Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონით შეზღუდული უფლებები


მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ პეტიციაზე ხელის მოწერა, 2012 წლის 16 თებერვალი
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ პეტიციაზე ხელის მოწერა, 2012 წლის 16 თებერვალი
არასამთავრობოებისა და მედიაორგანიზაციების მიერ 16 თებერვალს ხელმოწერილი პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები, არსებული კანონმდებლობის ანალიზთან ერთად, საქართველოში მოქმედ და საზღვარგარეთ არსებულ 100 საერთაშორისო და დიპლომატიურ ორგანიზაციას გაეგზავნა. კამპანიაში ”ეს შენ გეხება” ჩართული ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები და დასკვნები მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად კანონმდებლობის შეცვლის მიზნით წამოწყებულ პროცესს. ამჟამინდელი რეალობის თანახმად კი, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დაწესებული ახალი რეგულაციების გამო არასამთავრობო ორგანიზაციები სიფრთხილეს იჩენენ.

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელმა ლელა ტალიურმა გვითხრა, ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის რეგულაციებში გარკვევა განსაკუთრებით იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელთა საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. ლელა ტალიური იხსენებს ერთ კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც კანონის განმარტებისთვის მასთან კონსულტაციაზე ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ:
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 25-ე და 26-ე მუხლები ბუნდოვნად არის ფორმულირებული, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საბაბს იძლევა...
კონრად ადენაუერის ფონდი

”არის საერთაშორისო ორგანიზაცია, უშუალოდ მუშაობენ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური საქმიანობის მხარდაჭერაზე. აქვთ კონკრეტული გეგმები ამასთან დაკავშირებით, ანუ ინსტიტუციურ განვითარებაზე ზრუნავენ და აინტერესებდათ რამდენად შეიძლება შეეხოთ კანონი და მართალია თუ არა ის ყველაფერი, როგორც ისინი კითხულობდნენ კანონს.”

ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან” მიიღეს განმარტება, რომ უცხოური ორგანიზაციების მიერ შემოწირულება პარტიებისთვის შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ტრენინგების, სემინარებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების სახით. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ” კონსულტაციაზე მისული ორგანიზაციის ვინაობა ანონიმურად დატოვეს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის გაგება, რამდენად დააკმაყოფილა პასუხმა მისი წარმომადგენლები და გადაიხედება თუ არა ამის მერე პოლიტიკურ პარტიებთან მათი მუშაობის სტრატეგია.

თუმცა ცნობილია კონრად ადენაუერის ფონდის პოზიცია. ფონდი ჯერჯერობით არ გეგმავს შეაჩეროს საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებთან და გამოთქვამს რწმენას, რომ კანონი დაიხვეწება:

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 25-ე და 26-ე მუხლები ბუნდოვნად არის ფორმულირებული, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საბაბს იძლევა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული არამკაფიო ფორმულირება შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ კანონმდებელი უახლოეს მომავალში მეტ სიცხადეს შეიტანს ტექსტში.”

კონრად ადენაუერის ფონდის ეს განმარტება მედიისთვის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის განცხადებას მოჰყვა. საინფორმაციო სააგენტო ”პირველთან” საუბარში ლევან ვეფხვაძე, კერძოდ, აღნიშნავდა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დაწესებული ახალი რეგულაციების გამო პრობლემები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც შეექმნათ.ლევან ვეფხვაძის თანახმად, პარტიებთან თანამშრომლობა, სწორედ ამ კანონის გამო, უკვე შეაჩერა ორგანიზაციამ ”ნიდერლანდის ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისათვის”, რომელიც პარტიებს, ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას, სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარებოდა.
ლევან ვეფხვაძე
ლევან ვეფხვაძე

”ჩვენ შარშან დაგვეხმარა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დამუშავებაში და წელს იანვრიდან უნდა დაგვეწყო ამის კონკრეტული კომპონენტების განხორციელებაზე მუშაობა და, სამწუხაროდ, მან გააჩერა საქმიანობა, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ის გახდებოდა დაკავშირებული იურიდიული პირი სწორედ ამ კანონის მოქმედების გამო, იმიტომ რომ სწორედ ის დეფინიცია, რომელიც შემოთავაზებულია, პირდაპირ ვრცელდება NIMD-ის პრინციპებზე”, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

”ნიდერლანდის ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” კი, თავის მხრივ, ერთ-ერთია იმ 100 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომელთაც, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები დაეგზავნათ. ცვლილებების კანონპროექტი, პეტიციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში 17 თებერვალს შევიდა.

20 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს დაავალა, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ეჭვების გაქრობის მიზნით, უახლოეს მომავალში ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების კანონპროექტის ავტორებს შეხვდეს.
XS
SM
MD
LG