Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქში პრესის გავრცელების პრობლემები შეიქმნა


დღეს თბილისში პრესის გავრცელებას პრობლემები შეექმნა. სააგენტო "მაცნემ" ჟურნალ-გაზეთები სარეალიზაციოდ ვერ გაიტანა, ამის მიზეზი დედაქალაქის ქუჩებიდან პრესის ჯიხურების აღება გახდა.

სადისტრიბუციო კომპანია "მაცნეს" წარმომადგენელმა, თინათინ ხარბედიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "მაცნეს" ქსელი დღეს პრაქტიკულად პარალიზებულია:

"პრესის მიწოდება ჩვენგან არ მომხდარა. გაზეთები არც მიგვიღია ქსელში გასაშვებად. გუშინ გაგვაფრთხილეს, რომ ჯიხურები უნდა აეღოთ, საუბარია 23 ჯიხურზე. ისიც არ ვიცოდით, რომელი ჯიხური მიჰქონდათ და რომელს ტოვებდნენ. ამიტომ გაზეთები არ მიგვიღია, რადგან ქსელში ვერ გავიტანდით. დღეს პრესა ჩვენგან გასაყიდად არ გასულა".

"მაცნეს" წარმომადგენლის თქმით, შექმნილმა სიტუაციამ პრესის გავრცელების სამსახური მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგან "ამ დროისთვის საერთო ჯამში, თბილისის მასშტაბით "მაცნეს" 52 ჯიხურია აღებული".

მნიშვნელოვან შეზღუდვებზე საუბრობს "პლანეტა ფორტეს" წარმომადგენელიც. მერაბ ჩანჩალაშვილი ამბობს, რომ პრესის გავრცელების ჯიხურები თბილისის ქუჩებში პრაქტიკულად აღარ არის; მარტო დღეს "პლანეტა ფორტეს" რვა ჯიხური აიღეს.

"რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ბეჭდური მედიის გავრცელების მხრივ შექმნილ ვითარებას პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გააპროტესტებენ 20 დეკემბერს, 15:00 საათზე.

პრესის გავრცელების ჯიხურების აღება მერიის "1000 ჯიხურის" პროექტმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ხელმძღვანელობის თქმით, ძველი და უსახური ჯიხურები ახლით უნდა შეიცვალოს. ამისათვის მერიამ აუქციონი იმ ადგილებზე გამოაცხადა, სადაც პრესის გამავრცელებლების ჯიხურები იდგა.
XS
SM
MD
LG