Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მხარდამჭერი კამპანია გააქტიურდა


28 ნოემბერს, ერთი დღით ადრე მერიის წინ დაგეგმილ აქციამდე, ქართული პრესის მხარდასაჭერად საზოგადოების, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის განკუთვნილი ორი მიმართვა გავრცელდა. ერთს საქართველოს პრესის ასოციაცია და ქართული გაზეთები აწერენ ხელს, მეორე მიმართვას კი - კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის”. პირველი მიმართვის ხელმომწერები მოითხოვენ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონები არ შეეხოს პრესის იმ ჯიხურებს, რომლებშიც წლების განმავლობაში იყიდება გაზეთები. მეორენი კი ბიზნესმენებს მოუწოდებენ თავისუფალი პრესის სოლიდარობის ნიშნად საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა ამ აუქციონში.
ქალაქის მერია ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას, როგორ მოხდა, რომ ზუსტად იმ ადგილებში, სადაც დღეს პრესის ჯიხურები დგას, გამოცხადდა ახალი აუქციონები...

თუ მერიის გადაწყვეტილების მიღმა - აუქციონის წესით გაყიდოს სწორედ ის ადგილები, სადაც დღეს პრესის ჯიხურები დგას, საფრთხე არ იმალება და ამ პროექტს მცირე ბიზნესის ხელშეწყობა დაუსახავს მიზნად, როგორც ეს მერიის განცხადებაში ეწერა, მაშინ კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის” მერიისგან მეტ გამჭვირვალობასა და პრესის ჯიხურების შესახებ გაჩენილ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს. ამით გაიფანტება ქართული მედიის ერთი ნაწილის ეჭვი, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით თავისუფალ მედიას ზღუდავს და, შესაბამისად, გამყარდება მედიის მეორე ნაწილის მოსაზრება, რომ ატეხილი განგაში უსაფუძვლოა.

”თუ საფრთხე ნამდვილად არ არსებობს, მაშინ ქალაქის მერია ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას, როგორ მოხდა, რომ ზუსტად იმ ადგილებში, სადაც დღეს პრესის ჯიხურები დგას, გამოცხადდა ახალი აუქციონები, სადაც ცხადია, ფული იმარჯვებს და პრესის ჯიხურების კვების ობიექტებით ჩანაცვლებაა მოსალოდნელი”, - აცხადებს კოალიციის წევრი, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე.

მერიის გადაწყვეტილებას მედიაგარემოსთვის დამანგრეველს უწოდებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე:

”ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება დაანგრევს მედიაგარემოს, რადგან თუ მოქალაქეები ინფორმაციას ვერ მიიღებენ, და ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ადამიანი სწორედ პრესით იღებს ინფორმაციას საქართველოში, მათ ძალიან გაუჭირდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება ნებისმიერი არჩევნების დროს.”

კოალიცია დაინტერესებულ პირთა ჯგუფის თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვს - მათ სჭირდებათ არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე, რა სარგებელს მოიტანს პრესის ჯიხურების კვების ობიექტებით ჩანაცვლება სწორედ ამ ადგილებში, მაშინ როცა პრესის გავრცელების საზოგადოებრივი მნიშვნელობა სრულიად ნათელია. კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის” სამი მთავარი მოთხოვნა კი შემდეგია: ”შეჩერდეს ამ საკითხების გარკვევამდე აუქციონები და განახლდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პრესის გავრცელების მყარი გარანტია შეიქმნება, შედგეს ამ საკითხით დაინტერესებულ პირებსა და თბილისის მერს შორის შეხვედრა და პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მედიის შესახებ მედიაექსპერტების მიერ მომზადებული და პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის განხილვა.”

აქვე შეგახსენებთ, რომ მედიის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელშიც დისტრიბუციის სამსახურის შესახებაც იყო კონკრეტული თავი შეტანილი, პარლამენტში განსახილველად ჯერ კიდევ 2010 წელს შევიდა, თუმცა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტს მასზე აღარ უმსჯელია.

ჩვენ, ქართული მედიის წარმომადგენლები, მივიჩნევთ, რომ თბილისის მერიის პროექტს, სათაურით "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა", სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან...
მიმართვის ადრესატები საზოგადოებისა და ხელისუფლების გარდა ის ბიზნესმენებიც არიან, რომლებიც მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ. მაგდა პოპიაშვილი მათ მედიაკლუბის სახელით მოუწოდებს პრესის გამავრცელებლების მიმართ სოლიდარობის ნიშნად ”არ მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში იმ ადგილებზე, სადაც დგას ან 25 ნოემბრამდე იდგა პრესის ჯიხურები, და ამ ნაბიჯით შესაძლებლობა მისცენ იმ პირებს, ვინც წლების განმავლობაში პრესის გავრცელებითაა დაკავებული, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში და შეინარჩუნონ იგივე ადგილები.”

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზი გამართლდა და პრესის ჯიხურების ადგილას მართლაც კვების ობიექტები განთავსდა, მაგდა პოპიაშვილი და კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის” უკვე საზოგადოებას მოუწოდებენ გამოხატონ პროტესტი და არ იყიდონ იქ გამოტანილი პროდუქცია.

28 ნოემბერს გავრცელდა ასევე „საქართველოს პრესის ასოციაციის“ განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის”
კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისათვის”
"ჩვენ, ქართული მედიის წარმომადგენლები, მივიჩნევთ, რომ თბილისის მერიის პროექტს, სათაურით "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა", სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან. ის მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა თავისუფალი პრესის კონტროლქვეშ მოქცევას. აუქციონების გამართვის საბაბით, ამ დღეებში იძულებით შეაწყვეტინეს საქმიანობა არსებული საგაზეთო ჯიხურების ნაწილს. თბილისის მერიის ბოლო ნაბიჯები უკვე დაეტყო ქართული ბეჭდური მედიის ტირაჟებს. ყოველივე ეს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის ჟურნალ-გაზეთებს და აფერხებს თავისუფალი სიტყვის მიღწევას საზოგადოებამდე.”

ასოციაცია მოითხოვს, რომ ეს ე.წ. "ჯანსაღი კონკურენციის" საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და, შესაბამისად, თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები, სადაც მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის შემუშავება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

მიმართვას ხელს აწერს „საქართველოს პრესის ასოციაცია“, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია, "ალია", "ასავალ-დასავალი", "არსენალი", "ახალი ვერსია", "ახალი თაობა", "А и Ф", "ბომონდი", "გზა", „Georgian Journal“, "გუმბათი", "და ქალი", "ერუდიტი", "თბილისელები", "ისტორიანი", "კარუსელი", "კვირის პალიტრა", "ლელო", "ლიტერატურული პალიტრა", "მესინჯერი", "მკურნალი", "მსოფლიო სპორტი", "ოლიმპი", "რეზონანსი", "რეიტინგი", "სარკე", "საერთო გაზეთი", "სიტყვა და საქმე", "საქართველოს რესპუბლიკა", "საქართველო და მსოფლიო", "ყველა სიახლე", "ტვ. ინფოზავრი", "ქართული სიტყვა", "ქრონიკა", "ლიბერალი", "მედია.ჯი".

თბილისის მერია პასუხად ამბობს, რომ ინტერნეტაუქციონის გამოცხადებით მათ ყველა დაინტერესებული პირი თანაბარ პირობებში ჩააყენეს. ჯიხურების აღება კი აუქციონამდე დიდი ხნით ადრე მოსთხოვეს იმ კომპანიებს, რომლებსაც მერიასთან საიჯარო ხელშეკრულების ვადა დარღვეული ჰქონდათ:

”ვაჭრობის სექტორში მოთამაშეთაგან რომელიმე კატეგორია რომ ყოფილიყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ეს სხვა ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევდა და მართალიც იქნებოდა. თუ ჩვენ ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალ ბაზარზე ვსაუბრობთ, მაშინ ამ პრინციპებს უნდა მივსდიოთ. თბილისში, ყველა იმ ადგილას, სადაც უნებართვოდ დგას ჯიხური, ანუ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა აქვს გასული, ცხადია, იქ ეს ჯიხური ვეღარ დარჩება. ამის შესახებ ჩვენ აუქციონამდე დიდი ხნით ადრე გავაფრთხილეთ მათი მფლობელები.”

ბაჩო დოლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე ამბობს, რომ ქალაქში დღემდე რჩება არაერთი ჯიხური, რომლებზეც ამ დრომდე ვაჭრობა არ შემდგარა. ამ ადგილების საიჯარო ფასები, მისი თქმით, საკმაოდ დაბალია და 1000-2000 ლარს შეადგენს წელიწადში.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, უსაფუძვლოა პრესის გამავრცელებლების განცხადებები, რომ ეს მათთვის წინასწარ წაგებული აუქციონია?

ბაჩო დოლიძე: „აბსოლუტურად. ეს ნიშნავს, რომ ისინი ამბობენ: მე მინდა გავყიდო ის საქონელი, რაც მსურს, და ამაში არაფერი გადავიხადო. ეს კი დაანგრევს იმ პრინციპს, რასაც ჩვენ ვეყრდნობით და არასამართლიან პირობებში ჩააყენებს იმ პირებს, რომლებიც აუქციონში მონაწილეობენ.”

თუმცა არც მედია და არც პრესის გამავრცელებელი კომპანიები ასე არ ფიქრობენ. ამის დასტურად, სამშაბათს მერიის წინ პრესის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG