Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოზიტიური ცვლილებების მოლოდინში


პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი არსებობს, - ითქვა შეხვედრაზე, რომელზეც არასამთავრობო სექტორმა საარჩევნო კანონმდებლობის შესწორების მიზნით მომზადებული კანონპროექტის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრა გაიმართა კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში და მის მრავალრიცხოვან აუდიტორიაში შევიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მოწყობამდე ერთი დღით ადრე, 1 მარტს, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მუხლობრივად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს გააცნეს. როგორც ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ გვითხრა, ეს შეხვედრა კონკრეტული შედეგებით არ დასრულებულა, თუმცა გამოიკვეთა, რომ უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის.
კანონის მიზნად დარჩება კვლავაც გამჭვირვალობა პოლიტიკური ფინანსებისა და, შესაბამისად, დასჯადი იქნება ყველა ის ქმედება, რომელიც ამ კანონის გვერდის ავლას ისახავს მიზნად ...
პალიკო კუბლაშვილი

” ჩვენ არ მიგვიღია გადაჭრით პირობები, თუ რა საკითხებს გაითვალისწინებენ და რას არა, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენ რაც გვითხრეს, იყო ის, რომ ჩვენ მიერ წარდგენილ წინადადებებში არსებითად არ იყო არც ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მათთვის პრინციპულად მიუღებელია, და შემოგვთავაზეს, რომ მცირედი ცვლილებებით წარვადგინოთ მომავალ კვირაში ახლებურად ჩვენი კანონპროექტი, ანუ იმ შენიშვნებით, რაც მათ გვითხრეს.”

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებათა პაკეტის ავტორები კანონპროექტში მნიშვნელოვანი შესწორებების შეტანას არ აპირებენ და არსებითი წინააღმდეგობა კანონპროექტის დებულებებზე არც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოუსმენიათ. პალიკო კუბლაშვილი 2 მარტს ამ ცვლილებათა კანონპროექტის საჯარო პრეზენტაციასაც დაესწრო. იგი შენიშნავს, რომ არის ფორმულირებები, რომლებზე შეჯერება შესაძლებელიცაა და ლოგიკურიც.

”კანონის მიზნად დარჩება კვლავაც გამჭვირვალობა პოლიტიკური ფინანსებისა და, შესაბამისად, დასჯადი იქნება ყველა ის ქმედება, რომელიც ამ კანონის გვერდის ავლას ისახავს მიზნად. ამ მიზნის გარდა, სხვა თუ რამე დაზუსტება გვჭირდება, მზად ვართ დავაზუსტოთ.”

საკითხების მეტად დაკონკრეტებისაგან ამ ეტაპზე პავლე კუბლაშვილიც თავს იკავებს. საკანონმდებლო წინადადებების ძირითადი მოთხოვნები კი შემდეგია:
მნიშვნელოვნად დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც შესაძლოა პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს დაექვემდებარონ; გაუქმდეს ნორმები, რომლებიც ცალსახად არღვევენ გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს; შემცირდეს პარტიებისა და სხვა პირებისათვის დადგენილი არაგონივრული სანქციები; გაუქმდეს ამომრჩეველთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და იგი ამომრჩევლის მომსყიდველი პირისთვის დაწესდეს; განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, საფუძვლები და პროცედურა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პირზე შეზღუდვების გავრცელება იქნება შესაძლებელი და სხვ. საარჩევნო კანონმდებლობაში ამ ცვლილებების განხორციელების მიზნით სამოქალაქო მოძრაობა ”ეს შენ გეხება” დაახლოებით 20 დღის წინ შეიქმნა. შეიძლება თუ არა უკვე შედეგებზე საუბარი? ამ შეკითხვით ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელმძღვანელს ქეთი ხუციშვილს მივმართეთ.
პროცესს, ბუნებრივია, პოზიტიურად ვაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს ...
ნინო ბურჯანაძე
” ჯერ თვალნათელი შედეგი არ გვინახავს. ჯერ მხოლოდ ის არის შედეგი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დისკუსიაზე და პრინციპში გამოთქვამს მზაობას იმისთვის, რომ გადახედოს კანონს. სხვა ხელშესახები შედეგები ჯერ არ მიგვიღია.”

ამბობს ქეთი ხუციშვილი. თუმცა ერთ-ერთ შედეგად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში 2 მარტს კამპანიამ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების კანონპროექტის ძირითადი მოთხოვნების გასაცნობად პოლიტიკური სპექტრის თითქმის სრულად შეკრებაც შეძლო.

” პროცესს, ბუნებრივია, პოზიტიურად ვაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს, რომ ერთობა ჩამოყალიბებულიყო და ერთიანი ხმით ილაპარაკონ”, გვითხრა ”სახალხო კრების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

„თავისუფალმა დემოკრატმა“ ვიქტორ დოლიძემ კი დემოკრატიულ პროცესში სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

” ის, რაც დღეს გააკეთა არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო სექტორმა, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი საქმეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ჩართულობა ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, არ იყო მაინცდამაინც აქტიური, სწორედ მათ უნდა გააკეთონ ეს საქმე, მე ვფიქრობ.“

”ხალხის პარტიის” თავმჯდომარე კობა დავითაშვილი, თავის მხრივ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ავტორებს გაწერილი წინადადებების რანგირებას ურჩევს:

”არის უამრავი ტექნიკური შენიშვნა, რომელიც კანონის გამართვისთვის აუცილებელია. როგორც წესი, ასეთი შენიშვნები ნებისმიერი კანონპროექტის თითქმის 2/3-ს წარმოადგენს. სერიოზული მნიშვნელობის საკითხები, როგორც წესი, მცირე ნაწილს წარმოადგენენ ხოლმე ყველა კანონპროექტისა. ხელისუფლება ამას იყენებს, ტექნიკურად ასწორებს კანონს და მერე ამბობს, წარმოდგენილი შენიშვნების 2/3 გავითვალისწინე და ახლა ნუ მომთხოვთ 100 პროცენტით შესრულებასო. ამიტომ უნდა გამოიყოს თავიდანვე რანგირება საკითხებისა, მნიშვნელობის მიხედვით.”

კონფერენციამ კობა დავითაშვილის წინადადება საგულისხმოდ მიიჩნია, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ დოკუმენტში საკითხთა რანგის მიხედვით დალაგება შეუძლებელია. კამპანია ”ეს შენ გეხება” კი არსებობის შეწყვეტას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განხილვა შესაბამისი კანონების შესწორებით დასრულდება.
XS
SM
MD
LG