Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს რეგიონები


სტიქიის შედეგები კახეთში. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ფოტო
სტიქიის შედეგები კახეთში. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ფოტო
გასულ ღამით მოსული სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზარალდნენ კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონები. ყველაზე რთული ვითარებაა კახეთში, სადაც სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ტრავმა მიიღო 18-მა ადამიანმა.

თელავში და კახეთის რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში ასობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია ენერგო- და წყალმომარაგების სისტემები, დანგრეულია გზები და განადგურებულია მოსავალი.

შექმნილი ვითარების გამო დღეს თელავში გაიმართა მთავრობის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მან პარლამენტს დაავალა რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონში 1300 რეზერვისტია მობილიზებული. მისივე ცნობით, სტიქიის ზონაში მუშაობს საინჟინრო ბატალიონი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, რომელიც რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ აღმოფხვრამდე დარჩება.

ძლიერი სეტყვის და ქარიშხლის შედეგად საქართველოში ამ დრომდე ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა ათასობით ადამიანი.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქებში ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღის ბოლოსთვის დასრულდება, განადგურებული ელექტრობოძების სრულად აღდგენას კი დაახლოებით ორი დღე დასჭირდება.

საქართველოში სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მან დღეს თათბირი გამართა კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პრემიერმა აღნიშნა, რომ დაზიანებული სახლების სახურავები და გზები ერთ კვირაში აღდგება.

"ახლა ყველაზე მთავარია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მივხედოთ და გადავარჩინოთ, რათა მომავალ წელს რაღაც მოსავალი მივიღოთ”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG