 ჰექტარი სახნავი მიწა განადგურდა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე ვარაუდობს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციოდ:

” 50 მილიონი ლარი, რომელსაც გვთავაზობს მთავრობა, პირველი შთაბეჭდილება ასეთია, რომ არ იქნება საკმარისი, რომ ჩვენ მთლიანად უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობისთვის არსებული პრობლემების მოგვარება.”

ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ახვლედიანი კი ბიუჯეტის სახსრების გათვალისწინებით ვარაუდობს, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის მინიმუმ 5 ათასლარიანი კომპენსაციის გამოყოფაა შესაძლებელი:

რადგან მთავრობა შემოდის და ბიუჯეტში ცვლილებებს ითხოვს, აქედან, ცხადია, ჩანს, რომ ფული აქვთ შეჭმული. ხვალ მოვა ფინანსთა მინისტრი და მან უნდა გაგვცეს პასუხი ...
ჯონდი ბაღათურია

”ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები, რომლებიც გაუტოლდება 5-დან 10 ათას ლარამდე კომპენსაციას და ამის საშუალება არსებობს, რადგან ჩვენი ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 5-%-იანი ზრდით, სტატისტიკის დეპარტამენტი კი როგორც გვიმტკიცებს, ეკონომიკის 8%-ნი ზრდა გვაქვს, რაც ნიშნავს დამატებით 300-400 მილიონი ლარის მობილიზებას. ხელისუფლებამ დროებით უნდა გადადოს ილუზიები ახალი ქალაქების მშენებლობისა და ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ქალაქებს, იმ რაიონებს, იმ სოფლებს, რომლებიც დაზარალდნენ.”

საპარლამენტო უმცირესობა, ზოგადად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას არამიზნობრივად მიიჩნევს, მთავრიბისა და პრეზიდენტის 50-50 მილიონიანი სარეზერვო ფონდების არსებობის პირობებში. „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია კითხვას, თუ სად წავიდა სარეზერვო ფონდში არსებული თანხა, როგორც თავად ამბობს, ფინანსთა მინისტრს დაუსვამს:

”რადგან მთავრობა შემოდის და ბიუჯეტში ცვლილებებს ითხოვს, აქედან, ცხადია, ჩანს, რომ ფული აქვთ შეჭმული. ხვალ მოვა ფინანსთა მინისტრი და მან უნდა გაგვცეს პასუხი, ვინ შეჭამა ეს 100 მილიონი და რაში დაიხარჯა.”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ სარეზერვო ფონდში თანხა არის, მაგრამ კონკრეტულად რამდენი, ამას ფინანსთა მინისტრი იტყვის.

მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებზე საუბრისას, ”საერათაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ფონდები სრულიად გაუმჭვირვალეა და იმის თქმა, თუ რას ხმარდება სახსრები ან რატომ არ არის მასში საკმარისი თანხა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება.

პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში 10 მილიონი ლარი უკვე გადარიცხა, მასზე დაკისრებული ჯარიმის ფარგლებში, სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე. ბიძინა ივანიშვილი, როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დათვლის შემდეგ მზადაა იმდენი თანხა გადარიცხოს, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაურდეს ზარალი.

საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა 25 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაიგეგმა. მანამდე საბიუჯეტო ცვლილების პროექტს საპარლამენტო კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG