Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუწყნარებლობა, როგორც დამამძიმებელი გარემოება


პარლამენტის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად გამკაცრდა კანონმდებლობა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა რასის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკისა და მთელი რიგი სხვა დისკრიმინაციის ნიშნითა თუ შეუწყნარებლობის მოტივით.

საქართველოს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით გაფართოვდა დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი, ხოლო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმა მიესადაგა კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელშიც ვკითხულობთ:

„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“
ჩამონათვალი გაიზარდა და დამამძიმებელ მოტივად ჩაითვალა დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო ...
კახა ანჯაფარიძე

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. თავდაპირველად ცვლილებაში დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი შემოიფარგლებოდა მხოლოდ რასობრივი, ენობრივი, რელიგიური და ეთნიკური ფაქტორებით, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა პირველი მოსმენის შემდეგ, როცა, კახა ანჯაფარიძის თქმით, გათვალისწინებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის რეკომენდაცია:

„ჩამონათვალი გაიზარდა და დამამძიმებელ მოტივად ჩაითვალა დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.“

ჩამონათვალი, რომელიც პარლამენტს დეპუტატმა კახა ანჯაფარიძემ გააცნო, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ელ-გი-ბი-ტი საქართველოს“ ინიციატივით გაფართოვდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივნის თათული თოდუას განცხადებით, შეუწყნარებლობის მოტივების ნაკრები თვალშისაცემად ვიწრო იყო და არ მოიცავდა ძალიან ბევრ განმასხვავებელ, მადისკრიმინირებელ ნიშანს:

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ჩამონათვალი მართლაც იყო ძალიან ვიწრო და, უბრალოდ, არალოგიკური იყო, რატომ უნდა დაგვესაჯა მკაცრად პირი, თუ ის ჩაიდენდა სისხლის სამართლის დანაშაულს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით და არ უნდა დაგვესაჯა ასე მკაცრად, თუ ის ჩაიდენდა იმავე დანაშაულს, მაგალითად, სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით.“
ის, რომ პრობლემა არ ჩანს ღიად და რომ შს სამინისტროს არა აქვს ბევრი მასალა იმის შესახებ, რომ ვიღაც არის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ძალადობისა, არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს...
მაგდა კალანდაძე

თათული თოდუას მიერ მოტანილ არგუმენტს მეტ დამაჯერებლობას სძენს ის გარემოება, რომ სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული მაღალი სიხშირით და აგრესიის მასშტაბითაც გამოირჩევა. ჟურნალ „იდენტობის“ რედაქტორის მაგდა კალანდაძის თქმით, ოფიციალური სტატისტიკა, მთელი რიგი მიზეზების გამო, არსებულ სინამდვილეს სრულად ვერ ასახავს:

„ის, რომ პრობლემა არ ჩანს ღიად და რომ შს სამინისტროს არა აქვს ბევრი მასალა იმის შესახებ, რომ ვიღაც არის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ძალადობისა, არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს. გასათვალისწინებელია ფონი, რომ ეს ადამიანები მარგინალიზებული ჯგუფია. ისინი, როგორც წესი, ხმამაღლა ლაპარაკს ვერ ბედავენ და ამის გამო საქმე არ მიდის პროკურატურამდე. არის შიში სიძულვილის, ჰომოფობიის... ანუ დამცავი ბერკეტები არ არსებობს და, შესაბამისად, სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ძალადობის ფაქტებიც მიჩქმალულია.“

მაგდა კალანდაძე ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას გარკვეულწილად გაფრთხილებისა დ პრევენციის ეფექტიც ექნება. ამის იმედი აქვს ცვლილების ერთ-ერთ ავტორს, დეპუტატ ზვიად კუკავასაც:
თუ დადგინდება გამოძიების მიერ, რომ მკვლელობა მოხდა ამ ნიშნით და არა ხულიგნური მოტივით, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე, უბრალოდ, ვალდებული იქნება განსასჯელს მიუსაჯოს პატიმრობის მაქსიმალური ვადა...
ზვიად კუკავა

„დანაშაულის ახალი სახე ამ ცვლილებებით არ შემოდის. ცვლილებას შემოაქვს ზოგადი ჩანაწერი იმაზე, რომ ყველა არსებული დანაშაული, რომელიც შეიძლება იყოს ჩადენილი ჩამოთვლილი მოტივებით, ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილად. მაგალითად, თუ დადგინდება გამოძიების მიერ, რომ მკვლელობა მოხდა ამ ნიშნით და არა ხულიგნური მოტივით, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე, უბრალოდ, ვალდებული იქნება განსასჯელს მიუსაჯოს პატიმრობის მაქსიმალური ვადა.“

ზვიად კუკავას თქმით, ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა უკლებლივ ყველა სისხლის სამართლის დანაშაულში. ზვიად კუკავას თქმითვე, კანონპროექტის მომზადებას საფუძვლად დაედო რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაცია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG