Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი საპყრობილეში


სახალხო დამცველის მორიგმა ანგარიშმა, რომელიც საქართველოში 2011 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს, პენიტენციურ სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. გიორგი ტუღუშის თქმით, კვლავ შემაშფოთებლად მაღალია პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. რა კლავთ პატიმრებს საქართველოს საპყრობილეებში და როგორ რეაგირებს ომბუდსმენის კრიტიკაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო?

სახალხო დამცველის ანგარიშის თითქმის მესამედი სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი ვითარების აღწერას ეთმობა. ომბუდსმენის აპარატის შეშფოთებას იწვეს პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სტაბილურად მაღალია. გიორგი ტუღუშის თქმით, 2010 წელს 142, ხოლო 2011 წელს 140 პატიმარი გარდაიცვალა. ამასთან, შემაშფოთებელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში პატიმართა გარდაცვალების გარემოება ბუნდოვანი რჩება:

„გარდაცვლილი პატიმრებიდან დაახლოებით 40 პროცენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა ტიპის დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებები შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყო გარდაცვალების მიზეზთან და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილი გამოიწვია ამა თუ იმ დაავადებამ, გამოძიება არ დაინტერესებულა ამ ფაქტებით. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც ლაპარაკია მოტეხილ ნეკნებზე, კიდურებსა და ცხვირზე. ცხადია, რომ მსგავსი დაზიანებები ვერ მიადგებოდა პატიმარს შემთხვევით ან თავისით.“
კომისია, რომელიც ამ საკითხებს იხილავს, რატომღაც ვერ ახერხებს ეფექტურ მუშაობას ...
ნათია იმნაძე

გიორგი ტუღუშის ეს განცხადება ანგარიშში შეტანილი კონკრეტული საქმეებითაა გამაგრებული. ექსპერტიზის დასკვნებში ხშირია შემდეგი სახის ჩანაწერები: „გვამზე აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, განვითარებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის
მოქმედებით“. ომბუდსმენის აპარატი ასევე აკრიტიკებს სასჯელისგან გათავისუფლების მოქმედ მექანიზმს, რომელიც, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნათია იმნაძის თქმით, მოუქნელია და არაეფექტიანი:

„კომისია, რომელიც ამ საკითხებს იხილავს, რატომღაც ვერ ახერხებს ეფექტურ მუშაობას. კანონში არაა ჩადებული განაცხადის განხილვის ვადები. ბევრია შემთხვევა, როცა ათავისუფლებენ სიკვდილის ზღვარზე მისულ პატიმარს და, შესაბამისად, მათი გარდაცვალება არ ეწერება სასჯელაღსრულების სისტემას.“

ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილ პატიმართა საშუალო ასაკი 46 წელია. არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება მხოლოდ მძიმედ დაავადებულ პატიმართა გათავისუფლების მექანიზმის ამუშავებითაა შესაძლებელი, რადანაც ციხის საავადმყოფოებსა და სამედიცინო ნაწილებს ობიექტურად არ შეუძლიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა:

„ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ კომისია, რომელმაც უნდა განიხილოს ვადამდე ან პირობით გათავისუფლების საკითხი, მართლა ქმედითი გახდეს და მართლა ამუშავდეს, ანუ სხვა მიდგომები გამომუშავდეს, იმიტომ რომ იმ ავადმყოფობათა ჩამონათვალი, რომლებიც გათავისუფლების პირობას ქმნის, არ არის ადეკვატური და თუ მას დაეყრდნობიან, შექმნილი სიტუაცია არ შეიცვლება.“
სამწუხაროდ, წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო არ იყენებს ამ დოკუმენტს სათანადოდ, არ რეაგირებს ქმედითად ამ ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციაზე ...
თამარ ჩუგოშვილი

რაც შეეხება პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობას, ლია მუხაშავრიას თქმით, ამ შემთხვევაშიც სცოდავს პენიტენციური სისტმემის ხელმძღვანელობა, რომელიც ძალადობას პატიმრების სამართავად იყენებს.

„ბადრაგირების და გადაყვანის აუცილებლად თანმხლებია ცემა და კარანტინში მოთავსებაც ასევე გულისხმობს ცემას! ეს ყველგან იყო მიღებული, მთელ სისტემაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადმინისტრაციის თანამშრომელთა ეს რაოდენობა ვერ აუდის პატიმრებს. ამიტომ მათ სჭირდებათ ტერორის ატმოსფერო, რათა ყველა იყოს უკიდურესად დაშინებული და ვერავინ ვერც კი გაიფიქროს უკმაყოფილება ან წინააღდმეგობის გაწევა“, უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ომბუდსმენის ანგარიში, რომელიც რეკომენდაციების ვრცელ ჩამონათვალსაც შეიცავს, სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩება. წინა წლების სავალალო გამოცდილების მიუხედავად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი პარლამენტისა და მთავრობის ადეკვატურ რეაქციას ელოდება:

„სამწუხაროდ, წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო არ იყენებს ამ დოკუმენტს სათანადოდ, არ რეაგირებს ქმედითად ამ ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ წელს მაინც მოჰყვება ადეკვატური რეაგირება. მხოლოდ ცნობად არ მიიღებს პარლამენტი და დაიწყება ეფექტური გამოძიება იმ დარღვევებზე, რაც მოტანილია ანგარიშში.“

ჯერჯერობით სახალხო დამცველის ანგარიშს კრიტიკის მთავარი ადრესატი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობა გამოეხმაურა. განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:

„ბევრი რეფორმა ტარდება, თუმცა, ამის მიუხედავად, სამინისტრო თავადვე აცნობიერებს, რომ პენიტენციურ სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მიმდინარე რეფორმების პარალელურად, მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში და რეკომენდაციები, სამინისტრო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და, საჭიროების შემთხვევაში, ისევე, როგორც უწინ, შეასრულებს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.“

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას თან ახლავს იმ რეფორმათა ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც სამინისტროს მნიშვნელოვნად და წარმატებულად მიაჩნია. კერძოდ, ლაპარაკია სასჯელისგან გათავისუფლების ეფექტური მექანიზმების შექმნაზე, სისტემის თანამშრომელთა გადამზადებაზე, ჯანდაცვის ხარისხისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG